კორონავირუსის პანდემიისა და თან არსებული სახელმწიფო შეზღუდვების ფონზე, გამოწვევების წინაშე დადგნენ ის ცენტრებიც, რომლებიც სპეციალური საჭიროებების მქონე ბავშვებს საჭირო სერვისით, მათ შორის, სხვადასხვა სახით თერაპიით უზრუნველყოფდნენ.
რამდენიმე ასეთი მსხვილი ცენტრი დისტანციურ რეჟიმზე გადავიდა, რასაც მშობლების მხრიდან კრიტიკა მოჰყვა. ცენტრები ამის საპასუხოდ ამბობენ, რომ მსოფლიოში დისტანციური, ონლიან თერაპია ეფექტიანი პრაქტიკაა.
ისინი ყვებიან, რომ კორონავირუსისა და თანმდევი სახელმწიფო შეზღუდვების გამო, ისინი ფინანსური თუ ჯანმრთელობის დიდი რისკების ქვეშ დადგნენ. მათი ნაწილის განმარტებით კი, მიუხედავად ამ პრობლემებისა და თანამშრომლების ინფიცირების შემთხვევებისა, სახელმწიფო მათ დამატებით მხარდაჭერას არ უცხადებს.
რას ყვებიან ცენტრები
ცენტრების დახურვის შესახებ რამდენიმე დღეა სოციალურ ქსელებში აქტიურად წერენ, მათ შორის, აუტისტური სპექტრის მქონე ბავშვების მშობლებიც. მათი ნაწილი ამ გადაწყვეტილებას აკრიტიკებს და ამბობს, რომ ონლაინ თერაპიებით ბავშვი იმავე ხარისხის სერვისს ვერ მიიღებს, რასაც ადგილზე ფიზიკურად ყოფნით.
რა ვქნა, ისევ აუტისტი ბავშვების გაუსაძლის მდგომარეობაზე უნდა დავწერო პოსტი.
ამ “ლოქდაუნის” გამოცხადების თანავე ეგრევე…Posted by Mari Korkotadze on Monday, 30 November 2020
ეს კითხვა ჩვენ ყველა ცენტრს დავუსვით, რომელსაც ვესაუბრეთ. ისინი გვიყვებიან, რომ კონტაქტური თერაპია უკეთესი არჩევანია, დისტანციური, ონლაინ თერაპია საერთაშორისოდ აღიარებული ალტერნატივაა და ბავშვები ეფექტიანი სერვისის გარეშე არ დარჩებიან.
კორონავირუსის გავრცელებისა და შეზღუდვების ფონზე კი მათ სხვა არჩევანი არ ჰქონდათ.
საღამომშვიდობისა, მეგობრებო! ?
✅ ოფიციალურად გამოცხადებული შეზღუდვების კვალდაკვალ, დეკემბრის და იანვრის განმავლობაში,…
Posted by ნეიროგანვითარების ცენტრი – Neurodevelopment Center on Thursday, 26 November 2020
ერთ-ერთი ცენტრი, რომელიც პანდემიის გამო ნაწილობრივ დისტანციურ რეჟიმზე გადავიდა, „ნეიროგანვითარების ცენტრია“. მისი დირექტორი, ეკატერინე არველაძე ნეტგაზეთს უყვება, რომ ვირუსის გავრცელების ფონზე ცენტრის ადმინისტრაცია ასობით ბენეფიციარის ჯანმრთელობას რისკის ქვეშ ვერ დააყენებდა.
„ჩვენ, განსხვავებით სხვა ცენტრებისგან, ვართ ბევრად უფრო დიდი ზომის ცენტრი. შესაბამისად, მიმაჩნია, რომ საზოგადოების, 200-მდე თანამშრომლისა და იმ 600-მდე ბავშვის წინაშე, რომელიც ჩვენს ცენტრში დადის, მე ვალდებული ვარ- რომ მიუხედავად ეს ჩვენთვის ფინანსურად დამაზარალებელია – მივიღო ეს გადაწყვეტილება და გადავიდეთ დისტანციურზე.
მგონია, რომ ყველა პასუხისმგებლიანი ორგანიზაცია, რომელსაც შეუძლია სერვისის მიწოდება დისტანციურად, უნდა აკეთებდეს ამას. ეს არის სამოქალაქო პასუხისმგებლობა. ეს არის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი. მეორე მიზეზი არის შეზღუდვები.
სწორედ დაწესებული შეზღდუვების გამო მივიღეთ ჩვენ ახლა ეს გადაწყვეტილება და არა – მანამდე. სანამ შეზღუდვები ამოქმედდებოდა, ჩვენ მაინც ვცდილობდით, რომ ჰიბრიდულად შეგვენარჩუნებინა მუშაობა, მაგრამ ამ შეზღუდვების შემდეგ, როდესაც თანამშრომლები და მშობლები ფიზიკურად ვეღარ ახერხებენ მოსვლას… ამანაც იმოქმედა, ცხადია“, – ამბობს ეკატერინე არველაძე.
ის ასევე დასძენს, რომ „ნეიროგანვითარების ცენტრში“ ბევრი პროგრამა მოქმედებს. ბენეფიციართა შორის კი არიან ისეთი ბავშვებიც, რომლებიც რისკჯგუფში შედიან, მათი ჯანმრთელობისთვის დამატებითი დატვირთვა კი დიდი რისკია.
ჩვენს კითხვაზე, ამ გამოწვევების ფონზე, ხომ არ დაკავშირებია ცენტრს ჯანდაცვის სამინისტრო დამატებითი მხარდაჭერისთვის, ეკატერინე არველაძე ამბობს, რომ დამატებითი დახმარებისთვის არავინ დაკავშირებია.
„თუმცა ისიც მინდა ვთქვა, რომ ამ ვითარებაში, როდესაც შესაძლებელია და დაფინანსებულია დისტანციური თერაპიები, ეს მგონია, რომ ბევრ რამეს ნიშნავს. ზოგადად, სახელმწიფომ ამ პერიოდის განმავლობაში ჩვენი ჩართულობითა და მონაწილეობით მიიღო დისტანციური მომსახურების სტანდარტი. აქამდე ეს ყოფილა. ახლა ამ მომსახურებას აქვს თავისი საკმაოდ მკაცრი სტანდარტი.
ვინაიდან ეს არის თერაპიის აღიარებული მეთოდი, ამიტომ ამას განსაკუთრებული ხაზგასმაც არ სჭირდება, თერაპია დისტანციურია თუ არის პირისპირ, ვინაიდან, ეფექტიანობის თვალსაზრისით ორივე მათგანი მისაღებია“, – დასძენს ეკატერინე არველაძე.
ნეტგაზეთთან პრობლემებზე საუბრობს ილიაუნისთან არსებული „ბავშვის განვითარების ინსტიტუტის“ დირექტორი, ნინო ცინცაძე. ის გვიყვება, რომ ყველა ცენტრს სხვადასხვა დროს მოუწია ნახევრად ან სრულად დისტანციურ რეჟიმზე გადასვლა, ამის მიზეზი კი ის იყო, რომ ბავშვებისა და თანამშრომლების ნაწილი ინფიცირდებოდა.
„ჩვენ მოვახერხეთ სექტემბრიდან დეკემბრამდე გვემუშავა ისე, რომ მხოლოდ რამდენჯერმე დავიხურეთ, მაგრამ ახლა ისე მოგვემატა შიდა დაინფიცირების რიცხვი, რომ იძულებული ვიყავით, ეს გადაწყვეტილება მიგვეღო და მივიღეთ 15 იანვრამდე, რათა დაინფიცირების ჯაჭვი როგორღაც გავწვიტოთ“, – ამბობს ნინო ცინცაძე და ამატებს, რომ ინფიცირებულ თანამშრომლებს შორის არიან ისეთებიც, ვისი ოჯახის წევრები რისკჯგუფებში შეიდან.
რაც შეეხება დისტანციური თერაპიის ეფექტიანობას, ცინცაძე ამბობს, რომ თერაპიის ალტერნატიული გზები მოიფიქრეს სწორედ ისეთი კრიტიკული შემთხვევებისთვის, როგორიც დღესაა. მისი გამოცდილებით, ბევრი მშობელი, ვინც დინსტანციურ თერაპიას თავიდან ეწინააღმდეგებოდა, კორონავირუსის მეორე ტალღის დროს პირველი იყო, ვინც ონლაინ რეჟიმზე გადავიდა – „როდესაც არჩევანია ადამიანის სიცოცხლესა და ბავშვის თერაპიულ საათებს შორის, არჩევანი უნდა გაკეთდეს სიცოცხლის სასიკეთოდ,“.
„განსხვავებით სკოლებისა და ბაღებისა, ჩვენ და სხვა ცენტრებიც უწყვეტად ვმუშაობდით. არც ერთხელ სახელმწიფოს, მიუხედავად საჯარო მიმართვისა, არ გამოუჩენია ინიციატივა, რომ რეგულარულად დაეტესტა ეს ხალხი [თანამშრომლები], გრიპის ვაქცინაზე უფასოდ გაეშვა. რაც მთავარია, თერაპევტები მუშაობენ გამომუშავებაზე – ანუ რამდენ საათსაც ჩაატარებენ, ონლაინ თუ პირდაპირ, მხოლოდ იმ ხელფასს იღებენ. როდესაც არიან კოვიდინფიცირებულები და ვერ ატარებენ, ის ხელფასიც კი ეკარგებათ.
ძალიან ცოტა ცენტრია, რომელიც კომერციულ ინტერესებზე მუშაობს და ხელშესახები შემოსავალი აქვს. რეალურად ამის გაკეთება რთულია და მით უფრო, როგორც საუნივერსიტეტო ცენტრისთვის, ამის ინტერესი არ გვაქვს. მარტო სადეზინფექციო საშუალებებზე, დამცავ ფარებზე, ხშირ დალაგებაზე – ძალიან დიდი თანხები იხარჯება. ამით კი არავინ ინტერესდება. როგორ უნდა მოვახერხოთ ამ ადამიანების უზრუნველყოფა და ამდენი ხნით ბიულეტენზე გაშვება, ესეც არავის აინტერესებს. იმაში კი ყველა ყოჩაღია, რომ გვამუნათოს საჯაროდ, რომ ცენტრი დავკეტეთ. როცა რეალურად, დროებით დავიკეტეთ, გავიხსნებით მალევე“.
სერვისებს შორის, რომლებსაც „ბავშვის განვითარების ცენტრი“ აწვდის, ნაწილს (მაგალითად, აუტისტური სპექტრის ბავშვებისთვის) აფინანსებს მუნიციპალიტეტი, თუმცა მათ აქვთ ასევე ის პროგრამებიც, რომელიც ჯანდაცვის სამინისტროს მეშვეობით ფინანსდება – „ჯანდაცვის სამინისტრომ თავის პროგრამებში ერთჯერადად დაარიგა დამცავი საშუალებები, ოღონდ ეს იყო სექტემბერში, მას შემდეგ იგივე აღარ განმეორებულა,“.
მსგავსი პრობლემის წინაშე დადგა ცენტრი „საქართველოს ბავშვებიც“. კორონავირუსის პერიოდში არსებული გამოწვევების შესახებ ნეტგაზეთსესაუბრა მისი ხელმძღვანელი, ანა გაზაშვილი.
ის ყვება, რომ ცენტრი შეზღუდვების დაწესებამდეც იყო დისტანციურ რეჟიმზე გადასული, რადგან რამდენიმე ბავშვსა და მის ოჯახის წევრს Covid 19 დაუდასტურდა. თუმცა ეს ცენტრისთვის პირველი შემთხვევა არ არის – პანდემიისა და შეზღუდვების პარალელურად, „საქართველოს ბავშვები“ დისტანციურ რეჟიმზე რამდენჯერმე გადავიდა.
„ახლა, ალბათ, გავაგრძელებთ ამ რეჟიმს, საზოგადოებრივი ტრანსპორტის შეჩერების გამო, რადგან ჩვენი ბავშვებისა და თანამშრომლების ძირითადი ნაწილი სარგებლობენ საზოგადოებრივი ტრანსპორტით. შესაბამისად, მის ამოქმედებამდე ჩვენ დისნტაციურ რეჟიმზე ვართ, თუ კიდევ არ გართულდა და არ დამძიმდა ეპიდემიური ვითარება“, – ამატებს გაზაშვილი.
ცენტრში ამჟამად ბავშვთა დახმარების რამდენიმე პროგრამა მოქმედებს – ზოგიერთი სახელმწიფო დაფინანსებითაა, ზოგი კი, კერძო. გაზაშვილი ამბობს, რომ განსაკუთრებით გაუჭირდათ იმ მშობლებს, ვინც თერაპიისთვის „თავისი ჯიბიდან იხდიდნენ. სხვა ბევრ რამეზეა ეს ყველაფერი დამოკიდებული, მშობელმა უნდა გადაიხადოს თერაპიის თანხა, რიგ შემთხვევაში- ტაქსის და ა.შ.“.
„სირთულეს წავაწყდით ასევე პირობების დაცვასთან, ვინაიდან, თუ მანამდე საჭირო არ იყო პირბადეები, სადეზინფექციო ხსნარები, დამლაგებლის სამუშაოს გასამმაგება – ფინანსურად შეიცვალა მდგომარეობა, იმიტომ, რომ კონტაქტური მუშაობის შემთხვევაში აუცილებლად უნდა მოვერგოთ იმ რეკომენდაციებს, რომელიც სახელმწიფომ დააწესა“, – ამბობს გაზაშვილი.
აქვე მინდა აღვნიშნო ერთი რამ, როდესაც აუტისტური სპექტრის მქონე ბავშვთან მუშაობ, ზოგ შემთხვევაში, მას პირბადეს ვერ გაუკეთებ. ისევე, როგორც, მაგალითად, მეტყველების თერაპევტი ვერ გაიკეთებს პირბადეს, იმიტომ, რომ ის ბგერაზე მუშაობს. შესაბამისად, გაჩნდა მუშაობის მეთოდთან დაკავშირებული პრობლემებიც“.
ცენტრში გვიყვებიან, რომ მისი დაარსებიდან, ანუ 2012 წლიდან, „საქართველოს ბავშვები“ ონლაინ თერაპიის ელემენტებს იყენებს, თუმცა დღეს სიტუაცია გაუმჯობესებულია, ვინაიდან თუნდაც მარტის კარანტინთან შედარებით დღეს დისტანციური თერაპიის ერთიანი, შემუშავებული და სტანდარტიზებული პროტოკოლი არსებობს.
„დისტანციურ თერაპიასაც აქვს თავისი სიკეთეები – ასეთ დროს მშობელიც სწავლობს და ძლიერდება. კონტაქტური თერაპიის დროს კი მშობელი ბავშვს სპეციალისთან ტოვებს.
ასევე, როდესაც ვსაუბრობთ მაღალფუნქციურ აუტიზმზე და ბავშვს თავად შეუძლია დაჯდეს სპეციალისტთან, აქაც არის მშობლის წუხილები, რომ შესაძლოა, ამან დამოკიდებულება გამოიწვიოს [მონიტორთან ყოფნის]. ამის მართვა არის რთული, თუმცა, შესაძლებელი“, – ყვება ის.
რაც შეეხება დამატებით დახმარებას, თუნდაც, ტრანსპორტის უზრუნველყოფის თვალსაზრისით, ანა გაზაშვილი ამბობს, რომ ამგვარი შემოთავაზება არ მიუღია არც ჯანდაცვის სამინისტროსგან [კერძოდ, სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტო] და არც მუნიციპალიტეტისგან.
„ორი სერვისი გვაქვს, აუტიზმისა და ადრეული განვითარების – ადრეულ განვითარებაში ვგულისხმობ ოჯახში ვიზიტსაც. ერთადერთი, რაც ჯანდაცვის სამინისტროდან არის კარგი, ეს არის დამტკიცებული პროტოკოლი, რომლის შექმნაშიც ჩვენც ვმონაწილოებდით. კარგია, რომ დამტკიცებულია, გამართულია, გვაქვს და შეგვიძლია დისნტაციური თერაპია განვახორციელოთ. ყველაფერი კარგად გაწერილია და სხვადასხვა ცენტრი სხვადასხვა რაიმეს თავისი ნებით არ აკეთებს. ჯერჯერობით სხვა შემოთავაზება არ გვქონია“, – ამატებს გაზაშვილი.
ნეტგაზეთი დაუკავშირდა როგორც სახელმწიფო ზრუნვის სააგენტოს, ასევე, თბილისის მერიას. მერიისგან კომენტარს ველოდებით, ხოლო სააგენტოში გვითხრეს, რომ პრესსამსახური არ აქვთ, შესაბამისად, კითხვებზე პასუხი საჯარო ინფორმაციის სახით უნდა გამოვითხოვოთ.