ახალი ამბები

პროკურატურა შსს-ს თანამშრომლის მონაწილეობით მომხდარ ავარიას იძიებს

30 ნოემბერი, 2020 • 992
პროკურატურა შსს-ს თანამშრომლის მონაწილეობით მომხდარ ავარიას იძიებს

საქართველოს პროკურატურის განცხადებით, უწყებამ გამოძიება დაიწყო 28 ნოემბერს წყალტუბოს მუნიტიპალიტეტის სოფელ უკანეთთან გამავალ თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზაზე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის ფაქტზე, რომელმაც ერთი ადამიანის გარდაცვალება და 4-ის დაშავება გამოიწვია.

უწყების განცხადებით, გამოძიებით დგინდება, რომ 2020 წლის 28 ნოემბერს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ბალანსზე რიცხული „ტოიოტა ჰაილუქსის“ მოდელის ავტომანქანა, რომელსაც ამბროლაურის რაიონული სამმართველოს უფროსის მოადგილე ა.დ. მართავდა, წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ უკანეთთან გამავალ თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის 234-ე კმ-ზე შეეჯახა გზის სავალ ნაწილზე გაჩერებულ „ფორდ ტრანზიტის“ მარკის მიკროავტობუსს, რის შემდგომაც შეჯახების ინერციით მიკროავტობუსი შეეჯახა გზაზე მოძრავ სატვირთო ავტომანქანას.

პროკურატურის თქმით, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად „ფორდ ტრანზიტის“ მძღოლი შ.ჯ. ადგილზე გარდაიცვალა, ხოლო სხეულის სხვადასხვა სიმძიმის დაზიანებები მიიღეს მიკროავტობუსის მგზავრმა ნ.ჯ-მ, „ტოიოტა ჰაილუქსის“ მძღოლმა ა.დ-მ და მისმა არასრულწლოვანმა მგზავრებმა ზ.დ-მ და გ.დ-მ. დაშავებულები ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობის გამო მკურნალობას საავადმყოფოში განაგრძობენ.

უწყებაში აღნიშნავენ, რომ გამოძიების დაწყებისთანავე გადაუდებლად შემოწმდა სიმთვრალე-სიფხიზლეზე „ტოიოტა ჰაილუქსის“ მძღოლი ა.დ., რომელიც აღმოჩნდა ფხიზელ მდგომარეობაში.

ასევე აცხადებენ, რომ გამოძიების მიერ მისგან ნიმუშის სახით აიღეს სისხლი, რაზეც დაინიშნა შესაბამისი ექსპერტიზა.

პროკურატურის ცნობით, გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-2 და მე-6 ნაწილებით მიმდინარეობს:

“საქმეზე ჩატარდა მთელი რიგი საგამოძიებო მოქმედებები, დაიკითხნენ მოწმეები, დანიშნულია სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზები, ასევე, ავტოტექნიკური და ავტოსაგზაო ექსპერტიზები, ავტოსაგზაო შემთხვევის გამომწვევი მძღოლის ბრალეულობის დასადგენად. ასევე, ინტენსიურ რეჟიმში ტარდება ყველა საჭირო საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები”, – აცხადებენ უწყებაში.

მასალების გადაბეჭდვის წესი