სამეგრელოში, სოფელ ნოჯიხევში, პენსიონერი ქალი დააყაჩაღეს. როგორც ქალი “მთავარ არხს” ეუბნება, შემთხვევა ღამის 4 საათზე მოხდა.
მისი თქმით, მასთან სახლში მისული პირები ფულს ითხოვდნენ და ფიზიკურად გაუსწორდნენ.
“4 საათი იყო კომენდატის და მაში მოვიდნენ. უცებ ამოყარე ახლა ფულებიო… სად მაქვს, ბიჭო, ფულები, აგერ მაქვს, რაც მაქვს ყველაფერი და არ მომკლათ-მეთქი, ვუთხარი. ყველაფერი წაიღეთ-მეთქი, არა, კაცო, არაფერი არ გვინდა, ფული გვინდაო. დაიარეთ ყველგან და თუ ნახავთ, თქვენი იყოს ყველაფერი-მეთქი და მცემეს…
უცებ რომ შემოვედი, ხელები შემიკრეს, უკან წამიღეს ხელები და დამაგდეს ქვევით. ქვევით რომ დამაგდეს, სულ მუშტები მირტყეს. ეგერ რაღაც კაპიკები რომ არის, წაიღეთ-მეთქი, ვუთხარი და ეს არ გვყოფნისო ჩვენ, ფულზე ვართო მოსული… მიდი, ბიჭო, გამოიტანეო უთო, მოიტანეს და ჩართეს”, — ამბობს დაზარალებული, რომელსაც სახის არეში მძიმე დაზიანებები ეტყობა.
როგორც ნეტგაზეთს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის 179-ე მუხლით დაიწყო, რაც ყაჩაღობას გულისხმობს.
