საქართველოში აშშ-ის ყოფილი ელჩის, ჯონ ტეფტის თქმით, 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის შემდეგ სენატორ ჯო ბაიდენს, რომელიც ახლა აშშ-ის არჩეული პრეზიდენტია და მის მიერ სახელმწიფო მდივნის პოსტზე წარდგენილ ენტონი ბლინკენს საქართველოსთვის დახმარების მობილიზებაში კრიტიკული როლი ჰქონდათ. ამ საკითხზე ინტერვიუ ტეფტთან “ამერიკის ხმამ” ჩაწერა.
“ჩემთვის ერთ-ერთი ყველაზე კრიტიკული მომენტი იყო, როცა საქართველოში ელჩი ვიყავი 2008 წელს. მაშინ ჯო ბაიდენი ერთ-ერთი პირველი სენატორი იყო, რომელიც საქართველოში [ომის დროს] ჩამოვიდა. სწორედ ჯო ბაიდენი იყო ადამიანი, რომელმაც ე.წ. “მილიარდ- დოლარიანი პაკეტის“ სახელით ცნობილი დახმარების მობილიზებას უხელმძღვანელა. ამ პაკეტის მიზანი ამერიკის შეერთებული შტატების მხრიდან საქართველოსთვის დახმარების აღმოჩენა იყო იმისთვის, რომ [ომის შემდეგ] ქვეყანა ფეხზე დამდგარიყო როგორც ეკონომიკურად, ასევე, პოლიტიკურად”, – უთხრა „ამერიკის ხმას“ ჯონ ტეფტმა.
მისი თქმით, საქართველოსთვის დახმარების პაკეტის მობილიზებაში ტონი ბლინკენს საკვანძო როლი ჰქონდა.
„მისი როლი კრიტიკული იყო ამ ყველაფრის ორგანიზებაში, რადგან ის სენატის საგარეო ურთიერთობების კომიტეტის აპარატის უფროსი იყო და ბაიდენთან მუშაობდა“, – ამბობს ტეფტი.
ბლინკენი ჯო ბაიდენთან ერთად საქართველოში ორჯერ იმყოფებოდა – პირველად 2008 წლის 17 აგვისტოს, შემდეგ კი, თითქმის ერთი წლისთავზე, 2009 წლის ივლისში, ამერიკის ვიცე-პრეზიდენტის როლში. ტეფტი იხსენებს, რომ მეორე ვიზიტისას მან ტონი ბლინკენთან ერთად დაწერა გამოსვლის ტექსტი, რომლითაც ვიცე-პრეზიდენტმა ბაიდენმა საქართველოს პარლამენტს მიმართა. “ამერიკის ხმის” ცნობით, სწორედ ბლინკენის რჩევით ისაუბრა ბაიდენმა იმ წუხილზე, რომელიც გამოიწვია აშშ-ის პოლიტიკამ რუსეთთან გადატვირთვის შესახებ და თქვა, რომ რუსეთთან ურთიერთობის გაუმჯობესება საქართველოს ხარჯზე არ მოხდება.
ჯონ ტეფტის თქმით, ტონი ბლინკენს „ღრმა ფესვები აქვს გადგმული “ დიპლომატიასა და ამერიკის ღირებულებებში. ტეფტს სჯერა, რომ ბლინკენი, როგორც ამერიკის მომავალი პირველი დიპლომატი, აცნობიერებს, რომ შეცვლილი გეოპოლიტიკური რეალობის გამო მან „შემოქმედებითი და ახალი გზები უნდა გამონახოს“ ამერიკის ინტერესებისა და მისი პარტნიორებისა და მოკავშირეების დასაცავად.
აშშ-ის მომავალი სახელმწიფო მდივნის შესახებ ასევე გირჩევთ:
ვინ არის და რა ხედვები აქვს ენტონი ბლინკენს, აშშ-ის მომავალ სახელმწიფო მდივანს