ახალი ამბები

მივიღე მუქარა, რომ გავნადგურდებოდი – ჯაფარიძე მეგრელიშვილზე, ხვიჩიასა და რაქვიაშვილზე

5 დეკემბერი, 2020 •
მივიღე მუქარა, რომ გავნადგურდებოდი – ჯაფარიძე მეგრელიშვილზე, ხვიჩიასა და რაქვიაშვილზე

“გირჩის” ლიდერის, ზურაბ ჯაფარიძის თქმით, პარტიის წევრები, რომლებთან ერთადაც თანამშრომლობის გაგრძელებას აღარ აპირებს, მას დაემუქრნენ და ურჩიეს, რომ თავად წასულიყო პარტიიდან. აღნიშნულის შესახებ ჯაფარიძემ “გირჩის” შიდა ჯგუფში დაწერა.

ზურაბ ჯაფარიძის თქმით, ეს საუბარი მოჰყვა მის შეთავაზებას იაგო ხვიჩიას, ვახტანგ მეგრელიშვილისა და სანდრო რაქვიაშვილისადმი, რომლის მიხედვითაც ჯაფარიძესთან რჩება მხოლოდ პარტიის სახელი და ფეისბუქ გვერდი, ხსენებულ სამეულთან კი – ყველაფერი დანარჩენი.

“…მათ რჩებათ ყველაფერი დანარჩენი – ბიბლიური თავისუფლება თავის შემოსავლებით, პორტალი თავის ჯედებით, ვებგვერდი, ფბ ჯგუფები, ავეჯი, ინვენტარი და ა.შ.” – წერს ჯაფარიძე.

მისი თქმით, საპასუხოდ მიიღო მუქარა და შეთავაზება, რომ პარტიიდან თავად წავიდეს.

“პასუხად მივიღე: ჯერ რჩევა რომ ‘დავოკებულიყავი’ შემდეგ მუქარა რომ ‘გავნადგურდებოდი’ შემდეგ ეჭვი რომ შესაძლოა ‘სუსის კაცი’ ვიყო. ბოლოს კი ისევ რჩევა რომ ჩემი ნებით წავსულიყავი გირჩიდან, რადგან სახელში უკვე მიწერია გირჩი და ეგ უნდა ვიმყოფინო ამ პასუხიდან გამომდინარე, დღეს კიდევ ერთხელ, ამჯერად საჯაროდ, ვთავაზობ ამ ადამიანებს ცივილიზებულ გაყრას”, – აღნიშნავს ის.

ამასთან, ამავე ჯგუფში დაიწყო ონლაინ გამოკითხვა. კითხვა ასეთია: “თუ მოხდა გირჩის გაყოფა, ვის უნდა დარჩეს გირჩის ფეიჯი და გირჩის სახელი”.

“ნეტგაზეთი” ცდილობს ჯაფარიძის პოსტის ადრესატებთან დაკავშირებას და მათ პასუხებს მიღებისთანავე შემოგთავაზებთ.


„გირჩის“ ლიდერმა ზურაბ ჯაფარიძემ 4 დეკემბერს თქვა, რომ აღარ აპირებს იაგო ხვიჩიასთან, ვახტანგ მეგრელიშვილთან და ალექსანდრე რაქვიაშვილთან ერთად „გირჩის კეთებას“.

გირჩი იყოფა – ვინ რჩება პარტიაში?

მასალების გადაბეჭდვის წესი