ახალი ამბები

არ მგონია, რომ ეს იყო მუქარა – რაქვიაშვილი ჯაფარიძის განცხადებაზე

5 დეკემბერი, 2020 •
არ მგონია, რომ ეს იყო მუქარა – რაქვიაშვილი ჯაფარიძის განცხადებაზე

“გირჩის” წევრის, ალექსანდრე რაქვიაშვილის თქმით, ზურაბ ჯაფარიძის განცხადება მის მიმართ მუქარასთან დაკავშირებით უკონტექსტოა. აღნიშნულის შესახებ რაქვიაშვილმა “ნეტგაზეთთან” სატელეფონო ინტერვიუს დროს ისაუბრა.

საქმე ეხება ზურაბ ჯაფარიძის პოსტს, რომელიც მან “გირჩის” შიდა ჯგუფში 5 დეკემბრის დილას დაწერა. მისი თქმით, პარტიის წევრები, რომლებთან ერთადაც თანამშრომლობის გაგრძელებას აღარ აპირებს, მას დაემუქრნენ და ურჩიეს, რომ თავად წასულიყო პარტიიდან.

ზურაბ ჯაფარიძის თქმით, ეს საუბარი მოჰყვა მის შეთავაზებას იაგო ხვიჩიას, ვახტანგ მეგრელიშვილისა და ალექსანდრე რაქვიაშვილისადმი, რომლის მიხედვითაც ჯაფარიძესთან რჩება მხოლოდ პარტიის სახელი და გვერდი, ხსენებულ სამეულთან კი – ყველაფერი დანარჩენი, მათ შორის, ფეისბუქ ჯგუფები, ვებგვერდი, ავეჯი, ინვენტარი და სხვ.

ვრცლად: მივიღე მუქარა, რომ გავნადგურდებოდი – ჯაფარიძე მეგრელიშვილზე, ხვიჩიასა და რაქვიაშვილზე

რაქვიაშვილის პასუხი

რაქვიაშვილის თქმით, ეს საუბარი ჩატში შედგა, თუმცა ჯაფარიძეს არავინ დამუქრებია და საუბარი იყო იმაზე, რომ მისი შეთავაზება არასერიოზულია.

“არ მგონია, რომ ეს მუქარა იყო. ბოლომდე დაედო მაშინ პასუხი. პასუხი იყო ის, რომ ეს[ჯაფარიძის შემოთავაზება] არასერიოზულია და ლაპარაკი სჭირდება. დიდ კომენტარში, რომელიც იაგოსგან[ხვიჩიასგან] წამოვიდა, იყო სხვადასხვა სიტყვები. თუ სიტყვებს ცალ-ცალკე ამოვგლეჯთ, მათ სხვადასხვა ინტერპრეტაცია შეიძლება მიეცეს. მთავარი აქ არის უფრო ის, რომ გაუგებარია, რას ითხოვს ზურა.

…თან მუქარაზე ისე ამბობს, რომ გეგონება, ყველამ დავემუქრეთ. ძალიან უცნაური, არაგამჭვირვალე კომუნიკაცია აქვს მესიჯებითა და პოსტებით. მე მაქვს იმედი, რომ საუბარი შედგება რაღაც მომენტში, თუნდაც საჯაროდ”, – ამბობს ალექსანდრე რაქვიაშვილი.

“ნეტგაზეთის” დამაზუსტებელ კითხვას, იყო თუ არა ჯაფარიძის მიმართ რეპლიკა, რომ “განადგურდებოდა” ანდა მოწოდება პარტიიდან წასვლაზე, რაქვიაშვილმა ასე უპასუხა:

“არა. არსად წასვლაზე არ იყო საუბარი. სწორედ ამაშია საქმე, რომ გაურკვეველია, ვინ სად მიდის… კომენტარის ზოგადი შინაარსი იყო ის, რომ იაგომ ჩათვალა [ჯაფარიძს შემოთავაზება] არასერიოზულად და გამოთქვა სხვადასხვა ვერსიები, რომლებიც ამ არასერიოზულობას აღწერდა. მეტი არაფერი. იმ ვერსიებში იყო ბევრი სხვადასხვა სიტყვა გამოყენებული. ზურამ გადაწყვიტა, რომ ეს სიტყვები ასე ჩამოეყალიბებინა. ეს მისი საქმეა”.

რაქვიაშვილის განცხადებით, ზურაბ ჯაფარიძის შეთავაზება გაუგებარია და ელოდება მომენტს, როდესაც მხარეები დასხდებიან და არა ვირტუალურ სივრცეში, არამედ პირისპირ დაილაპარაკებენ.

“სახელი რას ნიშნავს? ნიშნავს იმას, რომ პარტია რჩება, [თუმცა] თავად[ჯაფარიძე] სხვა პარტიას დააარსებს და “გირჩს” დაარქმევს? ან ჩვენ წავალთ და რას წავიღებთ, პარტიის დოკუმენტებს?

…მგონი, ავეჯი ყველაზე ნაკლებად აინტერესებთ ადამიანებს ასეთ სიტუაციაში. პარტიის ოფისი ჩვენს საკუთრებაში მაინც არ არის.

სიმართლე გითხრათ, სრულიად მეორე ხარისხოვნად მიაჩნია ეს გაყოფა და ა.შ. სანამ საუბარი არ შედგება და არ იქნება დასახეკებული მიზეზები, სურვილები, მოთხოვნები, ზუსტად რა არის საჭირო… მე დაველოდები ამ შესაძლებლობას”.

“ნეტგაზეთი” ამ დრომდე ვერ ახერხებს იაგო ხვიჩიასთან დაკავშირებას. ვახტანგ მეგრელიშვილი კი ამბობს, რომ პარტიის შიდა სააკითხების მედიასთან განხილვა აღარ სურს.

“გირჩი იყოფა”

„გირჩის“ ლიდერმა ზურაბ ჯაფარიძემ პარტიის შიდა ჯგუფში 4 დეკემბერს დაწერა, რომ აღარ აპირებს იაგო ხვიჩიასთან, ვახტანგ მეგრელიშვილთან და ალექსანდრე რაქვიაშვილთან ერთად „გირჩის კეთებას“:

„სამწუხაროდ, ერთი მხრივ, ჩემი, ხოლო მეორე მხრივ, იაგოს, ვახოს და სანდროს გზები გაიყო. მე აღარ ვაპირებ მათთან ერთად გირჩის კეთებას. ბევრი მიზეზის გამო, მაგრამ არა იაგოს განცხადების შინაარსის გამო“.

წინა დღეს ჯაფარიძე გამოეხმაურა იაგო ხვიჩიას ნათქვამს ბავშვთა პორნოგრაფიასთან დაკავშირებით.  ბავშვთა პორნოგრაფიის შეძენა-მოხმარების გამო შსს-ს მიერ მოქალაქის დაკავების შემდეგ ფეისბუკზე ხვიჩიამ დაწერა:

„ანუ? პორნო გადმოწერა, დაასეივა [შეინახა], ერთხელაც გადაწყვიტა ესარგებლა და დაიჭირეს? სულ გააფრინეს“, – დაწერა ხვიჩიამ ფეისბუკზე. ჯაფარიძემ რამდენიმედღიანი დუმილის შემდეგ განაცხადა, რომ ხვიჩიას ნათქვამი „არასწორია“, მაგრამ „არა შინაარსის გამო“.

გირჩი იყოფა – ვინ რჩება პარტიაში?

მასალების გადაბეჭდვის წესი