ახალი ამბები

სატრანსპორტო კომპანია ინფიცირებულთა რეალურ ოდენობას არ ასაჯაროებს – მემანქანეები

26 ნოემბერი, 2020 • 1732
სატრანსპორტო კომპანია ინფიცირებულთა რეალურ ოდენობას არ ასაჯაროებს – მემანქანეები

თბილისის მეტროს მემანქანეთა დამოუკიდებელი პროფესიული კავშირი “ერთობა 2013” განცხადებას ავრცელებს, სადაც ამბობს, რომ სატრანსპორტო კომპანია დაინფიცირებულთა რაოდენობის შესახებ სწორ ინფორმაციას არ ავრცელებს.

ეს ღია წერილი პროფესიულმა კავშირმა კახა კალაძის განცხადების შემდეგ გამოაქვეყნა. კალაძემ გუშინ თქვა, რომ მეტრო არ გაჩერდება, საჭიროების შემთხვევაში კი მემანქანეებს ბელარუსიდან ჩამოიყვანენ.

„ჩვენის აზრით, ეს არის ბელარუსი მემანქანეების შეურაცხყოფა, რადგან სამუშაოდ ეპატიჟებიან ისეთ ქვეყანაში სადაც ბოლო რამოდენიმე დღის განმავლობაში ეპიდემიის გავრცელების მხრივ პირველ ადგილზე ვართ.

თუ მერი ბელარუს მემანქანეებს შესთავაზებს სტერილურ სამუშაო გარემოს და დაიცვას მათ ვირუსისაგან? ასეთ შემთხვევაში ჩვენს მემანქანეებს რატომ არ შესთავაზეს იგივე გარემო?“, – ვკითხულობთ მემანქანეების განცხადებაში.

„ეს დღეებია ჩვენ ვაცხადებთ, რომ სატრანსპორტო კომპანიაში, მემანქანეების გარდა, სხვა პოზიციაზე დასაქმებულებიც არიან დაინფიცერებული. თუმცა რამოდენიმე სამსახურის უფროსმა არ მოგვაწოდა ინფორმაცია ინფიცირებულების რაოდენობის შესახებ – ამ გადაწყვეტილებას თვითონ ვერ მიიღებთო. ჩვენი აზრით, ეს საკითხი დირექციიდანაა დავალებული, რადგან არ გავრცელდეს სწორი ინფორმაცია. ეს საეჭვოს ხდის იმას, რომ სატრანსპორტო კომპანიის დირექცია არ აწვდის სწორ ინფორმაციას დაინფიცერებული თანამშრომლების რაოდენობის შესახებ არც მერიას და არც საკოორდინაციო საბჭოს, რადგან მერიამ განაცხადა გუშინ, რომ 25 მემანქანეა დაინფიცირებულიო.

რეალური ციფრი კი 50-დეა, ეს მხოლოდ მემანქანე ორივე ხაზზე, 20 კი, ექსპლუატაციაში სხვადასხვა პირი, რომელსაც პირდაპირი შეხება აქვს მატერებლების მოძრაობასთან“.

მემანქანეების მტკიცებით, დღეს ლუგარის ლაბორატორიიდან კიდევ 40-მდე მემანქანის პასუხს ელოდებიან – „ეს მხოლოდ ვარკეთილი-ახმეტელის გზაზე. რაც შეეხება საბურთალოს ხაზიდან, ჯერ არცერთი მემანქანე არ გაუგზავნიათ ლუგარში ტესტის ასაღებად. ვინც შეამჩნია სიმპტომები, თავის ხარჯებით გააკეთა ტესტი და გადიან მკურნალობას“.

მემანქანეები ამბობენ, რომ მეტროს მენეჯმენტი კალაძესაც არასწორ ინფორმაციას აწვდის, ამასთანავე – „ამ პანდემიის პირობებში უკვე რამდენიმე თვეა მუშებს ვერ უზრუნველყოფენ ხელის დასაბანი საპნით და თვითონ ყიდულობენ მუშები,“.

„ბევრ სამსახურებში მუშებს ვერ უზრუნველყოფენ სპეცტანსაცმლით და სპეციარაღებით.წელს პირველად მემანქანეებს ზამთრის ფორმა ვერ შეუკერეს, ეს იმ ფონზე, როცა გაცხადებული გაქვთ, რომ მეტროს მემანქანე ქალაქის სახეა და მართლაც ასეა, მას უცქერის ასიათასობით ადამიანი, ჩვენი მოქალაქე თუ ამ ქალაქის სტუმარი. როგორც წესი, ეს ფორმები ყბადაღებული თემაა და ყოველ ორ წელიწადში ხდება პრობლემური. ამ საკითხზეც ბევრჯერ გავაცანით ჩვენი ხედვა დირექციას, მაგრამ ამაოდ. ფაქტი სახეზეა, უფორმოდ არიან დღეს მემანქანეები და რაც მოუტანეს, ზაფხულის ფორმას ვგულისხმობთ, ისიც არ აცვიათ და თავისი სახსრებით შეიძინეს მსგავსი ფერის“.

განცხადებაში ნათქვამია, რომ იგივე შეძლება ითქვას კონტროლიორებზე, სადგურისა და დეპოების მორიგეებზე და ბლოკსაგუშაგოს მორიგეებზე. მათივე ინფორმაციით, სარემონტო სამუშაოები შესაბამისი სათადარიგო ნაწილების არარსებობის გამო თვეებია, რაც ჭიანურდება.

„და თუ დღემდე ასე ,,გამართულად” მუშაობს მეტროპოლიტენი, გვერწმუნეთ, ეს ნამდვილად არაა დირექციის დამსახურება. ეს არის სწორედ იმ პროფესიონალი მუშახელის დამსახურება, რომელსაც ერთხელაც არ გადაუხადეთ მადლობა, თუნდაც ამ პანდემიის პერიოდში, როდესაც გარდა თავისზე დაკისრებული მოვალეობისა, ასრულებენ დღემდე სადგურების და მატარებლების დეზინფექციას, ეს გრძელდება თვეები და პრემია კი არა, მადლობაც არავის უთქვამს მათთვის.

ჩვენი თანამშრომლები, რომლებიც კომპანიის დირექციამ მოწყვიტა სამუშაო ადგილებს და ,,პრევენციის” მიზნით დააყენა სადგურებში, რათა ათასობით მგზავრს მოუწოდონ პირბადეების მოხმარებისკენ, დაინფიცირების საფრთხის ქვეშ დააყენეს და დაინფიცირდნენ კიდეც,“.

მემანქანეები ამბობენ, რომ პრობლემა არის ასევე ჯანმრთელობის დაზღვევა, ხოლო გენერალური დირექტორი ამ გამოწვევების ფონზე მემანქანეებთან შეხვედრაზე უარს ამბობს.

„ჩვენი აზრით, ბატონო მერო, თქვენ გუშინდელი ჩვენი განცხადების შემდეგ, მიუხედავად თქვენი გადატვირთული გრაფიკისა, დაუყოვნებლივ უნდა მოგეთხოვათ ჩვენთან შეხვედრა და დარწმუნებულიყავით სიმართლეში. არამც და არამც არ უნდა გეხსენებინათ ბელარუსი მემანქანეების ალტერნატივა, არ უნდა შეგექოთ კომპანიის მენეჯმენტი, სანამ არ დარწმუნდებოდით მათ დამოკიდებულებაში საქმის მიმართ.

ბატონო მერო, ჩვენ მოგიწოდებთ, რომ დააფასოთ მშრომელი საზოგადოება, რომელიც უმეტესი წილის შემომტანია ბიუჯეტში და ამომრჩეველია ხელისუფლებისა“, – ნათქვამია მიმართვის ბოლოს.

ნეტგაზეთი დაუკავშირდა თბილისის სატრანსპორტო კომპანიასაც, სადაც გვითხრეს, რომ ჯერჯერობით ამ საკითხზე დამატებით კომენტარს არ გააკეთებენ. მათი ინფორმაციით, ის, რომ 20-მდე მემანქანეა ინფიცირებული, გუშინდელი მონაცემია და ამ მონაცემის გასაჯაროების პარალელურად, ტესტირებები გრძელდებოდა.

რაც შეეხება პირობების არარსებობას, სამსახურში ამბობენ, რომ ეს არასწორი ინფორმაციაა. თუმცა ახლა სამსახურის გადართულია კორონავირუსის პანდემიასთან დაკავშირებულ შეზღუდვებზე და მემანქანეებზე დამატებით კომენტარს ჯერჯერობთ ვერ გასცემს.

მასალების გადაბეჭდვის წესი