მთავრობის საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდგომ გამართულ პრესკონფერენციაზე ამირან გამყრელიძემ განაცხადა, რომ საქართველოში ჯერჯერობით არ არის რეინფიცირების დადასტურებული შემთხვევა, თუმცა კვლევა მიმდინარეობს “2-3 შემთხვევაზე”.
“რამდენიმე სავარაუდო შემთხვევის კვლევა მიმდინარეობს, მაგრამ დადასტურებული ინფორმაცია, რომ ნამდვილად რეინფექცია გვქონდა საქართველოში, ჩვენ არ გვაქვს. გვაქვს რამოდენიმე სავარაუდო შემთხვევა, სადაც მიმდინარეობს განმეორებითი კვლევა და, ამავდროულად, ამ პირების გონომის სეკვერირება, რომელიც დროსა და მაღალ ტექნოლოგიებს საჭიროებს, რომლის საშუალებაც აქვს მხოლოდ ლუგარის ცენტრს”, – აცხადებს ამირან გამყრელიძე.
მისივე თქმით, აღნიშნული პირები, რომლებიც საჭიროებენ დამატებით კვლევებს, პირველად გაზაფხულის ტალღის დროს დაინფიცირდნენ, მოგვიანებით კი განიკურნენ.
“თუმცა ვიკვლევთ, პირველი ინფიცირების დროს ხომ არ მოხდა რაიმე შეცდომა, ეს არ არის მარტივი, რომ დავადასტუროთ, გვაქვს თუ არა რეინფიცირება”, – განაცხადა გამყრელიძემ.
იმის შესახებ, რომ საქართელოში კორონავირუსით რეინფიცირების 3 შემთხვევაა აღრიცხული, თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ხელმძღვანელმა თენგიზ ცერცვაძემ ისაუბრა 3 დეკემბერს.
საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 5068 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა კიდევ 38 ადამიანი. ამავე პერიოდში გამოჯანმრთელდა 2 336 ადამიანი.