ახალი ამბები

ექიმმა ჩათვალა, რომ სტაბილურად იყო – სამინისტრო კოვიდით დაღუპულ 19 წლის გოგოზე

1 დეკემბერი, 2020 • 1219
ექიმმა ჩათვალა, რომ სტაბილურად იყო – სამინისტრო კოვიდით დაღუპულ 19 წლის გოგოზე

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნია აცხადებს, რომ სამინისტროს რეგულირების სააგენტო შეისწავლის ყველა დეტალს, რაც 19 წლის ქალის კოვიდით გარდაცვალებას შეეხება.

29 ნოემბერს თბილისში 19 წლის გოგო კორონავირუსით გარდაიცვალა. მისი დედა დაგვიანებულ მკურნალობაზე საუბრობს და აცხადებს, რომ მისი შვილისთვის „ნორმალურად დახმარებაც კი არ აღმოუჩენიათ“.

მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნიამ პირველ დეკემბერს „რუსთავი 2-თან“ საუბარში განაცხადა, რომ სამინისტრო შეისწავლის, უკავშირდება თუ არა პაციენტის გარდაცვალება იმას, რომ „რომელიმე ეტაპზე რაიმე სახის ჩარევა დაგვიანდა“.

„ექიმის შეფასებით ჩაითვალა, რომ მდგომარეობა იყო სტაბილური“

გაბუნიამ განმარტა, რომ სამინისტროს პროტოკოლი თანმხლები დაავადებების შემთხვევაში ჰოსპიტალიზაციას ითვალისწინებს, გარდა იმ შემთხვევისა, თუ:

„ექიმი გადაწყვეტს, რომ პაციენტის მდგომარეობა სტაბილურია და მისი მართვა მოხერხდეს კოვიდსასტუმროში იმ დაშვებით, რომ კლინიკური გამოკვლევები მას ჩაუტარდება კოვიდსასტუმროდანაც“.

მინისტრის მოადგილემ თქვა, რომ რამდენადაც მას ესმის, „ამ შემთხვევასთან გვაქვს საქმე — რომ ექიმის შეფასებით ჩაითვალა, რომ მდგომარეობა იყო სტაბილური და საწყის ეტაპზე პაციენტს მიეცა კოვიდსასტუმროში მკურნალობის რეკომენდაცია“.

გარდაცვილის დედა, ირმა ხელაშვილი ამბობს, რომ ოჯახი 19 წლის გოგოს ჰოსპიტალიზაციას ვირუსის დადასტურების დღიდან ითხოვდა, რადგან თანმხლები დაავადებები, მათ შორის დიაბეტი ჰქონდა.

ამის მიუხედავად, დედის მონაყოლის მიხედვით, ჰოსპიტლის ნაცვლად კოვიდსასტუმროში გადაიყვანეს და მხოლოდ მოგვიანებით, სიტუაციის გართულების შემდეგ, უცნობი ადამიანის დახმარებით მოხდა პაციენტის ჰოსპიტალიზაცია „გერმანულ ჰოსპიტალში“.

„მოვიდნენ, მაგრამ ადგილები რახან არ არისო, ამიტომ გადაიყვანეს კოვიდ-სასტუმროში“, – ამბობს ტვ პირველთან საუბარში გარდაცვლილის მამა.

„რუსთავი 2-ის“ კითხვაზე, ადასტურებს თუ არა კოვიდინფიცირებულთათვის კლინიკებში ადგილების ნაკლებობას, მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნიამ განაცხადა, რომ საქმეს რეგულირების სააგენტო იძიებს და „ვიდრე შესწავლის შედეგი სამინისტროს არ ექნება, მანამდე მე განცხადებას ვერ გააკეთებს“.

დედის მონათხრობი

დედა, ირმა ხელაშვილი ამბობს, რომ სასწრაფოში დარეკა და შვილის (რომელიც რისკჯგუფში იყო) ჰოსპიტალიზაცია ითხოვა, თუმცა ტესტირებაზე დადებითი შედეგის მიღების შემდეგ „ისევ უკან წამოგვიყვანეს სახლში“.

„ვრეკავდი, ვემუდარებოდი, ჰოსპიტალიზაცია მოახდინეთ-მეთქი. წაგვიყვანეს კოვიდსასტუმროში. ვუთხარი, კოვიდსასტუმრო რად გვინდა, ჰოსპიტალი გვჭირდებოდა მისთვის-თქო, დამძიმდა [მდოგმარეობა], შაქარი უკვე ზემოთ ჰქონდა“…

როგორც ის „მთავარ არხთან“ ინტერვიუში ამბობს, მის შვილს სუნთქვის უკმარისობა ჰქონდა:

„ვრეკავდი სასწრაფოში, ისინი ჯანდაცვის სამინისტროში მამისამართებდნენ. ჯანდაცვა გვეუბნებოდა, ვერაფერს გეტყვით, ისევ სასწრაფოს მიმართეთო“.

„ამ სიტუაცის რომ შეესწრო ვიღაც, რომელიც იქ მკურნალობდა, „გერმანული ჰოსპიტალის“ თანამშრომელი ყოფილა და მან დარეკა საავადმყოფოში. ხვეწნა-მუდარის მერე გადაიყვანეს ჰოსპიტალში… უკვე დაგვიანებული იყო“, – ამბობს დედა.

„როცა ვუთხარი, რემდესივირით იქნებ დაიწყოთ მკურნალობა-თქო… რემდესივირს უკუჩვენებები აქვსო… მოკლედ არ ვიცი, უარი გვითხრეს თუ არ გაუკეთეს, არ ვიცი. დექსამეტაზონის გადასხმა მიდიოდა.. დექსამეტაზონიც არ შეიძლებოდა, რადგან ბავშვი დიაბეტიანი იყო“, – ამბობს ირმა ხელაშვილი.

რას ამბობს კლინიკა?

მომხდარზე კომენტარი გააკეთა „გერმანული ჰოსპიტლის“ წარმომადგენელმა ეკატერინე ლორიამ. როგორც მან ჟურნალისტებს უთხრა, პაციენტს ქვეყანაში მოქმედი „გაიდლაინით“ გათვალისწინებული მკურნალობა უტარდებოდა, თუმცა მისი მდგომარეობა საავადმყოფოში შეყვანის დროს უკვე კრიტიკული იყო.

„დაწყებულ იქნა გაიდლაინით განსაზღვრული პირველადი დახმარება. პაციენტის მდგომარეობა კრიტიკულად იყო შეფასებული. სიპაპ ვარჯიშების გაკეთების მიუხედავად, სასურველი შედეგი არ იქნა მიღწეული და გადაყვანილ იქნა ფილტვის ხელოვნურ ვენტილაციაზე“, – განაცხადა მან.

„ჩვენთან მოსული იყო კრიტიკულ მდგომარეობაში, ამას გიდასტურებთ. თანხმლები დაავადება იყო, თუმცა რომელი, ამაზე ინფორმაციას ვერ გავცემ“, – თქვა ეკატერინე ლომიამ.


საქართველოში, 1 დეკემბრის მონაცემებით, წინა 24 საათის განმავლობაში ახალი კორონავირუსით ინფიცირების 3 759 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.

ვირუსით გარდაცვლილთა რაოდენობამ 1300-ს გადააჭარბა.

36 გარდაცვლილი და 3 759 ახალი შემთხვევა – პირველი დეკემბერი

მასალების გადაბეჭდვის წესი