ახალი ამბები

მეტრო არ გაჩერდება, საჭიროების შემთხვევაში მემანქანეებს ბელარუსიდან ჩამოვიყვანთ — კალაძე

25 ნოემბერი, 2020 • 1257
მეტრო არ გაჩერდება, საჭიროების შემთხვევაში მემანქანეებს ბელარუსიდან ჩამოვიყვანთ — კალაძე

თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, ამ დროისთვის კორონავირუსი მეტროპოლიტენის 25-მდე მემანქანეს აქვს დადასტურებული.

მისი თქმით, მიუხედავად ამისა, მეტროს მუშაობას ხელი არ შეეშლება, ხოლო საჭიროების შემთხვევაში თბილისის მერია მეტროს მემანქანეებს ბელარუსიდან ჩამოიყვანს.

„ჩვენ ბელარუსთან, კონკრეტულად მინსკთან, გვაქვს ურთიერთთანამშრომლობის ხელშეკრულება დადებული, რომლის მიხედვით, საჭიროების შემთხვევაში შესაძლებლობა გვექნება მემანქანეები ჩამოვიყვანოთ ბელარუსიდან. მეტრო არ გაჩერდება, მოემსახურება დედაქალაქის მოსახლეობას“, – აღნიშნა კახა კალაძემ.

კალაძის განმარტებით, ამ ეტაპზე თბილისის მეტროპოლიტენში დარგის სპეციალისტების ყველა რეკომენდაცია სრულდება და მემანქანეების კორონავირუსზე ტესტირების პროცესიც ჩვეულ რეჟიმში მიმდინარეობს.

„დღეს რომ მეტრო გამართულად მუშაობს და ემსახურება დედაქალაქის მოსახლეობას, რის ხარჯზეა? ჩვეულებრივ ციდან ჩამოვარდა ეს ყველაფერი? რა თქმა უნდა, მენეჯმენტის და უსაფრთხოების ზომების მიღების ხარჯზე, ზუსტად იმ ტესტირებების ხარჯზე, რომელიც მეტროპოლიტენში ხორციელდება. სამწუხაროდ, ამ ტესტირებებით გამოვლინდა დაახლოებით 25-მდე თანამშრომლის ინფიცირების ფაქტი.  თუმცა მეტროს ამ ეტაპზე არანაირი შეზღუდვები არ დაუწესებია, ჩვეულებრივ რეჟიმში მუშაობს და ემსახურება დედაქალაქის მოსახლეობას. ასე გაგრძელდება მომავალშიც”, — განაცხადა კალაძემ.

თბილისის სატრანსპორტო კომპანიის დამოუკიდებელი პროფესიული კავშირი “ერთობა 2013”  აცხადებს, რომ რომ რეალუარად მეტროს 50 მემანქანეა კორონავირუსით ინფიცირებული.  მათივე ინფორმაციით, ამ ეტაპზე მეტროს 68 თანამშრომელია ინფიცირებული.

რეალურად მეტროს 50 მემანქანეა ინფიცირებული — პროფკავშირი “ერთობა 2013”

მასალების გადაბეჭდვის წესი