ახალი ამბები

ოპოზიცია ხელისუფლების დაწესებულ შეზღუდვებს აკრიტიკებს

26 ნოემბერი, 2020 • 1564
ოპოზიცია ხელისუფლების დაწესებულ შეზღუდვებს აკრიტიკებს

ოპოზიციური პარტიების წარმოამდგენლები მთავრობის მიერ დაწესებულ შეზღუდვებს აკრიტიკებენ. მათი ნაწილი აცხადებს, რომ მთავრობას არ წარუდგენია გეგმა, თუ როგორ გამოიყვანს ქვეყანას ეკონომიკური კრიზისიდან, რომელსაც აღნიშნული გამოიწვევს, ნაწილი კი აცხადებს, რომ ეს მოსახლეობის შიმშილისთვის გაწირვაა და მხოლოდ შეზღუდვების იმედად ყოფნა არ შეიძლება.

“ერთიანი ნაციონალური მოძრაობიას” წევრი ზაალ უდუმაშვილი აქცენტს სწორედ პოსტკრიზისული ეკონომიკური გეგმის საჭიროებაზე აკეთებს. მისი თქმით, ხელისუფლებამ ამ შეკითხვას უნდა გასცეს პასუხი.

“მე ვერ მოვისმინე ჯერჯერობით მთავრობის ის გეგმა, რომელიც შეზღუდვების დროს უნდა განხორციელდეს. ანუ კონკრეტული გეგმა, როგორ გამოდის ქვეყანა კრიზისიდან. შეზღუდვები გასაგებია, შეიძლება დაეთანხმო, ან არ დაეთანხმო, მაგრამ მე უფრო მაინტერესებს ის გეგმა, შეზღუდვების მოხსნის შემდეგ რა მდგომარეობაში იქნება ქვეყანა, რაც ჩვენ ჯერ ვერ მოვისმინეთ”, – ამბობს უდუმაშვილი.

რაც შეეხება პოლიტიკურ პროცესებს, უდუმაშვილი ამბობს,რომ  სავარაუდოდ, ოპოზიცია აქციებს გააგრძელებს, თუმცა რა ფორმით, ჯერ უცნობია:

“აქციები, სავარაუდოდ, იქნება იმისდა მიხედვით, თუ რის საშუალებას იძლევა დღევანდელი რეგულაციები.  შესაძლოა, 9 საათის შემდეგ არ გაიმართოს აქციები, მაგრამ დღის განმავლობაში არავის აუკრძალავს“, – განაცხადა ზაალ უდუმაშვილმა.

“ევროპული საქართველოს” ლიდერი გიგი უგულავა კი აცხადებს, რომ ხელისუფლება ეკონომას კლავს და მოსახლეობას შიმშილისთვის წირავს. მისთვის მიუღებელია როგორც საზოგადოებრივი ტრანსპორტის აკრძალვა, ასევე, ზამთრის კურორტების ჩაკეტვა:

“რეალურად, ხელისუფლება გვეუბნება, რომ კლავს ეკონომიკას. საზოგადოებრივი ტრანსპორტის შეჩერება, მათ შორის მეტროს შეჩერება, ნიშნავს იმას, რომ ადამიანები სამსახურებში ვერ ივლიან. პრინციპულად მიუღებელია, როდესაც 4 ათასი შემთხვევა არის საშუალოდ დღე-ღამის განმავლობაში, არანაირი აზრი არ არსებობს მთის კურორტების ჩაკეტვაში, გარდა იმისა, რომ მივიღებთ მთაში პირდაპირი მნიშვნელობით შიმშილს. პანდემია საახალწლოდ ისვენებს? მერე უკვე 3 იანვირდან 2 კვირა მთელი ქვეყანა ისვენებს, საბოლოო ჯამში, ჩვენ პანდემიაზე უარეს სიტუაციაში შეიძლება აღმოვჩნდეთ“, – ამბობს გიგი უგულავა.

“ლელოს” ლიდერი მამუკა ხაზარაძე კი აცხადებს, რომ ხალისუფლებამ სრული კრახი განიცადა და მათი არაკომპეტენტურობა კიდევ ერთხელ დადასტურდა:

“ხელისუფლებამ სრული კრახი განიცადა პანდემიასთან მიმართებით და ეს უნდა აღიაროს, პირველ რიგში. აქედან გამომდინარე, ჩაკეტვა უკიდურესი ზომაა, რომელიც არის მცდელობა იმ გაფუჭებული მენეჯმენტის და არაკომპეტენტურობის დასაგვირგვინებლად. ჩაკეტილ წრეში მოექცა ჩვენი მთავრობა და ეს მცდელობები, სამწუხაროდ, ქვეყანას მიიყვანენ ძალიან ცუდ მდგომარეობამდე”, – აღნიშნავს მამუკა ხაზარაძე.

ახალ რეგულაციებზე ტელეკომპანია “პირველთან” ისაუბრა “სტრატეგია აღმაშენებლის” ლიდერმა გიორგი ვაშაძემ. ვაშაძის თქმით, ის რეგულაციების სრულად მოწინააღმდეგე არ არის, თუმცა მიიჩნევს, რომ მხოლოდ რეგულაციები საკმარისი არაა. ვაშაძე ამბობს, რომ აუცილებელია მასობრივი ტესტირება ინფიცირებულთა გამოსავლენად, რასაც უფრო ეფექტიანად მიიჩნევს, ვიდრე ორთვიანი შეზღუდვების შემოღებას:

“უმძიმესი ვითარებაა ქვეყანაში პანდემიის გავრცელების კუთხით, ძალიან ვწუხვარ, რომ ამდენი ადამიანი იღუპება ამის გამო. მთავარი პრობლემაა, რასაც ჯერ კიდევ გაზაფხულზე ვამბობდი, დიაგნოსტიკა, ტესტირების არასაკმარისი რაოდენობა. ეს არის პრობლემა იმის, რომ 10 000 ნიშნულს, ფაქტობრივად, ვერ გადავაჭარბეთ დღიურად ტესტირების. თუ მე ინფიცირებულ ადამიანს არ ვადგენ, რა თქმა უნდა, გავრცელდება უფრო დაავადება. მეორე მხრივ, სოციალურ პაკეტებს გავაანალიზებთ და მეტი და მეტი იქნება გასაკეთებელი. მხოლოდ შეზღუდვები არ გვიშველის.

მე იმას კი არ ვამბობ, რომ შეზღუდვები საერთოდ არ უნდა იყოს. მე გეტყვით, როგორ მოვიქცეოდი –  ორი კვირა ტოტალური შეზღუდვა, გატესტვა მთელი ქვეყნის, გამოვლენა, სახლში თვითიზოლაციაში გადაყვანა და მათი მკურნალობა. ახლა ჩვენ ვართ შეზღუდვებში, რომლის შედეგიც როდის დადგება, არ ვიცით”, – ამბობს გიორგი ვაშაძე “ტელეკომპანია პირველთან”.

მთავრობამ ახალი შეზღუდვების ჩამონათვალი გამოაქვეყნა

მასალების გადაბეჭდვის წესი