ახალი ამბები

საია შეზღუდვების კონსტიტუციურობის დაჩქარებულად შესწავლას ითხოვს

27 ნოემბერი, 2020 • 745
საია შეზღუდვების კონსტიტუციურობის დაჩქარებულად შესწავლას ითხოვს

საია საკონსტიტუციო სასამართლოს მოუწოდებს, დაჩქარებულ ვადაში შეისწავლოს მთავრობის მიერ დაწესებული საკარანტინო შეზღუდვების კონსტიტუციურობა.

საიას განცხადებით, მთავრობის მიერ მიღებული გადაწყეტილებები გავლენას ახდენს ეკონომიკურ საქმიანობაზე და ღამის საათებში ტრანსპორტით გადაადგილების აკრძალვა ზღუდავს კონსტიტუციით გარანტირებულ გადაადგილების თავისუფლებას, ბაზრობების და სავაჭრო ობიექტების დაკეტვა ზღუდავს ამ ობიექტების მფლობელთა საკუთრების უფლებას, “რაც აღნიშნულ ობიექტებში დასაქმებული ადამიანების შრომის თავისუფლებაში ჩარევას იწვევს”.

საიას არაკონსტიტუციურად მიაჩნია შრომის და გადაადგილების თავისუფლების შეზღუდვის დელეგირება პარლამენტიდან მთავრობაზე. საიას განმარტებით, გადაადგილების თავისუფლების შეზღუდვა უნდა მოხდეს მხოლოდ კანონით, ხოლო კონსტიტუციით შრომის თავისუფლების რეგულირება ხდება ორგანული კანონით.

მათი თქმით, როგორც ჩვეულებრივ კანონს, ისე ორგანულ კანონს საქართველოს პარლამენტი იღებს და, შესაბამისად, კონსტიტუციის ცალსახა მოთხოვნას წარმოადგენს ის, რომ შრომის თავისუფლება და გადაადგილების თავისუფლება შეიზღუდოს პარლამენტის და არა მთავრობის მიერ.

“კონსტიტუციით განმტკიცებულია ხელისუფლების დანაწილების პრინციპი, რომლის მიხედვითაც, პარლამენტს ეკისრება შრომისა და გადაადგილების თავისუფლებაზე ექსკლუზიური საკანონმდებლო ჩარჩოს დაწესების ვალდებულება. ხელისუფლების დანაწილების პრინციპის მიხედვით, მთავრობა პარლამენტის მიერ დაწესებული სტანდარტების ზედმიწევნით აღმასრულებელი უნდა იყოს. ეს არის ხელისუფლების დანაწილების ის მოდელი, რასაც კონსტიტუცია გვთავაზობს. ამის საპირისპიროდ, რეალურად ვიღებთ ისეთ ვითარებას, როცა შრომის და გადაადგილების კონსტიტუციურ თავისუფლებების შემზღუდველ ჩარჩოს, პარლამენტის მონაწილეობის გარეშე, აწესებს მთავრობა, რომელიც არის თავისივე დაწესებული შეზღუდვის აღმასრულებელი”, — აცხადებს საია.

საია-ს თქმით, ასეთ ვითარებაში, მთავრობის უკონტროლო და ჭარბი ძალაუფლების ბოროტად გამოყენების თავიდან აცილების ერთადერთი გარანტი უნდა იყოს საკონსტიტუციო სასამართლო, რომელმაც უნდა დაიცვას ადამიანის კონსტიტუციური უფლებები მთავრობის “გაუმართლებელი ჩარევისაგან” და, იმავდროულად, აიძულოს პარლამენტი, შეასრულოს მისი კონსტიტუციური ვალდებულება – მთავრობას დაუწესოს შრომის და გადაადგილების თავისუფლების შემზღუდველი საკანონმდებლო ჩარჩო.

როგორც საია აცხადებს, ამჟამად საკონსტიტუციო სასამართლოს წარმოებაშია მათი ორი საქმე, რომელიც ზემოთ ხსენებული უფლებების, მთავრობის მიერ შეზღუდვის კონსტიტუციურობის საკითხს ეხება.

მათი თქმით, საკონსტიტუციო სასამართლომ აღნიშნულ სარჩელთაგან ერთ-ერთი საოქმო ჩანაწერით  არსებითად განსახილველად მიიღო ჯერ კიდევ 2020 წლის 5 ივნისს, სარჩელის სასამართლოში რეგისტრაციიდან მე-11 დღეს. ხოლო მეორე სარჩელი საოქმო ჩანაწერით არსებითად მიიღო 2020 წლის 12 ნოემბერს, სარჩელის სასამართლოში რეგისტრაციიდან დაახლოებით ხუთ თვეში. საის განცხადებით, ამ დრომდე საკონსტიტუციო სასამართლოს არცერთი სარჩელი არ განუხილავს.

ამასთან, საიას მაგალითად მოჰყავს ევროპული ქვეყნების გამოცდილებაც და ამბობს, რომ ევროპული ქვეყნების საკონსტიტუციო სასამართლოებმა covid-19-ის პანდემიასთან დაკავშირებული შეზღუდვების დაწესებიდან მალევე გადაწყვიტეს სადავოდ გამხდარი საკარანტინო ღონისძიებების კონსტიტუციურობის საკითხი.

“ყოველივე აღნიშნულის გათვალისწინებით, საია მოუწოდებს საკონსტიტუციო სასამართლოს, დროულად განიხილოს მის წარმოებაში არსებული საქმეები, რომელიც ეხება შრომის და გადაადგილების თავისუფლების შეზღუდვის მთავრობაზე დელეგირების კონსტიტუციურობას. აღნიშნული სარჩელების განხილვის დროში გაწელვა კიდევ უფრო დააზიანებს ადამიანის უფლებათა დაცვის ხარისხს, კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენებს კონსტიტუციური მართლმსაჯულების ეფექტიანობას და შეარყევს საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართ საზოგადოების ნდობას”, — ნათქვამია საია-ს განცხადებაში..

მასალების გადაბეჭდვის წესი