ახალი ამბები

საქართველოში COVID-19-ით რეინფიცირების 3 შემთხვევაა დადასტურებული – ცერცვაძე

3 დეკემბერი, 2020 • 2338
საქართველოში COVID-19-ით რეინფიცირების 3 შემთხვევაა დადასტურებული – ცერცვაძე

საქართველოში ახალი კორონავირუსით რეინფიცირების სამი შემთხვევაა დადასტურებული. ამის შესახებ ინფექციური პათოლოგიისა და შიდსის ცენტრის გენერალურმა დირექტორმა, თენგიზ ცერცვაძემ,  “ფორმულას” ეთერში განაცხადა.

“შეიძლება ანტისხეულები გამომუშავდეს და ისინი არ იყვნენ საკმარისი დამცველი პოტენციალით აღჭურვილი… ისევე, როგორც ზოგიერთ კოვიდ გადატანილს დღეს უვითარდება მეტ-ნაკლებად ძლიერი იმუნიტეტი და ზოგს არ უვითარდება”, – თქვა მან.

წამყვანის კითხვის საპასუხოდ, ჰქონია თუ არა პრაქტიკაში შემთხვევა, როცა არ გამომუშავებულა ანტისხეულები და არსებობდა ვირუსით ხელახლა ინფიცირების ალბათობა, ცერცვაძემ თქვა, რომ რეინფიცირების შემთხვევები უკვე გამოვლინდა.

“ხშირად ამბობენ, რომ აი, [ხელახლა] დამემართა და მერე აღმოჩნდება, რომ სხვა რამ დაემართათ. დადასტურებული სამი [შემთხვევაა]”, – თქვა მან.

26 თებერვლიდან დღემდე საქართველოში კორონავირუსის 147 636 შემთხვევა გამოვლინდა, რომელთაგან 124 568 გამოჯანმრთელდა, ხოლო 1 387 გარდაიცვალა.

განახლება 04.12.20

მთავრობის საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდგომ გამართულ პრესკონფერენციაზე ამირან გამყრელიძემ განაცხადა, რომ საქართველოში ჯერჯერობით რეინფიცირების დადასტურებული შემთხვევა არ არის, თუმცა კვლევა მიმდინარეობს “2-3 შემთხვევაზე”.

“რამდენიმე სავარაუდო შემთხვევის კვლევა მიმდინარეობს, მაგრამ დადასტურებული ინფორმაცია, რომ ნამდვილად რეინფექცია გვქონდა საქართველოში, ჩვენ არ გვაქვს. გვაქვს რამოდენიმე სავარაუდო შემთხვევა, სადაც მიმდინარეობს განმეორებითი კვლევა და ამავდროულად ამ პირების გონომის სეკვერირება, რომელიც დროსა და მაღალ ტექნოლოგიებს საჭიროებს, რომლის საშუალებაც აქვს მხოლოდ ლუგარის ცენტრს”, – აცხადებს ამირან გამყრელიძე.

მისივე თქმით, აღნიშნული პირები, რომლებიც საჭიროებენ დამატებით კვლევებს, პირველად გაზაფხულის ტალღის დროს დაინფიცირდნენ, მოგვიანებით კი განიკურნენ.

“თუმცა ვიკვლევთ, პირველი ინფიცირების დროს ხომ არ მოხდა რაიმე შეცდომა, ეს არ არის მარტივი, რომ დავადასტუროთ გვაქვს თუ არა რეინფიცირება”, – განაცხადა გამყრელიძემ.

მასალების გადაბეჭდვის წესი