ნეტგაზეთი | შესაძლოა, ბადრი ესებუაზე საერთაშორისო ძებნა გამოაცხადონ შესაძლოა, ბადრი ესებუაზე საერთაშორისო ძებნა გამოაცხადონ – Netgazeti
RU | GE  

შესაძლოა, ბადრი ესებუაზე საერთაშორისო ძებნა გამოაცხადონ

შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური არ გამორიცხავს, რომ ზუგდიდში “საქართველოს ბანკზე” თავდასხმის ბრალდებით ძებნილი ბადრი ესებუა საერთაშორისო ძებნილად გამოცხადდეს.

გომელაურს ჟურნალისტმა ჰკითხა, ხომ არ იგეგმება ესებუას საერთაშორისო ძებნილად გამოცხადება, რაზეც მან უპასუხა: “გამოვაცხადებთ, ალბათ”.

“გამოძიებამ ძებნილად გამოაცხადა ეს ადამიანი და მისი ადგილსამყოფელის დადგენისა და დაკავების ღონისძიება მიდის”, — განაცხადა გომელაურმა.

ჟურნალისტის კითხვაზე, ხომ არ უკავშირდება ბოლო დროს ბანკებზე თავდასხმების გახშირება “ესებუას ეფექტს”, გომელაური პასუხობს:

“ერთი შემთხვევა იყო და დავაკავეთ ეს ადამიანი. გახშირდა არის, 10-20 რომ მოხდება. ბანკებში ყაჩაღობის შემთხვევა ყოველ წელს და ყოველთვის ხდებოდა. ხელყუმბარით შევარდნა, რაც მოხდა, დავაკავეთ”, — აცხადებს გომელაური.

ზუგდიდში, “საქართველოს ბანკის” შენობაში ნიღბიანი და შეიარაღებული პირი 21 ოქტომბერს შეიჭრა. მას რამდენიმე საათის განმავლობაში მძევლად ჰყავდა აყვანილი მოქალაქეები, მათი გათავისუფლების სანაცვლოდ კი 500 ათას აშშ დოლარს და უსაფრთხოების გარანტიებს ითხოვდა.

თანხის გადაცემის შედეგ თავდამსხმელმა 3 მძევალთან ერთად, რომელთა შორის იყო სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი ავთანდილ გალდავა, ბანკის შენობა დატოვა. რამდენიმე საათის შემდეგ შინაგან საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ყველა მძევალი, მათ შორის, ავთანდილ გალდავაც, გათავისუფლებული იყო. არცერთ მათგანს დაზიანებები არ აღენიშნებოდა და მათ სიცოცხლესა და ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრებოდა. 26 ოქტომბერს შსს-მ განაცხადა, რომ “საქართველოს ბანკზე” თავდამსხმელი ბადრი ესებუაა.

ზუგდიდში ბანკზე თავდამსხმელი ბადრი ესებუაა – შსს

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი