აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრომ ომის დაწყებიდან პირველად გაავრცელა ინფორმაცია საკუთარი დანაკარგების შესახებ. სამინისტროს ცნობით, 27 სექტემბერს დაწყებულ ომში დაიღუპა აზერბაიჯანის 2783 ჯარისკაცი.
“გარდაცვლილთაგან 103 შემთხვევაში გრძელდება DNA ანალიზის პროცედურები, რათა დადგინდეს მათი ვინაობა. 100-ზე მეტი ჯარისკაცი ითვლება დაკარგულად. ყველა აუცილებელი ზომა ტარდება იმისათვის, რათა ვიპოვოთ ისინი და მათ ოჯახებს ინფორმაცია მივაწოდოთ. ამჟამად 1245 სამხედრო გადის მკურნალობას სხვადასხვა სამედიცინო დაწესებულებაში”, – ნათქვამია აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
სამინისტროს განცხადებით, გარდაცვლილთა სახელები, დაბადების თარიღები და სხვა დამატებითი ინფორმაცია საზოგადოებას მოგვიანებით ეცნობება.
მთიანი ყარაბაღში ომის მიმდინარეობისას აზერბაიჯანული მხარე არ ავრცელებდა ინფორმაციას საკუთარი დანაკარგების შესახებ. პრეზიდენტ ილჰამ ალიევის განცხადებით, ეს მოხდებოდა მას შემდეგ, რაც ომი დასრულდებოდა. ომის შედეგად აზერბაიჯანმა კონტროლი მოიპოვა ყოფილი მთიანი ყარაბაღის ავტონომიური ოლქის ძირითადად სამხრეთ ნაწილზე, მათ შორის ქალაქებზე – შუშა და ჰადრუთი. ასევე მთიანი ყარაბაღის ოლქის გარშემო მდებარე ყველა იმ რაიონზე, რომელზეც პირველი ომის შედეგად აზერბაიჯანული იურისდიქცია აღარ ვრცელდებოდა.