ახალი ამბები

ენმ-ის პოლიტსაბჭო ვაშაძის გარეშე გაიმართა და მანდატებზე უარის თქმაზე შეთანხმდა

4 დეკემბერი, 2020 • 2026
ენმ-ის პოლიტსაბჭო ვაშაძის გარეშე გაიმართა და მანდატებზე უარის თქმაზე შეთანხმდა

“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ოფისში პოლიტსაბჭოს სხდომა გაიმართა, რომელსაც პარტიის თავმჯდომარე გრიგოლ ვაშაძე არ ესწრებოდა.

როგორც სხდომის შემდეგ პარტიის ლიდერებმა — ნიკა მელიამ და ზალიკო უდუმაშვილმა — განაცხადეს, პოლიტსაბჭოზე ერთხმად მიიღეს გადაწყვეტილება საპარლამენტო მანდატებზე უარის თქმის შესახებ.

“გადაწყვეტილება იმასთან დაკავშირებით, რომ გაყალბებული არჩევნების შემდეგ პარლამენტში “ნაციონალური მოზრაობის” თუნდაც ერთი წარმომადგენელი მაინც განიხილავს შესვლას, არის უბრალოდ “ქართული ოცნების” ოცნება. პოლიტსაბჭოს სხდომის ფორმატში კიდევ ერთხელ მკაფიოდ დაფიქსირდა, რომ თუ ამ ქვეყანაში ახალი არჩევნები არ ჩატარდება, რაც ერთადერთ გამოსავლად გვესახება პოლიტიკური კრიზისიდადნ, ენმ არ იქნება ფასადური დემოკრატიისთვის ხელშემწყობი პოლიტიკური პარტია. ენმ ვერ იქნება პარლამენტში იმიტომ, რომ ეს არის ღალატი საკუთარი ხალხის”, – განაცხადა ენმ-ის პოლიტიკური საბჭოს თავმჯდომარემ ნიკა მელიამ.

ენმ-ის წევრმა ზაალ უდუმაშვილმა განაცხადა, რომ გრიგოლ ვაშაძე და სხვა რამდენიმე წევრი სხვადასხვა მიზეზების გამო ვერ ესწრებოდა პოლიტსაბჭოს სხდომას, მაგრამ კვორუმი შედგა და პარტიამ ერთხმად მიიღო გადაწყვეტილება, უარი თქვას საპარლამენტო მანდატებზე, თუ ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები არ დაინიშნება.

“ნეტგაზეთმა” სცადა გრიგოლ ვაშაძესთან დაკავშირება, თუმცა ჩვენს ზარებს არ უპასუხა. ენმ-ში აცხადებენ, რომ გრიგოლ ვაშაძე იზიარებს პარტიის პოლიტსაბჭოს გადაწყვეტილებას.

მანამდე ენმ-ის თავმჯდომარემ გრიგოლ ვაშაძემ- ისე, რომ ამის შესახებ პარტიის სხვა ლიდერებმა არ იცოდნენ- გაავრცელა წერილი, რომელშიც აღნიშნა, რომ “ქუჩა ყველა დონის საკანონმდებლო ორგანოს ტრიბუნით უნდა ჩანაცვლდეს”. მოგვიანებით, აღნიშნულთან დაკავშირებით მეორე წერილი გაავრცელა და პირველი განცხადება განმარტა.

ვაშაძე მე-2 განცხადებას ავრცელებს და პოზიციას განმარტავს

 

მასალების გადაბეჭდვის წესი