ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

ჟენევის დისკუსიების თანათავმჯდომარეებმა სოხუმში მოსამზადებელი შეხვედრები გამართეს

25 ნოემბერი, 2020 • 971
ჟენევის დისკუსიების თანათავმჯდომარეებმა სოხუმში მოსამზადებელი შეხვედრები გამართეს

მარიანა კოტოვა, სოხუმი


ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარეები მორიგ რაუნდამდე აფხაზეთში მოსამზადებელი შეხვედრისთვის ჩავიდნენ. შეხვედრები სოხუმში, საგარეო უწყებაში და პრეზიდენტის ადმინისტრაციაში, დღეს, 25 ნოემბერს გაიმართა.

ჟენევის დისკუსიების თანათავმჯდომარეებთან შეხვედრის დროს პრეზიდენტმა ასლან ბჟანიამ იმედი გამოთქვა, რომ ყარაბაღის ომის შემდეგ საერთაშორისო აქტორებისა და მოლაპარაკებათა პროცესის მონაწილეთა მხრიდან დიდი ყურადღება უნდა დაეთმოს ძალის გამოუყენებლობის შესახებ შეთანხმების ხელმოწერას.

თავის მხრივ, თანათავმჯდომარეებმა კიდევ ერთხელ აღნიშნეს მოლაპარაკებათა პროცესის გაგრძელების მნიშვნელობა.

“წელიწადზე მეტია ჟენევის ფარგლებში ადგილზე შეხვედრები არ ჩატარებულა. ვფიქრობ, ეს საკმარისზე მეტი დროა, რომლის განმავლობაშიც მონაწილეებს ბევრი მოსაზრება და იდეა დაუგროვდათ. მომავალ რაუნდზე მათი წარმოდგენისა და არსებული ფაქტების გააზრების საშუალება იქნება შესაძლებელი”, – ამბობს ჟენევის დისკუსიების თანათავმჯდომარე ეუთოდან რუდოლფ მიხალკა.

“ყველაზე მნიშვნელოვანი ისაა, რომ მოლაპარაკებების პროცესის ყველა მონაწილე შეხვედრების საჭიროებას ხედავს. ჟენევის დისკუსიები მნიშვნელოვანი მაგალითია იმისა, რამდენად აუცილებელია შეხვედრების ჩატარება, ერთმანეთის ნახვა, საუბარი და არსებული კონფლიქტების გადაჭრა”, – ამბობს თანათავმჯდომარე ევროკავშირიდან ტოივო კლაარი.

ასევე, თანათავმჯდომარეებმა იმედი გამოთქვეს, რომ განახლდება გალში შეხვედრები.

“ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის შეხვედრები ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ეს ერთადერთი საშუალებაა, ერთად შეკრიბო ადამიანები, რომლებიც პასუხისმგებელი არიან უსაფრთხოების საკითხებზე”, – განაცხადა ჯიჰან სულთანოღლუმ, თანამთავმჯდომარემ გაეროდან.

ჟენევის დისკუსიების მორიგი რაუნდი 10-11 დეკემბერს ჟენევაში გაიმართება.


ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების 6-7 ოქტომბრის რაუნდი ჩაიშალა. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, 6-7 ოქტომბერს დაგეგმილი ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების 51-ე რაუნდი რუსეთის ფედერაციის წარმომადგენელთა მიერ ჩაიშალა. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერის, მარია ზახაროვას თქმით,ქართული მხარის ბრალდებები, რომ ჟენევის მოლაპარაკებების 51-ე რაუნდი რუსეთმა ჩაშალა, “უსაფუძვლო და პოლიტიზებულია”. მან ჟენევის მოლაპარაკებების გადადების მიზეზად პანდემიასთან დაკავშირებული შეზღუდვები და ლოჯისტიკური პრობლემები დაასახელა. მისი თქმით, აღნიშნული მიზეზით “თავის შეკავების” გადაწყვეტილება არა მარტო რუსეთმა, არამედ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დელეგაციებმაც მიიღეს.

ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებები შექმნილია 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების საფუძველზე. დისკუსიები მიმდინარეობს ორი სამუშაო ჯგუფის ფარგლებში, სადაც მოლაპარაკებების მონაწილეები ინდივიდუალური სტატუსით არიან წარმოდგენილი. პირველი სამუშაო ჯგუფის ფარგლებში განიხილება საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე უსაფრთხოებისა და სტაბილურობის საკითხები, ხოლო მეორე სამუშაო ჯგუფში – აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში ადამიანის უფლებებისა და ჰუმანიტარული კუთხით არსებული მდგომარება, ასევე იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა საკუთარ საცხოვრებელ სახლებში უსაფრთხო და ღირსეულ დაბრუნებასთან დაკავშირებული საკითხები.

მოლაპარაკებები იმართება ევროკავშირის, გაეროსა და ეუთოს თანათავმჯდომარეობით და საქართველოს, რუსეთის ფედერაციისა და ამერიკის შეერთებული შტატების მონაწილეობით. სამუშაო ჯგუფის შეხვედრებს ესწრებიან აგრეთვე ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის დროებითი ადმინისტრაციის ხელმძღვანელი და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე ისევე, როგორც ცხინვალისა და სოხუმის საოკუპაციო რეჟიმების წარმომადგენლები.

მასალების გადაბეჭდვის წესი