ნეტგაზეთი | გამყრელიძის თქმით, ქვეყანა რამდენიმე ვაქცინის მიღების გეგმაზე მუშაობს გამყრელიძის თქმით, ქვეყანა რამდენიმე ვაქცინის მიღების გეგმაზე მუშაობს – Netgazeti
RU | GE  

გამყრელიძის თქმით, ქვეყანა რამდენიმე ვაქცინის მიღების გეგმაზე მუშაობს

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორი ამირან გამყრელიძე ამბობს, რომ საქართველომ კორონავირუსის ვაქცინის მიღების საკითხზე მუშაობა დაიწყო. მეტიც, გამყრელიძის თქმითვე, თვის ბოლოსთვის ქვეყანას ექნება დაახლოებით ოთხი ვაქცინის მიღებისა და დანერგვის გეგმა. ამის შესახებ მან დღეს, 4 დეკემბერს, მთავრობის საკოორდინაციო შტაბის სხდომის დასრულების შემდეგ ისაუბრა

როგორც NCDC-ის ხელმძღვანელი ამბობს, ქვეყნის შესაბამისი უწყებები ვაქცინის ყიდვის საკითხზე მოლაპარაკებებს აწარმოებენ, ხოლო ე.წ. კოვაქს პლატფორმის მეშვეობით საქართველო,  სავარაუდოდ, გაზაფხულზე მიიღებს კორონავირუსის მილიონ დოზაზე მეტ ვაქცინას,

“მინდა მოგახსენოთ, რომ ყოველდღიური ინტენსიური მუშაობა მიმდინარეობს სპეციალური კომიტეტისა, რომელიც ვაქცინებზე მუშაობს ქვეყანაში. ანუ ვაქცინის მიღების მოსამზადებელ გეგმაზე, რომლის წინასწარი მონახაზი იქით კვირაში გვექნება. ამ თვის ბოლოს კი ქვეყანაში უნდა იყოს გეგმა 3-4 შესაძლო ვაქცინის მიღებასა და დანერგვაზე.

გარდა “კოვაქს პლატფორმისა”, საიდანაც საქართველოს უკვე გარანტირებული აქვს 1.4 მილიონი დოზის მიღება (700 ათასი ადამიანისთვის), თუმცა, დიდი ალბათობით, ეს იქნება მარტ-აპრილში, მანამდე ქვეყანა ასევე პარალელური გზებითა და საგარეო საქმეთა სამინისტროსა და ჩვენი საელჩოების საშუალებით ცდილობს, ვაქცინის გარკვეული რაოდენობა რაც შეიძლება ადრე იქნეს ხელმისაწვდომი ჩვენი მოსახლეობისთვის, პირველ რიგში კი, რისკ ჯგუფებისთვის”, – აცხადებს გამყრელიძე.

“კოვაქს პლატფორმა” არის ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ბაზაზე შექმნილი მექანიზმი, რომელიც ყველა ქვეყნისთვის უზრუნველყოფს ვაქცინის თანაბარ ხელმისაწვდომობას.

საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 5068 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა კიდევ 38 ადამიანი. 26 თებერვლიდან დღემდე ქვეყანაში კორონავირუსის 152 704 შემთხვევა დადასტურდა, რომელთაგან გამოჯანმრთელდა 126 904 ადამიანი, ხოლო გარდაიცვალა 1425.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
მარიამ ვარადაშვილი არის ნეტგაზეთის რეპორტიორი 2017 წლის სექტემბრიდან.