ახალი ამბები

მასწავლებლის გლობალური ჯილდოს გამარჯვებული თანხის ნახევარს კოლეგებს გაუნაწილებს

3 დეკემბერი, 2020 • 902
მასწავლებლის გლობალური ჯილდოს გამარჯვებული თანხის ნახევარს კოლეგებს გაუნაწილებს

მასწავლებლის გლობალური ჯილდოს მფლობელი წელს ინდოელი პედაგოგი რანჯიცინ დისალე გახდა. ღონისძიების ორგანიზატორებმა მას ფულადი პრიზი, $1 მილიონი გადასცეს, რომლის ნახევარიც მან უკვე დახარჯა: დისალემ თანხა კონკურსის მონაწილე კოლეგებს გაუნაწილა.

რანჯიცინ დისალე ინდოეთის დასავლეთით მდებარე პროვინციის, მაჰარაშტრას ერთ-ერთი სოფლის სკოლაში მუშაობს. ის ადგილობრივ გოგოებს ეხმარება, არ დარჩნენ სკოლის მიღმა და არ გახდნენ ნაადრევი ქორწინების მსხვერპლნი. დისალე მათ სწავლის გაგრძელებასა და მაღალი შედეგების მიღწევაში უწყობს ხელს.

ადგილობრივი სკოლა, სადაც დისალემ წლების წინ დაიწყო მუშაობა, იყო მეტად დაზიანებული შენობა საქონლის სადგომსა და სათავსოს შორის. მოსწავლე გოგოების უმეტესობა ადგილობრივ ტომებს მიეკუთვნებოდა, სადაც ქალების განათლებას დიდ მნიშვნელობას არ ანიჭებდნენ და არაერთ მათგანს ნაადრევად აქორწინებდნენ. ამასთან, სკოლის სახელმძღვანელოები არ იყო შედგენილი ადგილობრივ ენაზე – კანადაზე – რაც სწავლის პროცესს ართულებდა.

როგორც კონკურსის ორგანიზატორები წერენ, რანჯიცინ დისალემ დიდი შრომა გასწია, ისწავლა ადგილობრივი ენა და ყველა სახელმძღვანელო, I-დან IV კლასამდე, სწორედ ამ ენაზე გარდაქმნა. ამასთან, უნიკალური QR კოდების მეშვეობით, პედაგოგმა ჩაწერა აუდიოლექსები, ვიდეოლექციები, მოთხრობები, დავალებები და ა.შ.

აღნიშნული ტექნოლოგიების დანერგვის შემდეგ, 2016 წელს სკოლა საუკეთესოდ დასახელდა რაიონში, მოსწავლეების 98%-მა კი სასურველი შედეგები სასწავლო წლის დასრულებამდე აჩვენა. დისალეს საქმიანობას ფართო გამოხმაურება მოჰყვა როგორც ინდოეთში, ისე მის გარეთ.

“მასწავლებლებს ყოველთვის სჯერათ გაცემისა და გაზიარებისა”, – თქვა მან. პედაგოგი მოგებული თანხის ნახევარს იმ 10 მასწავლებელს გაუნაწილებს, რომლებიც მასთან ერთად მოხვდნენ ფინალისტთა შორის.

მთავარი ჯილდოს გარდა, ორგანიზატორებმა გასცეს სპეციალური პრიზი პანდემიის კრიზისთან დაკავშირებით. ის ბრიტანელ პედაგოგს, ჯეიმი ფროსტს გადაეცა, რომელიც მათემატიკის სწავლების უფასო ვებსაიტს მართავს.

ფოტოზე: მომენტი, როცა პედაგოგს გამარჯვება ამცნეს

მასალების გადაბეჭდვის წესი