ახალი ამბები

“ოცნება” საერთაშორისო ორგანიზაციებს ენმ-ის “ანტიდასავლურობაზე” პოზიციის გამოხატვას სთხოვს

3 დეკემბერი, 2020 • 797
“ოცნება” საერთაშორისო ორგანიზაციებს ენმ-ის “ანტიდასავლურობაზე” პოზიციის გამოხატვას სთხოვს

“ქართული ოცნება” “ნაციონალური მოძრაობას” ქვეყანაში ანტიდასავლურ განწყობების დათესვაში ადანაშაულებს და სურს, რომ საერთაშორისო  და არასამთავრობო ორგანიზაციებმა ამასთან დაკავშირებით თავიანთი პოზიცია დააფიქსირონ.

ამის შესახებ დღეს, 3 დეკემბერს, გამართულ ბრიფინგზე “ქართული ოცნების” წევრმა კახა კუჭავამ ისაუბრა. მისი თქმით, “პროდასავლურობას ამოფარებული “ნაციონალური მოძრაობა” ქვეყნის სტრატეგიულ მოკავშირეებს თავს ესხმის.

“ოფიციალურად გვსურს, ყველა პოლიტიკურ სუბიექტს, საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციებს, საქართველოს მთელ საზოგადოებას, გამოხატონ საკუთარი პოზიცია “ნაციონალური მოძრაობის” მიერ ქვეყანაში ანტიდასავლური განწყობების დათესვის უკიდურესად სახიფათო ფაქტებთან დაკავშირებით და კიდევ ერთხელ მოვუწოდოთ ყველას, თავი შეიკავონ ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორებზე თავდასხმებისგან”, — განაცხადა კახა კუჭავამ.

კუჭავას ეს განცხადება “ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი ლიდერის, ნიკა მელიას მიერ “მთავარი არხის” ეთერში გაკეთებულ განცხადებას მოჰყვა. ნიკა მელია გამოეხმაურა მისი და სხვა ოპოზიციონერი ლიდერების სასამართლო საქმეები განახლებას. მისი თქმით, ეს ოცნების მხრიდან ვაჭრობის პროცესის გახსნა იყო, იმ ფონზე, როცა ელჩების შუამავლობით მოლაპარაკებები მიმდინარეობს. მელიას თქმით, მისი მოლოდინი იყო, რომ აშშ-ის და EU-ს ელჩს გარკვეული პოზიციები უნდა დაეფიქსირებინათ.

“მე ვფიქრობ, ამერიკის ელჩი სერიოზულად უნდა დაფიქრდეს, და ევროკავშირის ელჩი, თუ რა გამოწვევის წინაშე დადგა. შეუძლებელია, აქ არასწორი პოზიციის დაფიქსირება ღალატი არის ჩვენი სტრატეგიული ურთიერთობებისა, წყალი უდგება ამ ისტორიულ პროცესს იმიტომ, რომ მე როგორ დავარწმუნო ჩემი ამომრჩეველი იმაში, რაშიც აქამდე ვარწმუნებდი, როგორ დავარწმუნო, როგორ ვუთხრა, რომ აშშ-ის ელჩი ამ ქვეყანაში დიახაც არის დემოკრატიის სადარაჯოზე, როდესაც ჯერჯერობით მაკლია ის მკაფიო ხმა, რომელსაც უნდა ვიგებდე მისგან”,  — განაცხადა ნიკა მელიამ.

მასალების გადაბეჭდვის წესი