ახალი ამბები

ჯერ უცნობია, ვინ წავა და ვინ დარჩება “გირჩში”

4 დეკემბერი, 2020 • 1059
ჯერ უცნობია, ვინ წავა და ვინ დარჩება “გირჩში”

როგორი კონფიგურაციით გაიყოფა “გირჩი”, ჯერჯერობით უცნობია.

როგორც “ნეტგაზეთს” “გირჩის” პრესსამსახურში განუცხადეს, იმასთან დაკავშირებით, თუ ვინ წავა და ვინ რჩება პარტიაში, მოლაპარაკებები ახლა მიმდინარეობს.

„გირჩის“ ლიდერმა ზურაბ ჯაფარიძემ პარტიის შიდა ჯგუფში (რომლის სახელია „გირჩის ბაბლი“), დაწერა, რომ აღარ აპირებს იაგო ხვიჩიასთან, ვახტანგ მეგრელიშვილთან და ალექსანდრე რაქვიაშვილთან ერთად „გირჩის კეთებას“:

„სამწუხაროდ, ერთი მხრივ, ჩემი, ხოლო მეორე მხრივ, იაგოს, ვახოს და სანდროს გზები გაიყო. მე აღარ ვაპირებ მათთან ერთად გირჩის კეთებას. ბევრი მიზეზის გამო, მაგრამ არა იაგოს განცხადების შინაარსის გამო“.

წინა დღეს ჯაფარიძე გამოეხმაურა იაგო ხვიჩიას ნათქვამს ბავშვთა პორნოგრაფიასთან დაკავშირებით. ბავშვთა პორნოგრაფიის შეძენა-მოხმარების გამო შსს-ს მიერ მოქალაქის დაკავების შემდეგ ხვიჩიამ  ფეისბუკზე დწერა:

„ანუ? პორნო გადმოწერა, დაასეივა [შეინახა], ერთხელაც გადაწყვიტა ესარგებლა და დაიჭირეს? სულ გააფრინეს“, – დაწერა ხვიჩიამ ფეისბუკზე.

ჯაფარიძემ რამდენიმედღიანი დუმილის შემდეგ განაცხადა, რომ ხვიჩიას ნათქვამი „არასწორია“, მაგრამ „არა შინაარსის გამო“.

ჯაფარიძე ამბობს, რომ არ აპირებს პარტიის გაყოფის მიზეზების შესახებ საჯაროდ საუბარს.

ზურაბ ჯაფარიძე ჯგუფში პოსტის ბოლოს წერს: „გაჩერებას არ ვაპირებ, გირჩის მთავარი ბრძოლები წინაა“.

ალექსანდრე რაქვიაშვილმა “ტვ პირველთან” საუბარში აღნიშნა, რომ ზურაბ ჯაფარიძემ იაგო ხვიჩიას და სხვებს “გარკვეული ულტიმატუმი” წაუყენა პარტიის მართვიდან ჩამოცილებასთან დაკავშირებით.

“ალბათ, ეს უფრო იაგოს ეხებოდა, პარტიის მართვისგან ჩამოცილება, და მათ შორის [ჩვენ], გარკვეული ცენზურა, რაზე ვილაპარაკოთ და რაზე არ ვილაპარაკოთ. წარმოდუგენელი რამ არის გირჩში, რომ ვიღაცამ ცენზურა დააწესოს თემებზე, თუ პოზიციებზე”, – განაცხადა რაქვიაშვილმა.

მასალების გადაბეჭდვის წესი