ახალი ამბები

ბიზნესსექტორის ბრუნვა გაიზარდა, პროდუქციის გამოშვება კი შემცირდა | საქსტატი

4 დეკემბერი, 2020 • 1453
ბიზნესსექტორის ბრუნვა გაიზარდა, პროდუქციის გამოშვება კი შემცირდა | საქსტატი

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ გამოქვეყნებული 2020 წლის მე-3 კვარტლის მონაცემების მიხედვით, გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, საქართველოში ბიზნესსექტორის ბრუნვა 0.6 პროცენტით გაიზარდა და 29.2 მილიარდი ლარი შეადგინა, თუმცა 8.8 პროცენტით შემცირდა პროდუქციის გამოშვების მაჩვენებელი და საბოლოოდ 11.6 მილიარდით განისაზღვრა.

საქსტატის ინფორმაციით, 2020 წლის III კვარტალში მთლიანი ბრუნვის 57.1 პროცენტი მოდის მსხვილ ბიზნესზე, 17.7პროცენტი – საშუალოზე, ხოლო 25.2 პროცენტი – მცირე ბიზნესზე ნაწილდება. მცირედით განსხვავებული მდგომარეობაა პროდუქციის მთლიანი გამოშვების შემთხვევაში: მსხვილ ბიზნესზე მოდის პროდუქციის გამოშვების 40.3 პროცენტი, საშუალოზე – 27.6 პროცენტი, ხოლო მცირე ბიზნესზე – 32.1 პროცენტი.

ბრუნვისა და გამოშვების განაწილება ბიზნესის მოცულობის ტიპის მიხედვით/საქსტატი

სტატისტიკის სამსახურის ცნობით, 2020 წელს შემცირდა ბიზნესსექტორში დასაქმებული მოქალაქეების რიცხვიც. ამა წლის მესამე კვარტალში დასაქმებულთა რიცხვი 645.6 ათასი კაცით განისაზღვრა, რაც გასული წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე 7.2 პროცენტით ნაკლებია. დასაქმებულთა მთლიანი რაოდენობიდან 40.8 პროცენტი ქალია, ხოლო 59.2 პროცენტი – კაცი.

2020 წლის მესამე კვარტალში წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით ბიზნეს სექტორში დასაქმებულთა რიცხვი 250.4 ათასით შემცირდა/საქსტატი

2020 წლის III კვარტალში ბიზნესსექტორის ბრუნვის სტრუქტურაში ყველაზე მაღალი წილი – 38.3 პროცენტი მოდის ვაჭრობის დარგზე (ავტომობილების და მოტოციკლების რემონტის ჩათვლით). მეორე ადგილზეა ხელოვნება, გართობა და დასვენება 28.4- პროცენტიანი წილით, შემდეგ მოდის დამამუშავებელი მრეწველობა – 9.7- პროცენტიანი წილით, მშენებლობა – 7.9- პროცენტიანი წილით, ტრანსპორტი და დასაწყობება – 4.5- პროცენტიანი წილით, ელექტროენერგიის, აირის, ორთქლის და კონდიცირებული ჰაერის მიწოდება -2.6- პროცენტიანი წილით, ხოლო დარჩენილი 8.7 პროცენტი კი სხვა დარგებზე ნაწილდება.

2020 წლის III კვარტალში ბიზნესსექტორის პროდუქციის გამოშვებაში პირველ და მეორე ადგილებს იკავებს დამამუშავებელი მრეწველობა (23.7 პროცენტი) და მშენებლობა (20.7 პროცენტი), შემდეგ მოდის ვაჭრობა (18.8 პროცენტი) და ტრანსპორტი და დასაწყობება – 8.3- პროცენტიანი წილით, ხოლო დანარჩენ დარგებს სტრუქტურაში 28.5- პროცენტიანი წილი უჭირავს.

საქსტატის ინფორმაციით, დასაქმებულთა უდიდესი ნაწილი – 27,5 % მოდის ვაჭრობაზე, 13 % – გადამამუშავებელ მრეწველობაზე, 11.1 % – ჯანდაცვაზე, 9.6% – მშენებლობაზე, 8.1 % – ტრანსპორტსა და ლოჯისტიკაზე, 4.8% – საკვებ ინდუსტრიაზე და 25.9 % სხვა სექტორებზე.

მასალების გადაბეჭდვის წესი