ახალი ამბები

პრობლემა, რომელსაც საზოგადოებრივი ტრანსპორტის აკრძალვა ქმნის

29 ნოემბერი, 2020 • 1419
პრობლემა, რომელსაც საზოგადოებრივი ტრანსპორტის აკრძალვა ქმნის

მას შემდეგ, რაც ხელისუფლებამ საქართველოს დიდ ქალაქებში 28 ნოემბრიდან საზოგადოებრივი ტრანსპორტის მუშაობა შეაჩერა, მაგრამ მუშაობის უფლება მისცა გარკვეული კატეგორიის ბიზნესს, აქ დასაქმებული ადამიანები, ფაქტობრივად, გამოუვალ ვითარებაში აღმოჩნდნენ. მათ სამსახურებამდე მისვლის პრობლემა შეექმნათ, გადაადგილების პრობლემა ასევე აქვთ მათ მომხმარებლებსაც, რაც აისახება დასაქმებულთა შემოსავლებზე.

მომხმარებელთა შემცირებული ნაკადისა და შესაბამისად, ნაკლები შემოსავლის იმედად დარჩენილი ადამიანები ვერ ისარგებლებენ მთავრობის დახმარების პაკეტით. ასეთი ადამიანები კი ცოტანი არ არიან.

მაგალითად, შეზღუდვების პირობებში მუშაობის უფლება აქვთ სილამაზის სალონებს, ესთეტიკის ცენტრებსა და აგრარულ ბაზრებს. “ნეტგაზეთი” დაინტერესდა თუ რა გავლენას მოახდენს ამ ბიზნესებზე საზოგადოებრივი ტრანსპორტის აკრძალვა.

“თუ სახელმწიფო არ დაგვკეტავს, ჩვენით მოგვიწევს სალონების დაკეტვა”

სილამაზის და ესთეტიკის ცენტრ “პრემიუმის” ხელმძღვანელი ლიკა გოგიაშვილი “ნეტგაზეთთან” ამბობს, რომ საზოგადოებრივი ტრანსპორტის გაჩერების შედეგად ამ ბიზნესის წარმომადგენლები არათანაბარ სამუშაო პირობებში აღმოჩნდნენ, რადგან სამსახურში მისვლას მხოლოდ იმ სალონების თანამშრომლები მაოხერხებენ,რომლებიც სახლთან ახლოს მუშაობენ, ჰყავთ პირადი ავტომობილი, ან დამსაქმებელი თავად შეძლებს თანამშრომლების მგზავრობის თანხის ანაზღაურებას.

გოგიაშვილის თქმით, მის სალონში 10 ადამიანია დასაქმებული და ყველა მათგანი ქალაქის სხვადასხვა კუთხეში ცხოვრობს. მათი მგზავრობის თანხის ანაზღაურებას კი სალონი შემცირებული შემოსავლის ფონზე ვერ შეძლებს და თანამშრომლები ყოველდღიურად ტაქსით მგზავრობის თანხების დაფარვას ვერ შეძლებენ.

გოგიაშვილი მიიჩნევს, ამ ყველფარის ფონზე სალონებს ოპერირების შეჩერება თავად მოუწევთ, რადგან ამჟამინდელი შემოსავლებით თანამშრომლების გადაადგილების ხარჯებს ვერ დაფარავენ, მითუმეტეს იმ ფონზე, როცა კლიენტების ისედაც შემცირებული რაოდენობა, ტრანსპორტის გაჩერების შემდეგ, კიდევ უფრო დაიკლებს.

“ვფიქრობ, რომ საერთოდ არ ჰქონდა აზრი ჩვენს ესე დატოვებას, რადგან ვეღარც მოწყვლად ჯგუფებში შევედით და ვერ ვიღებთ მიზნობრივ დახმარებას, აღარც შეღავათები გვაქვს. ხარჯები კი ბევრია, მათ შორის, კომუნალური გადასახადები, აღარ გვიმცირდება საშემოსავლო გადასახადი, გავიდა 6-თვიანი საშეღავათო პერიოდი და რადგან არ ვიკეტებით, საგადასახადოში გადახდა ჩვეულებრივად გვიწევს.

ასევე, ჩემს თანამშრომლებს ბანკში სესხების გადავადებაზე უარს ეუბნებიან, რადგან სალონებს მუშაობის გაგრძელების უფლება აქვთ. ამ ყველაფრის ფონზე მოგვიწევს დაკეტვა, ოღონდ ეს არ იქნება სახელმწიფოს მიერ ჩაკეტვა, ეს იქნება იმ ბიზნესების დახურვა და ბაზრიდან გაქრობა, რომლებიც გადასახადების გადახდას ვერ შეძლებენ”, – ამბობს გოგიაშვილი.

გოგიაშვილი “ნეტგაზეთს” უყვება, რომ ტრანსპორტის აკრძალვის გარდა ბიზნესის მდგომარეობას ისიც ამძაფრებს, რომ უკანასკნელ პერიოდში მისი კლიენტების რაოდენობამ მკვეთრად იკლო. ამის მიზეზად კი ის იმ ღონისძიებების ნაკლებობას ასახელებს, რომლისთვისაც ადამიანები მის ცენტრს მიმართავდნენ.

“მომართვიანობა თითქმის აღარ არის. ისედაც სულ ფასდაკლებებს ითხოვდნენ და არამგონია ტრანსპორტის გაჩერებისას ტაქსით მოვიდნენ კლიენტები. ალბათ, ზოგადი მომართვიანობის 5% დარჩება, რაც არ ეყოფა არც ფიქსირებულ ხარჯებს და არც თანამშრომლებს გადაადგილებისთვის. ფაქტობრივად, სალონი საკუთარ ხარჯებსაც ვერ ფარავს, ძირითად დარჩენილია პირველად პროცედურებზე მოთხოვნა, როგორიცაა თმის შეჭრა, თუმცა ესთეტიკურ მომსახურებებზე მოთხოვნა აღარ არის იმიტომ, რომ ხალხი დისტანციურად მუშაობს. ვიზაჟზე, ვარცხნილობებზე და მსგავს მომსახურებაზე თითქმის აღარაა მოთხოვნა, რადგან რესტორენები დაკეტილია და ყველაფერი გაჩერებულია”, – განმარტა გოგიაშვილმა.

გოგიაშვილის მსგავსად, აღნიშნული პრობლემები აწუხებთ სხვა მცირე და საშუალო ზომის სალონებსაც. “ნეტგაზეთი” რამდენიმე მათგანს დაუკავშირდა, სადაც გვითხრეს, რომ საზოგადოებრივი ტრანსპორტის აკრძალვის და შემცირებული მომართვიანობის ფონზე სალონების სამუშაო საათების შემცირებას გეგმავენ.

ერთ-ერთი ასეთი სილამაზის სალონია “ჯასტინი”, სადაც 4 ადამიანია დასაქმებული და როგორც სალონის მენეჯერმა, თეონა გიორგაძემ გვითხრა, ოთხივე მათგანი საზოგადოებრივი ტრანსპორტით სარგებლობდა. გიორგაძის თქმით, კომპანიას არ აქვს თანამშრომელბის გადაადგილების ხარჯების დაფარვის საშუალება და ვერც თანამშრომლები გამოიმუშავებენ იმდენს, რომ ტაქსით გადაადგილებასა და საკვებზე იყოს საკმარისი:

“ვფიქრობთ, რომ სამუშაო დღეები შევამციროთ და სავარაუდოდ, კვირაში 4 დღე ვიმუშავებთ, რადგან დავზოგოთ ყოველდღიური ხარჯები, მათ შორის, კომუნალურები და ამ გზით შვინარჩუნოთ ბიზნესი”, – განმარტა გიორგაძემ.

“ჯასტინის” მსგავსად სამუშაო დროის შემცირებას გეგმავს სალონი “ჰეარჰაუსი”, სადაც 3 ადამიანია დასაქმებული. მისი ხელმძღვანელის თქმით, ხარჯების შესამცირებლად, სალონი კვირაში 6 დღის მუშაობის ნაცვლად მხოლოდ 3 დღე იმუშავებს. რაც შეეხება გადაადგილებას, სალონის ხელმძღვანელის განმარტებით, დასაქმებულები საერთო ტაქსით გადაადგილებას და ხარჯების განაწილებას გეგმავენ.

“თუ არ მოვიდა ადამიანი, რა აზრი აქვს აქ დგომას”

საზოგადოებრივი ტრანსპორტის აკრძალვაში საფრთხეს ხედავენ აგრარულ ბაზარში მომუშავე მოვაჭრეებიც, რომელთაც, გადაადგილების ხარჯთან ერთად, სავაჭრო დახლის ყოველდღიური გადასახადიც აქვთ.

თენგო დარჯანია, რომელიც თბილისში, “დეზერტირების ბაზარში” კარტოფილით ვაჭრობს, ყოველდღიურად გლდანიდან აბასთუმნის ქუჩაზე საზოგადოებრივი ტრანსპორტით გადაადგილდებოდა. როგორც დარჯანია “ნეტგაზეთთან” ამბობს, ამ მანძილის ტაქსით გასავლელად მას ერთი, საშუალოდ, გზა 10 ლარი უჯდება, ამასთან, ყოველდღიურად ადგილის გადასახადის სახით 25 ლარს იხდის.

დარჯანია ფიქრობს, რომ საზოგადოებრივი ტრანსპორტის შეჩერების ფონზე მისი კლიენტების რაოდენობაც იკლებს და ყოველდღიური ხარჯების დაფარვა გაუჭირდება:

“აქ ვინც მოდიოდა, ძირითადად, საზოგადოებრივი ტრანსპორტით გადაადგილდებოდა, ახლა 10 ლარს ვინ გადაიხდის მგზავრობაში და რა თქმა უნდა, შემცირდება კლიენტების რაოდენობაც. თუ არ მოვიდა ადამიანი, რა აზრი აქვს აქ დგომას. მივატოვებ [ვაჭრობას], აზრი არ ექნება, დავჯდები სახლში”, – ამბობს დარჯანია.

მისი თქმით, ბოლო პერიოდის განამვლობაში კლიენტების და ნავაჭრის რაოდენობამ მკვეთრად იკლო. მაგალითისთვის, როგორც დარჯანია ამბობს, ერთი სამარშრუტო ტაქსის საბარგულში განთავსებული კარტოფილის გაყიდვას 2 დღეში ახერხებდა, ახლა კი 4-5 დღე მაინც სჭირდება.

“ადრე თუ კილოობით ყიდულობდნენ კარტოფილს, ახლა მოდიან და ცალობით მიაქვთ. გარდა ამისა, რესტორნებსა და სასტუმროებს მიჰქონდათ ხოლმე პროდუქცია, ბოლო დროს ამანაც იკლო და ახლა საერთოდ თუ აღარ იმუშავებენ, ეგეც ხომ მომაკლდება?”, – განმარტავს დარჯანია .

აგრარულ ბაზრებში კლიენტების რაოდენობის შემცირებაზე საუბრობენ სხვა მოვაჭრეებიც. ერთ-ერთი მოვაჭრე, რომელმაც სახელის და გვარის გამხელა არ ისურვა, “ნეტგაზეთს” უყვება, რომ პირველი ლოქდაუნისას მას და სხვა მოვაჭრეებს დანაზოგები ჰქონდათ, თუმცა ეს დანაზოგები გაზაფხულზე ამოწურეს, მუშაობის განახლების შემდეგ კი ბაზრებში ხალხის რაოდენობამ იკლო, რის გამოც პირადად მას საპენსიო სესხის გამოტანაც მოუწია.

ის ვარაუდობს, რომ საზოგადოებრივი ტრანსპორტის აკრძალვის შემდეგ მოსახლოება ბაზარში აღარ წავა და საჭირო პროდუქტს სახლთან ახლოს მდებარე სასურსათო მაღაზიებში შეიძენს.

“ყოველდღიურად ადგილისთვის 31 ლარს ვიხდი და 31 კაცი არ შემოდის ბაზარში. მომიწევს რომ დავხურო ეს [დახლი] და მომიწევს შიმშილობა. პენსიაზე სესხი მაქვს გამოტანი, ისეც სესხი მაქვს გამოტანილი, რა გავაკეთო, ამ სესხებს რა ვუყო, ოჯახში საჭმელს რა ვუყო? ვინ დამიფარავს სესხებს… ხალხი რომ არ დადის, ამის გამო რამე შეღავათი რომ მოგვცენ, ეგეც არ არსებობს”, – ამბობს ერთ-ერთი მოვაჭრე.

ალტერნატიული ლოქდაუნი

მთავრობის ადმინისტრაციაში 26 ნოემბერს გამართულ ბრიფინგზე ახალ შეზღუდვებზე საუბრისას პრემიერ-მინისტრმა,გიორგი გახარიამ განაცხადა, რომ ეს იყო კომპრომისი, რომელიც მინიმალურ შესაძლო ზიანს მიაყენებდა ეკონომიკას, თუმცა 2 თვის განმავლობაში კორონავირუსის გავრცელების შემცირების კუთხით რეალურ შედეგს გამოიღებდა.

მისი თქმით, ახალი შეზღუდვები უკვე არსებული 5%-იანი ეკონომიკური ვარდნის პროგნოზის გარდა დამატებით მხოლოდ 0.7-0.8%-იან ეკონომიკურ ვარდნას გამოიწვევს.

“რა თქმა უნდა, ამ შეზღუდვებს თავისი ეკონომიკური ფასი ექნება, მაგრამ მერწმუნეთ, ამ შეზღუდვების არშემოღებას და ინფიცირების უკონტროლო ზრდას ექნება ბევრად მეტი ეკონომიკური ფასი. დღეს ამ შეზღუდვების ფასს ჩვენ ვაკონტროლებთ და ვთვლით, რომ ეს იქნება დაახლოებით 0,7-0,8% დამატებით იმ ეკონომიკურ მაჩვენებლებთან, რომელსაც ჩვენ ისედაც დღეს ვუყურებთ. აქ არ არის კრიტიკულ რიცხვებზე საუბარი, ყველაფერი არის აღსრულების ნაწილზე დამოკიდებული”, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

“საზოგადოება და ბანკების” ხელმძღვანელი, გიორგი კეპულაძის თქმით, მთავრობის მიერ გაანგარიშებული 5-6%-მდე ეკონომიკური ვარდნა რეალურ ცხოვრებაში ხალხისთვის გამქრალ შემოსავალსა და შემცირებულ სამუშაო ადგილებს ნიშნავს, რაც ფასების ზრდას კიდევ უფრო შეუწყობს ხელს.

ამის ფონზე კი საზოგადოებრივი ტრანსპორტის შეზღუდვა და გარკვეული ბიზნესებისთვის ოპერირების გაგრძელების შესაძლებლობის მიცემას, კეპულაძე არალოგიკურად მიიჩნევს.

მისი თქმით, ეს იგივე ლოქდაუნის ტოლფასია, თუმცა იმ განსხვავებით, რომ იმ ბიზნესების წარმომადგენლები, რომლებიც მუშაობას არ გააგრძელებენ, დახმარებას ვერ მიიღებს.

“დასაქმებულებს შეუმცირდებათ ყოველდღიური შემოსავალი იმიტომ, რომ მათთან ვერ მივა კლიენტი, რადგან არ ექნება საკმარისი ფული. ფაქტობრივად, მთავრობა ხალხს ეუბნება, რომ ვისაც მანქანა არ გყავთ, სახლში დაჯექით და საჭმელს როგორ შეჭამთ, არ გვაინტერესებსო. ფაქტია, რომ გარკვეულ ბიზნესებს ღიას ტოვებენ, თუმცა სამსახურამდე ხალხი ვერ მივა. ამ ადამიანებს რას სთავაზობენ?! ბარემ პირდაპირ ვთქვათ, რომ დავიკეტეთ ”, – უთხრა “ნეტგაზეთს” კეპულაძემ.

მისი თქმით, მთავრობის მხრიდან არასწორად მოხდა არსებული ფინანსური რესურსის გადანაწილება. კერძოდ, კეპულაძე განმარტავს, რომ დახმარებები, რომლებიც სახელმწიფომ პირველი ლოქდაუნისას და მის შემდეგ გამოყო, ძირითადად მმართველი პარტიის მხრიდან წინასაარჩევნო კამპანიას “უფრო ემსახურებდა, ვიდრე რეალურად ხალხის დახამრებას”:

“ჩვენ გვქონდა ილუზია, რომ წამყვან ევროპულ და სხვა ჩვენზე განვითარებულ ქვეყნებზე უფრო ადვილად მოვერეოდით რესპირატორულ ვირუსს. სამწუხაროდ, ეს იყო არასწორი წარმოდგენა, რაც “ქართული ოცნების” მხრიდან წინასაარჩევნო კამპანია იყო და ამან მიგვიყვანა სწორედ ამ შედეგებამდე. როდესაც ჩვენ გვითხრეს, რომ მოვერიეთ ვირუსს, რა თქმა უნდა, ჩვენ უფრო ზერელედ შევხედეთ”, – განმარტა კეპულაძემ.

კეპულაძის თქმით, ბიზნესისთვის კრიზისის დროს უფრო მნიშვნელოვანი იქნებოდა საგადასახადო შეღავათები ვიდრე ერთჯერადი სუბსიდირება, რადგან ამ გზით კომპანიებს მეტი თანხა დარჩებოდათ, რომლის საშუალებითაც ოპერირების გაგრძელებას და სამუშაო ადგილების შენარჩუნებას შეძლებდნენ.

მთავრობის გეგმა

რაც შეეხება საზოგადოებრივი ტრანსპორტის აკრძალვის ფონზე დასაქმებული ადამიანების გადაადგილების საკითხზე მთავრობის პოზიციას, ვიცე-პრემიერ მაია ცქიტიშვილის თქმით, მთავრობა ფინანსთა სამინისტროსთან ერთად განხილვას, იქნება თუ არა “ამ ყველაფრის დაფინანსების შესაძლებლობა”.

მიუხედავად იმისა, რომ მოქალაქეების სოციალური დახმარების ახალ პაკეტში არ არის გათვალისწინებულიშეზღუდვების პირობებში მომუშავე ადამიანების დახმარება, მაია ცქიტიშვილი მიიჩნევს, რომ მთავრობა მათ მაინც ეხმარება.

“ამ ადამიანებისთვის და ოჯახებისთვის არის გათვალისწინებული კომუნალური გადასახადების სუბსიდია”, – ამბობს მაია ცქიტიშვილი, რომელიც მიუთითებს კომუნალური გადასახადების ოთხთვიან სუბსიდიაზე, რომლითაც თანაბრად სარგებლობენ როგორც ქვეყნის მდიდარი, ისე – საშუალო შემოსავლებისა და შემოსავლის გარეშე დარჩენილი მოსახლეობა.

ამასთან, ცქიტიშვილს შეღავათად მიაჩნია ისიც, რომ არაფორმალურ სექტორში დასაქმებულ ადაიანთა ოჯახებს აქვთ 100 ათასამდე სოციალური ქულა, რაც ნიშნავს იმას, რომ ისინი სახელმწიფოსგან გარკვეულ დახმარებას იღებენ.

ცქიტიშვილის განმარტებით, სწორედ ამას ითვალისწინებს გაფართოებული პაკეტი, რომელიც მოიცავს სოციალურად შეჭირვებულ ოჯახებს, რომელთაც არ აქვთ სოციალურად დაუცველის სტატუსი.

“ ამ შემთხვევაში ამ ოჯახებსაც ვფარავთ ნაწილობრივად მაინც კომუნალური გადასახადების სუბსიდირებით და იმ 600 ლარიანი პაკეტით, რომელსაც ჩვენ 6 თვეზე ვანაწილებთ”, – განმარტა ცქიტიშვილმა.

მთავრობა კი კორონავირუსის პანდემიის მეორე ტალღის პირობებში დაეხმარება მოქალაქეთა ნაწილს, ასევე იმ დასაქმებულებს, რომლებიც იძულებულნი არიან, შეზღუდვების პირობებში მუშაობა თითქმის ორი თვით შეაჩერონ.

ეს შეღავაღებია:

  • საცალო ვაჭრობის სექტორში მომუშავე თვითდასაქმებულები ერთჯერად 300-ლარიან დახმარებას მიიღებენ. პრემიერ-მინისტრის თქმით, ამ მოქალაქეთა აღსარიცხად მთავრობა მუშაობს კომპანიებთან ერთად, რომლებშიც ისინი არიან დასაქმებულნი (ეს არ ეხება იმ დასაქმებულებს, რომლებსაც მუშაობის უფლება აქვთ, მაგალითად სალონების თანმშრომლებსა და აგრარული ბაზრობების მოვაჭრეებს);
  • საცალო ვაჭრობის სექტორში დასაქმებულ პირებს სახელმწიფო სესხების გადავადებაში დაეხმარება (ეს არ ეხება იმ დასაქმებულებს, რომლებსაც მუშაობის უფლება აქვთ, მაგალითად სალონების თანმშრომლებსა და აგრარული ბაზრობების მოვაჭრეებს);
  • მთავრობა მოქალაქეებს 4 თვით დაუფარავს კომუნალურ გადასახადებს;
  • ფორმალურად დასაქმებულები, რომლებიც დაკარგავენ სამსახურებს, მომდევნო 6 თვის მანძილზე 1 200 ლარს მიიღებენ, თვეში – 200-200 ლარს;
  • სოციალურად დაუცველი ოჯახები, რომელთათვის მინიჭებული ქულების რაოდენობა მერყეობს 65 000-100 000-ს შორის, 6 თვის მანძილზე სახელმწიფოსგან მიიღებენ 100-100 ლარს;
  • სოციალურად დაუცველი ოჯახები, რომელთაც მინიჭებული აქვთ 0-100 000 ქულა და ჰყავთ 3 ან მეტი 16 წლამდე შვილი, 6 თვის მანძილზე, ყოველდღიურად მიიღებენ 100-100 ლარს.
  • 18 წლამდე შშმ და მკვეთრად გამოხატული შშმ პირებისთვის გამოიყოფა ყოველთვიური 100-ლარიანი დახმარება 6 თვის მანძილზე;
  • სახელმწიფო სესხების გადავადებაში დაეხმარება იმ ინდმეწარმეებსა და ფიზიკურ პირებს, რომელთა ობიექტებიც, ახალი შეზღუდვების თანახმად, დროებით უნდა დაიხუროს და რომელთაც ასეთი დახმარების საჭიროება ექნებათ

მასალების გადაბეჭდვის წესი