ახალი ამბები | ,

ჯანდაცვის სსიპ-მა 426 367 ლარის ღირსებულების 11 ავტომობილი შეისყიდა

26 ნოემბერი, 2020 | | 766
ჯანდაცვის სსიპ-მა 426 367 ლარის ღირსებულების 11 ავტომობილი შეისყიდა

ჯანდაცვის სამინისტროს სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყალობით უზრუნველყოფის სააგენტომ 426 367 ლარის ღირებულების ავტომობილები შეისყიდა.

სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით, სააგენტომ 9 ერთეული Ford Fiesta Trend (2019 წლის გამოშვება) და 3 ერთეული SsangYong Tivoli 1.6 (2019 წლის გამოშვება) მარკის ავტომობილების შესყიდვაზე გააფორმა ხელშეკრულებები. 9 Ford Fiesta-ს სააგენტო “ჯითი მოტორსისგან” ყიდულობს, თითოს 31 322 ლარად, 3 SsangYong-ს კი- “სენა აუტოსგან”, თითოს – 48 155 ლარად.

ხელშეკრულება “ჯითი მოტორსთან” 16 ნოემბერს, ხოლო “სენა აუტოსთან” 12 ნოემბერსაა გაფორმებული.

შესყიდვას სააგენტოში ამას ხსნიან  “მოძველებული და ამორტიზებული ავტოპარკით”, რომელიც მათი თქმით, სათანადოდ ვეღარ ემსახურებოდა დევნილთა განსახლების პროცესს მთელი ქვეყნის მასშტაბით.

მათი თქმით, იძულებით გადაადგილებულ პირთა- დევნილთა განსახლებისა და საცხოვრებელი პირობების შექმნისათვის საჭირო ღონისძიებების სრულყოფილად და შეუფერხებლად განხორციელების მიზნით სააგენტომ ჯერ კიდევ გაზაფხულზე დაიწყო აღნიშნული ავტომანქანების შესყიდვის პროცედურები:

“სამოქმედო გეგმის ფარგლებში, 2020 წლის ნოემბერში მართლაც შეიძინა საქართველოს ბაზარზე დღეს არსებულ ყველაზე დაბალ ფასად, ეკონომპაკეტის ,,ფორდ ფიესტას“ მოდელის ავტომანქანებს, რომლებიც გახლავთ სამორიგეო დანიშნულების, გააჩნია სააგენტოს ლოგო და არ არის განპიროვნებული ერთ რომელიმე კონკრეტულ ადამიანზე.

ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ ახალი ავტოსატრანსპორტო საშუალებების შეძენა მოხდა დევნილთა განსახლებისა და საცხოვრებელი პირობებით უზრუნველყოფის პროცესის გაუმჯობესების მიზნით. ისინი განკუთვნილია მხოლოდ საველე სამუშაოებისთვის მთელი ქვეყნის მასშტაბით, კომპაქტური ჩასახლების ობიექტებში ვიზიტებისთვის, დევნილთა მართლზომიერ მფლობელობაში არსებული საცხოვრებელი ფართების დაკანონებისთვის საჭირო აზომვითი სამუშაოების ჩასატარებლად, მონიტორინგის პროცესის ხარისხიანად
და ოპერატიულად განსახორციელებლად, დევნილთა და ეკომიგრანტთა ოჯახების საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სამუშაოების მომსახურებისთვის” ,- აცხადებენ სააგენტოში.

მათ განცხადებით, კორონავირუსის პანდემიის მიუხედავად, სააგენტოს არცერთი დღით არ შეუჩერებია მუშაობა და აქტიურად ახორციელებს დევნილი მოსახლეობის მონიტორინგისა და განსახლების პროცესს როგორც დედაქალაქში, ისე რეგიონებში. პანდემიის გამო შექმნილი საგანგებო მდგომარეობის დროს კი სააგენტოს თანამშრომლები პირადად ურიგებდნენ განსაკუთრებით მოწყვლად დევნილ ოჯახებს სურსათსა და სასიცოცხლოდ აუცილებელ პროდუქტებს მთელი ქვეყნის მასშტაბით:

“ნებისმიერი ხარჯი, რომელსაც სააგენტო გასწევს, ემსახურება ერადერთ მიზანს – ეს გახლავთ დევნილთა განსახლება და მათი უზრუნველყოფა ღირსეული საცხოვრებელი პირობებით. დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო ყველა შესაბამის ზომას იღებს, რათა შეასრულოს მასზე კანონმდებლობით დაკისრებული ვალდებულებები, ხარისხიანად მოემსახუროს ჩვენს დევნილებსა და ეკომიგრანტებს, ასევე, დაიცვას საკუთარი თანამშრომლების ჯანმრთელობა და უზრუნველყოს ისინი უსაფრთხო სამუშაო პირობებით”,- აღნიშნავენ სააგენტოში.

მასალების გადაბეჭდვის წესი