ახალი ამბები

სასამართლოდან მაცნობეს, 7 დეკემბერს თქვენი პროცესები განახლდებაო – გვარამია

1 დეკემბერი, 2020 • 1186
სასამართლოდან მაცნობეს, 7 დეკემბერს თქვენი პროცესები განახლდებაო – გვარამია

„მთავარი არხის“ დამფუძნებელი ნიკა გვარამია აცხადებს, რომ თბილისის საქალაქო სასამართლომ შეატყობინა, რომ მის წინააღმდეგ პროცესები 7 დეკემბრიდან განახლდება.

ნიკა გვარამიამ მისი სასამართლოში გამოძახება რეპრესიების ახალი ტალღის დასაწყისად შეაფასა.

მაშ ასე, რეპრესიების ახალი ტალღა დაიწყო. საქალაქო სასამართლოდან დამირეკეს, 7 დეკემბერს თქვენი პროცესები განახლდებაო ?…

Posted by Nika Gvaramia on Tuesday, December 1, 2020

მან ფეისბუკზე დაწერა, რომ პროცესის განახლების მიზანია „პანდემიის პიკში და თან წინასაახალწლოდ“ მისი დაპატიმრება და „ნეიტრალიზაცია“.

„მთავარი არხის“ გენერალურმა დირექტორმა ასევე გამოთქვა ეჭვი, რომ მის შესაძლო დაკავებას „სავაჭრო თემად გამოიყენებენ მოლაპარაკებების დროს“, თუმცა აცხადებს:

„მირჩევნია, ჩემი ციხეში წასვლით კიდევ უფრო ჩამოვხადო ნიღაბი ივანიშვილს და კიდევ უფრო დავაჩქარო მისი სანაგვეზე გადაგდება, ვიდრე რაიმე დათმობით მისი უბოროტესი რეჟიმის გახანგრძლივებას შევუწყო ხელი“.

„რუსთავი 2-ის“ ყოფილ გენერალურ დირექტორს, ამჟამად კი „მთავარი არხის“ დამფუძნებელ ნიკა გვარამის საქართველოს პროკურატურა „რუსთავი 2-ის“ ქონების გაფლანგვას ედავება.

ამ საქმეზე კიდევ ორ პირს აქვს ბრალი წარდგენილი – „რუსთავი 2-ის“ ყოფილ ფინანსურ დირექტორსა და დაკავშირებული კომპანიის, „ინტერ მედია პლუსის“ დირექტორს.

ეს ბრალდება გვარამიას ოფიციალურად 2019 წლის ნოემბერში წარედგინა, თუმცა მანამდე „საწარმოს ხელმძღვანელობითი და წარმომადგენლობითი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებას“ ედავებოდნენ.

გვარამია გამოძიებასა და ბრალდებებს თავიდანვე პოლიტიკურად მოტივირებულად მიიჩნევდა.

„ნეტგაზეთი“ დაუკავშირდა საქალაქო სასამართლოს ინფორმაციისთვის.

განახლება:

უგულავას, მელიას, ოქრუაშვილის და გვარამიას თქმით, მათი სასამართლოები განაახლეს

მასალების გადაბეჭდვის წესი