ახალი ამბები

2025 წლის ევროპის ზამთრის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალი ბაკურიანში გაიმართება

27 ნოემბერი, 2020 • 1578
2025 წლის ევროპის ზამთრის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალი ბაკურიანში გაიმართება

ევროპის ზამთრის ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალს, რომელიც 2025 წელს გაიმართება, ბაკურიანი უმასპინძლებს. ინფორმაციას საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტი ავრცელებს.

“დღეს გამართულ ევროპის ოლიმპიური კომიტეტების (EOC) 49-ე გენერალურ ასამბლეაზე მიღებული იქნა ჩვენი სპორტისთვის მეტად მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება – ბაკურიანს ოფიციალურად მიენიჭა 2025 წლის ევროპის ზამთრის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის მასპინძლის სტატუსი”, – ნათქვამია გავრცელებულ განცახდებაში.

გამართული ასამბლეა, კორონავირუსის გავრცელების გამო, ონლაინ ფორმატში წარიმართა, სადაც მიღებულ გადაწყვეტილებას ფესტივალის ბაკურიანში ჩატარების შესახებ ფორუმის ყველა დელეგატმა დაუჭირა მხარი.

ფესტივალის მასპინძელ ქვეყნად საქართველოს შერჩევას წინ არაერთი პროცედურა უძღოდა. ევროპული ოლიმპიური კომიტეტის წარმომადგენლებმა საქართველოში მოინახულეს ბაკურიანისა და ბარჯომის ზამთრის კურორტები, რის შემდეგაც, საბოლოო არჩევანი ბაკურიანზე გაკეთდა.

„2015 წელს ჩვენ მაღალ დონეზე ვუმასპინძლეთ ზაფხულის ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალს და მაშინ მიღებული გამოცდილება უთუოდ გამოგვადგება უკვე 2025 წელს”, -განაცხადა სეოკ-ის პრეზიდენტმა ლერი ხაბელოვმა, – “ამჯერად მოგვიწევს ორი მთავარი ამოცანის შესრულება: ერთი მხრივ, უნდა შევქმნათ ზამთრის სპორტისთვის აუცილებელი თანამედროვე ინფრასტრუქტურა, პარალელურად კი – საფუძვლიანად მოვამზადოთ ჩვენი ახალგაზრდები მაღალი სპორტული მიზნებისთვის საბრძოლველად და ამ საქმეს განსაკუთრებული პასუხისმგებლობით უნდა მოვეკიდოთ. პარალელურად, უნდა გავწიოთ შრომატევადი საორგანიზაციო სამუშაოები, რათა ფესტივალს სრულ მზადყოფნაში შევხვდეთ. ძალზე მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ გვაქვს საქართველოს მთავრობის მყარი მხარდაჭერა, რაც ოპტიმიზმის საფუძველს გვაძლევს. დარწმუნებით შემიძლია გითხრათ, რომ ზამთრის სპორტში დღეს და ხვალ განხორციელებული ინვესტიცია აუცილებლად მოგვცემს ხელშესახებ შედეგს და არა მხოლოდ ზამთრის სპორტის სრულიად ახალ სიმაღლეზე აყვანის, არამედ ბევრი სხვა მიმართულებითაც”, – აცხადებს ლერი ხაბელოვი.

მასალების გადაბეჭდვის წესი