ახალი ამბები

ოპოზიციამ საკუთარი მოთხოვნები ელჩებს წერილობით გადასცა

4 დეკემბერი, 2020 • 1332
ოპოზიციამ საკუთარი მოთხოვნები ელჩებს წერილობით გადასცა

აშშ-ის ელჩის მოადგილის რეზიდენციაში ოპოზიციის ლიდერებთან შეხვედრა დასრულდა. როგორც შეხვედრის შემდეგ ოპოზიციის ლიდერებმა განაცხადეს, ელჩებთან წინადადებათა პაკეტი წერილობით მიიტანეს, რომელსაც დიპლომატები “ქართულ ოცნებას” გააცნობენ. ოპოზიცია “ქართული ოცნებისგან” პასუხსაც წერილობით ელის.

როგორც “ევროპული საქართველოს” ერთ-ერთმა ლიდერმა დავით ბაქრაძემ განაცხადა, ოპოზიცია თავის წინადადებათა პაკეტს “ქართული ოცნებისგან” პასუხის მიღების შემდეგ გაასაჯაროებს.

“დღევანდელი შეხვედრა ელჩებთან ძალიან მნიშვნელოვანი იყო, ვინაიდან ოპოზიციამ კიდევ ერთხელ დააფიქსირა საკუთარი შეჯერებული და ერთიანი პოზიცია და ამ პოზიციის დაფიქსირება მოხდა ძალიან დეტალურად გაწერილი დოკუმენტური ფორმით. ანუ ყველა ის მოთხოვნა, რაც არსებობდა ოპოზიციის მხრიდან და ჩვენი ხედვა, როგორ უნდა განიმუხტოს კრიზისი, ჩამოყალილებებული, დეტალური წერილობითი პოზიციის სახით გადავეცით ელჩებს. ჩვენი თხოვნა იყო, რომ მათ, როგორც ფასილიტატორებმა, ეს ოფიციალურად მიაწოდონ “ქართულ ოცნებას” და ველოდებით ასეთივე ოფიციალურ დოკუმენტირებულ პასუხს “ქართული ოცნებისგან”, — განაცხადა ბაქრაძემ.

მისივე თქმით, ოპოზიციის შეთავაზება შესაბამისობაშია იმ პრინციპებთან, რასაც აქამდე აყალიბებდა.

“ჩვენი პოზიცია პარლამენტის ბოიკოტთან დაკავშირებით არის უცვლელი, ვინაიდან არაფერი ისეთი, რაც ამ პოზიციას შეგვაცვლევინებდა, “ქართული ოცნებისგან” არ მოსულა. “ქართული ოცნებისგან” შემოთვლილი იყო გარკვეული წინადადებები, ძალიან ბუნდოვანი და არასრულყოფილი სახით, რა წინადადები, ამას ვერ გეტყვით”, — განაცხადა ბაქრაძემ.

დღევანდელ შეხვედრას “ნაციონალური მოძრაობიდან” კობა ნაყოფია ესწრებოდა. მისი თქმით, ოპოზიციის მოთხოვნებში ფუნდამენტური ცვლილებები არ შესულა და მოთხოვნები უბრალოდ წერილობით დააკონკრეტეს.

“რაც ნიშნავს იმას, რომ ჩვენი მოთხოვნები, რაც იყო დაკავშირებული ახალ არჩევნებთან, პოლიტიკურ პატიმრებთან თუ სხვა საკითხბეთან დაკავშირებით, ყველაფერი ძალაში რჩება”, — განაცხადა ნაყოფიამ.

მან ასევე განმარტა, რატომ არ ესწრებოდა “ნაციონალური მოძრაობის” თამჯდომარე გრიგოლ ვაშაძე ელჩებთან დღევანდელ შეხვედრას. როგორც წესი, პარტიის სახელით დიპლომატებთან შეხვედრებს სწორედ გრიგოლ ვაშაძე მართავდა. ნაყოფიას თქმით, ვაშაძეს დღეს სხვა შეხვედრები ჰქონდა ჩანიშნული.

ვაშაძე არც დღევანდელ ენმ-ის პოლიტსაბჭოს სხდომას დასწრებია, რომელიც ელჩებთან შეხვედრამდე გაიმართა. როგორც ნაყოფია ამბობს, ვაშაძე საქმის კურსშია და იზიარებს ყველა იმ პოზიციას, რა პოზიციასაც პარტია ეთანხმება.

“ბატონ გრიგოლს დაგეგმილი ჰქონდა სხვა შეხვედრები, მათ შორის, სხვა საელჩოებთან. შემდეგ რაუნდზე იხილავთ ბატონ გრიგოლს”, — განაცხადა ნაყოფიამ.

ელჩებთან შეხვედრიდან გამოსული კიდევ ერთი ოპოზიციური პარტიის, “ლელოს” ლიდერმა მამუკა ხაზარაძემ თქვა, რომ უახლოეს ორ დღეში “ქართული ოცნებისგან” პასუხსა და მოლაპარაკებეის მესამე რაუნდს ელიან.

“ჩვენმა ფასილიტატორებმა ელჩებმა გვთხოვეს, რომ მიგვეცა დრო, დაახლოებით 2 დღე, სანამ ჩვენ მივიღებთ “ქართული ოცნებიდან” ჩამოყალიბებულ წინადადებას და ამის მერე იმედია, რომ გაიმართება მესამე რაუნდი, სადაც პოზიციები შეჯერდება ან არ შეჯერდება. ჩვენ ველოდებით უახლოეს ორ დღეში ამ შეხვედრას. თუ არ იქნება რიგგარეშე არჩევნები, თუ არ შეიცვალა ფუნდამენტურად საარჩევნო კოდექსი და დღევანდელი ცესკოს შემადგენლობა, ბუნებრივია, მოლაპარაკება ვერ შედგება”,— განაცხადა ხაზარაძემ.

როგორც “სტრატეგია აღმაშენებლის” ლიდერი გიორგი ვაშაძე ამბობს, დღევანდელ შეხვედრაზე დისკუსიის საჯაროდ დაწყება მოითხოვა, რაზეც ელჩებმა სთხოვეს, რომ ორი დღე მოეცადა.

“ალბათ, კიდევ რამდენიმე დღე მოგვიწევს დალოდება და ამის შემდეგ აუცილებლად საჯაროდ უნდა გამოვიდეთ. პირადად ჩემი თხოვნა იყო, რომ საჯაროდ დაგვეწყო დისკუსია ყველა საკითხზე. ეს ორი დღე გვთხოვეს მედიატორებმა და ამის შემდეგ გავასაჯაროებთ ყველაფერს”, — განაცხადა ვაშაძემ.

ელჩებთან დღევანდელი შეხვედრა წინ გადადგმულ “პატარა, ფრთხილ ნაბიჯად” შეაფასა პარტია მოქალაქეების ლიდერმა ალეკო ელისაშვილმა.

“ქართული ოცნებისგან” კომპრომისს რომ არ ველოდეთ და დათმობას მოლაპარაკების პროცესში, არც ჩვენ ვართ პატარა ბავშვები, რომ გვეწვალა და არც ელჩები არიან პატარა ბავშვები, რომ ვაწვალებდეთ”, — განაცხადა ელისაშვილმა.

ამასთან, დღევანდელ შეხვედრას არ ესწრებოდნენ ორი ოპოზიციური პარტიის — “ლეიბორისტული პარტიისა” და “პატრიოტთა ალიანსის” წარმომადგენლები. მათი არდასწრების მიზეზი სხვა ოპოზიციურ პარტიებს მედიასთან არ განუმარტავთ.

ოპოზიციის მიერ საპარლამენტო არჩევნების შედეგების არაღიარების შემდეგ, მმართველ გუნდსა და ოპოზიციას შორის უცხოელი დიპლომატების შუამავლობით შეხვედრები იმართება. პოლიტიკური კრიზისის დასაძლევად უკვე გაიმართა მოლაპარაკებების ორი რაუნდი და მხარეები მესამე რაუნდის მოლოდინში არიან.

მასალების გადაბეჭდვის წესი