ახალი ამბები

უნგრელი კონსერვატორი ევროპარლამენტარი “გეი ორგიაში მონაწილეობის” შემდეგ გადადგა

2 დეკემბერი, 2020 • 1839
უნგრელი კონსერვატორი ევროპარლამენტარი “გეი ორგიაში მონაწილეობის” შემდეგ გადადგა

ევროპარლამენტის წევრი უნგრეთის მმართველი პარტიიდან, იოჟეფ საიერი, გადადგა მას შემდეგ, რაც გავრცელდა ცნობები ბრიუსელში გამართულ “გეი სექს ფართიზე” მისი დასწრების შესახებ. საიერი ერთ-ერთი საკვანძო ფიგურაა პრემიერ-მინისტრ ვიქტორ ორბანის პარტიაში, რომელიც ყოველთვის გამოირჩეოდა მტრული პოლიტიკით ლგბტ ადამიანების მიმართ.

ბელგიური და მსოფლიო მედიის ინფორმაციით, შემთხვევა გასული კვირის პარასკევს მოხდა. წვეულება კერძო სახლში ღამით, პანდემიის თანმდევი შეზღუდვების დარღვევით მიმდინარეობდა. შეწუხებულმა მეზობლებმა პოლიცია გამოიძახეს, რის შემდეგაც ადგილზე სამართალდამცავები მივიდნენ და ღონისძიება შეაჩერეს.

წვეულებაზე იმყოფებოდა საიერიც, რომლის შესახებაც პოლიციის განცხადებაში ინიციალები და დაბადების წელია მითითებული “მის დიპლომატიურ პასპორტზე დაყრდნობით”. აქვეა ცნობა, რომლის თანახმადაც დეპუტატს ჩანთაში ნარკოტიკული საშუალებები აღმოუჩინეს.

მედიის თანახმად, თვითმხილველმა დაინახა, როგორ ცდილობდა საიერი გაქცევას სახლის კედელზე დამონტაჟებული წყალსადენი მილიდან. მას ხელები სისხლიანი ჰქონდა, რაც, სავარაუდოდ, გაქცევისას მიღებული დაზიანებებით იყო გამოწვეული.

ცნობების გახმაურების შემდეგ დეპუტატმა მოიბოდიშა, მომხდარს “პირადი შეცდომა” უწოდა და ევროპარლამენტარის მანდატი დატოვა. მანვე აღნიშნა, რომ არ ჰქონია ნარკოტიკები და მხოლოდ “წვეულებაზე დასწრება” დაადასტურა, თუმცა არ აღუწერია ის.

“მე არ გამომიყენებია ნარკოტიკები. ვუთხარი კიდეც პოლიციას, რომ ჩაეტარებინათ ოფიციალური ტესტი, მაგრამ მათ ეს არ გააკეთეს”, – ციტირებს საიერს BBC.

ის ბოდიშს იხდის პანდემიის თანმდევი წესების დარღვევისთვის:

“ეს იყო უპასუხისმგებლობა ჩემი მხრიდან და მივიღებ იმ სანქციებს, რომლებიც ამას მოჰყვება”.

BBC-ის თანახმად, ამჟამად საიერი გამოძიების ობიექტია როგორც პანდემიის წესების, ისე ნარკოტიკებთან დაკავშირებული კანონმდებლობის დარღვევის კუთხით.

იოჟეფ საიერი უნგრეთის მმართველი პარტიის, “ფიდესის” ერთ-ერთი დამფუძნებელი და პრემიერ-მინისტრ ვიქტორ ორბანთან დაახლოებული ფიგურაა. პარტია მკვეთრად კონსერვატიული პოლიტიკით გამოირჩევა და პოზიციონირებს, როგორც “ტრადიციული ოჯახის ღირებულებების დამცველი”. თავად საიერს არაერთხელ მიუქცევია მედიის ყურადღება თავისი ჰომოფობიური განცხადებების გამო.

მასალების გადაბეჭდვის წესი