ზურა ჯაფარიძე პარტია „გირჩში“ მიმდინარე მოვლენებზე საუბრისას, ამბობს, რომ ის ამ სისტემის ნაწილი აღარ იქნება და ცალკე სისტემას გააკეთებს.
ჯაფარიძემ დღეს ტელეკომპანია „მთავარის“ ეთერში კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ მისი გზები ყოფილ თანაპარტიელებთან – ვახტანგ მეგრელიშვილთან, იაგო ხვიჩიასა და ალექსანდრე რაქვიაშვილთან, საბოლოოდ გაიყო.
„მე ცალკე ვაპირებ „გირჩის“ კეთების გაგრძელებას,“ – ამატებს ის.
კითხვაზე, რას გულისხმობს ის ამაში და ვისთან რჩება პარტიის წევრთა დიდი ნაწილი, ჯაფარიძე პასუხობს:
„გააჩნია, რაზე ვსაუბრობთ. თუ [საჯარო] რეესტრის რაიმე ამონაწერზეა საუბარი, ეგ ჩემთვის არასდროს ყოფილა საინტერესო. ბოლოს როდის ვნახე ეგ ფურცელი აღარ მახსოვს. ისევე, როგორც „გირჩს“ აქვს თავისი სისტემა, რომლიდანაც მე გავალ უბრალოდ და გავაგრძელებ იმის კეთებას…
ჩვენ გვაქვს რაღაც პორტალი, ცალკე სისტემა გვაქვს აწყობილი, რომელზეც იყო დაშენებული ბევრი რაღაც. მე მაინტერესებდა სახელი და გირჩის [ფეისბუკ] ფეიჯი, შევთავაზე მათ შორის, რომ გადაგვეწყვიტა დემოკრატიული გზით და „ბაბლში“ [შიდა ჯგუფში] ხმის მიცემა ყოფილიყო.. საბოლოო ჯამში პასუხი არ გამცეს და ჩავთვალე, რომ უარია.
ამაზე ჩემი გადაწყვეტილება, რომელზეც პირველად ვლაპარაკობ, არის ის, რომ მე ამ სისტემის ნაწილი აღარ ვიქნები, ცალკე ახალ სისტემას ავაწყობ და გავაკეთებ „გირჩს“,“ – განმარტავს ის და ამატებს, რომ მის გარშემო უამრავი ადამიანია.
კითხვაზე, კონკრეტულად რას გეგმავს ის, ჯაფარიძე ამბობს, რომ გააგრძელებს იმის კეთებას, რასაც მანამდე აკეთებდა.
„ამ წუთში მე არ მჭირდება არანაირი ფორმალური დოკუმენტი, იმიტომ, რომ სახელმწიფოსთან შეხება არ მაქვს. მაგრამ თუ დამიდგება ასეთი საკითხი, მაგალითად, არჩევნებში მონაწილეობა – ეგეთ ქაღალდს გავაკეთებ,“ – ამატებს ის.
დამატებით კითხვაზე, მათ შორის, ვინ იქნება საარჩევნო სუბიექტი „გირჩი“, ჯაფარიძე ამბობს, რომ ეს სახელი მას უკავშირდება, მეორე ჯგუფი რას აპირებს – არ იცის.
„მე პრობლემებზე არ ვლაპარაკობ ზოგადად. არასწორი მგონია, რაც უნდა იყოს, ერთადერთი იმის თქმა შემიძლია, რომ ჩემი ბრალია, პასუხისმგებლობაც თავიდან ბოლომდე ჩემია, ზიანიც ჩემია. თუ ვინმეს მიადგა რეპუტაციული ზიანი – ეს მე ვარ და მესმის, რომ ამის გამოსწორებას ბევრი დრო და შრომა დასჭირდება.
სხვა ნებისმიერი საუბარი ამას გარდა, არასწორი მგონია. ნებისმიერი საუბარი რაღაც ტიპის პრობლემებზე, ყველა შემთხვევაში იქნება – მე კარგი ვარ, ისინი ცუდიო. ეს არ მგონია ადამიანური,“ – ამატებს ის.
ჯაფარიძე ამ ასევე დასძენს, რომ სწორი ადამიანები ვერ შეარჩია იმ მიზნისთვის, რასაც მზარდი და ძლიერი პოლიტიკური ორგანიზმის მშენებლობა ჰქვია.
„გირჩის“ ლიდერმა ზურაბ ჯაფარიძემ 4 დეკემბერს თქვა, რომ აღარ აპირებს იაგო ხვიჩიასთან, ვახტანგ მეგრელიშვილთან და ალექსანდრე რაქვიაშვილთან ერთად „გირჩის კეთებას“
