ახალი ამბები

შრომის ინსპექციამ 2 ობიექტი დააჯარიმა, 2309 ობიექტს კი საქმიანობა შეუჩერა

29 ნოემბერი, 2020 • 1146
შრომის ინსპექციამ 2 ობიექტი დააჯარიმა, 2309 ობიექტს კი საქმიანობა შეუჩერა

შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტმა ქვეყნის მასშტაბით ის დაწესებულებები შეამოწმა, რომლებიც საქართველოს მთავრობის 2020 წლის 23 მაისის N322-ე დადგენილებით აკრძალულ საქმიანობას ახორციელებდნენ. აღნიშნული დადგენილება კორონავირუსის პანდემიასთან დაკავშირებით შეიქმნა და ზღუდავს გარეკვულ ეკონომიკურ საქმიანობას. 

როგორც უწყება აცხადებს, შემოწმების შედეგად დადგინდა, რომ ბათუმში შპს ,,ონლაინ მეჯიქ” ე. წ “რეფორმერი ფიტნესი” აკრძალულ ეკონომიკურ საქმიანობას ახორციელებდა, ფაქტის ადგილზე დაფიქსირების შემდეგ, დარღვევების შესაბამისად, იურიდიული პირი 10 000 ლარის ოდენობით დაჯარიმდა. თუმცა, მიუხედავად ამისა, სპორტული დარბაზი საქმიანობას კვლავ განაგრძობდა.

შრომის ინსპექციამ განმეორებითი დარღვევის ფაქტის დაფიქსირების შესახებ ინფორმაცია შინაგან საქმეთა სამინისტროს მიაწოდა.

N322-ე დადგენილებით დამტკიცებული “იზოლაციისა და კარანტინის წესების” მოთხოვნების განმეორებით დარღვევაზე პასუხისმგებლობა გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 248 I მუხლის შესაბამისად.

ასევე, აკრძალული საქმიანობის გამო 10 000 ლარით დაჯარიმდა ბათუმში რესტორანი შპს “დიანა” – ე.წ. “კიდობანი”. ობიექტი N322-ე დადგენილებით აკრძალულ ეკონომიკურ საქმიანობას ახორციელებდა.

გარდა ამისა, შრომის ინსპექციამ თბილისში ღამის კლუბებიც შეამოწმა. შემოწმების შედეგად, დადგინდა, რომ 10 000 ლარით დაჯარიმებული ობიექტი შპს “და ჰაუს რეკორდს” აკრაძალულ ეკონომიკურ საქმიანობას კვლავ განაგრძობდა.

აღნიშნულის შესახებ შრომის ინსპექციამ შემდგომი რეაგირების მიზნით, შინაგან საქმეთა სამინისტროს დაუყოვნებლივ აცნობა. ბოლო ორი დღის განმავლობაში შრომის ინსპექციამ გაფრთხილება 2 738 ობიექტს მისცა, 2  დააჯარიმა და 2 309 ობიექტს საქმიანობა შეუჩერა.

ფიტნესკლუბი ბათუმში, რომელიც 10 ათასი ლარით დააჯარიმეს, მაგრამ მუშაობას არ აჩერებს

მასალების გადაბეჭდვის წესი