ახალი ამბები

დაპირისპირება პარლამენტთან: პოლიციამ 2 აქტივისტი დააკავა

5 დეკემბერი, 2020 • 756
დაპირისპირება პარლამენტთან: პოლიციამ 2 აქტივისტი დააკავა

პარლამენტის უკანა შესასვლელთან მომხდარი დაპირისპირებისას პოლიციამ ორი ადამიანი დააკავა.

აქტივისტები ცდილობდნენ, შესასვლელთან აღმართულ რკინის ბარიერებზე წარწერები და სტიკერები განეთავსებინათ, რასაც პოლიციის წინააღმდეგობა მოჰყვა.

“მივდიოდით და უნდა გაგვეკეთებინა საბჭოთა კავშირის სიმბოლიკები აღნიშნულ რკინის ჯებირზე. პოლიცია მოიქცა ძალიან აგრესიულად და სამოქალაქო აქტივისტებს არ მისცა უფლება, რომ საკუთარი კონსტიტუციური უფლებით ესარგებლათ”, – უთხრა პროტესტის ერთ-ერთმა მონაწილემ “ტვ პირველს”.

შსს-ს ცნობით, ორივე დაკავებულის მიმართ გამოძიება ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით, პოლიციისათვის წინააღმდეგობის გაწევის მუხლით მიმდინარეობს.

აქტივისტებმა რამდენიმე დღის წინაც სცადეს პარლამენტთან პროტესტის გამოხატვა ამავე ფორმით. პოლიცია მათ მაშინაც შეეწინააღმდეგა და ორი ადამიანი დააკავა. მესამე აქტივისტს მათი დაკავებისას პოლიციის ავტომობილის კარში ჩაყვა ხელი.

პარლამენტთან აქცია რამდენიმე დღეა, გრძელდება. აქტივისტებს, რომლებიც 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებს გაყალბებულად მიიჩნევენ, ადგილზე კარავი აქვთ გაშლილი.

მასალების გადაბეჭდვის წესი