ახალი ამბებიეკონომიკა

EU საქართველოთვის 100 მილიონი ევროს დახმარებას გამოყოფს

25 ნოემბერი, 2020 • 1403
EU საქართველოთვის 100 მილიონი ევროს დახმარებას გამოყოფს

ევროკავშირი მარკოფინანსური დახამრების პროგრამის ფარგლებში საქართველოსთვის 100 მილიონი ევროს ოდენობის დახმარებას გამოყოფს, მისი უმეტესი ნაწილი კი მიმართულია კორონავირუსის პანდემიასთან გასამკლავებლად. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობა ავრცელებს.

წარმომადგენლობის მიერ გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ ევროკავშირმა თანხა საქართველოს საგადამხდელო ბალანსის მხარდასაჭერად და საბიუჯეტო საფინანსო საჭიროებების შესამსუბუქებლად დღეს გადმოურიცხა.

“მაკროფინანსური დახმარების პროგრამა მიზნად ისახავს მდგრადი საგარეო საფინანსო მდგომარეობის აღდგენას და იგი საერთაშორისო სავალუტო ფონდის დაფინანსების თანმდევია. 2008 წლიდან ევროკავშირმა საქართველოში მაკროფინანსური დახმარების ოთხი ოპერაცია განახორციელა.

ამ დახმარების შემდგენელი ნაწილებია: 75 მილიონი ევრო 2020 წლის აპრილში გამოცხადებული მაკროფინანსური დახმარების ახალი პროგრამიდან, რომელიც მიზნად ისახავდა კორონავირუსის პანდემიით გამოწვეული სოციალურ-ეკონომიკური შედეგების შერბილებას; 25 მილიონი ევრო არის ბოლო ტრანში 2018 წლის აპრილში დამტკიცებულ წინა მაკროფინანსური დახმარების პროგრამიდან. საერთო ჯამში, 95 მილიონი ევრო ხელსაყრელი პირობების მქონე სესხების, ხოლო დანარჩენი 5 მილიონი ევრო – გრანტის სახით გაიცემა.”, – წერია განცხადებაში.

ასევე განცხადების მიხედვით, 75 მილიონი ევროს ოდენობის ტრანში პანდემიასთან გასამკლავებლად მიმართული მაკროფინანსური დახმარების პროგრამიდან მოჰყვება ევროკავშირის საქართველოს მთავრობასთან რეფორმების განხორციელებასთან დაკავშირებულ შეთანხმებას. კერძოდ, კი განცხადებაში აღნიშნულია, რომ რეფორმები უნდა განხორციელდეს: სახელმწიფო ფინანსების ამრთვის, მმართველობის (განსაკუთრებით მართლმსაჯულების სისტემის დამოუკიდებლობის, ანგარიშვალდებულებისა და ხარისხის ასამაღლებლად), ენერგეტიკის სექტორისა და შრომის ბაზართან დაკავშირებული პოლიტიკის სფეროებში.

იმ შემთხვევაში თუ საქართველოს მთავრობა აღნიშნულ რეფორმებს გაატარებს, მაკროფინანსური დახმარების პროგრამის ფარგლებში ევროკავშირი საქართველოსთვის დამატებით 75 მილიონ ევროს გამოყოფას 2021 წლის დასაწყისში გეგმავს.

“2018 წლის აპრილში დამტკიცებული მაკროფინანსური დახმარების პროგრამის ტრანშის მეორე ნაწილი (25 მილიონი ევრო) სესხების (20 მლნ ევრო) და გრანტის (5 მლნ ევრო) სახით გასაცემი თანხებისგან შედგება. პოლიტიკის სფეროში არსებული კონკრეტული შეთანხმებული პირობების შესრულებამ, ამ მეორე ტრანშისთვის შესაძლებელი გახდა რეფორმების გატარება სახელმწიფო ფინანსების მართვის, ფინანსური სექტორის, სოციალური და შრომის ბაზართან დაკავშირებული პოლიტიკისა და ბიზნეს გარემოს სფეროებში”, – წერია განცხადებაში.

აღნიშნულ დახმარებას ევროკავშირის ელჩი კარლ ჰარცელიც გამოეხმაურა. მისი თქმით, ევროკავშირი მიიჩნევს, რომ დახმარებასთან დაკავშირებული რეფორმები საქართველოს ევროპულ სტანდარტებთან დაახლოებას შეუწყობს ხელს და სხვადასხვა ასპექტში საქართველოს მოქალაქეებისთვის კონკრეტული სარგებლის მომტანი იქნება:

“”ევროკავშირი აგრძელებს საქართველოს მხარდაჭერას კოვიდ-19 პანდემიასთან ბრძოლის დროს. ვამაყობთ, რომ ამ თანხებს გამოვყოფთ, რაც ქვეყნის მაკროეკონომიკურ სტაბილურობას უზრუნველყოფს, რათა მთავრობამ თავისი მოქალაქეებისა და კომპანიების საუკეთესო მხარდაჭერაზე ყურადღების გამახვილება შეძლოს. ეს არის ევროკავშირის საქართველოსთვის კოვიდ-19 პანდემიასთან გასამკლავებლად მიმართული უფრო ფართო 1.5 მილიარდი ლარის ოდენობის დახმარების პაკეტის ნაწილი. ასევე მიგვაჩნია, რომ ამ განსაკუთრებულ დახმარებასთან დაკავშირებული შეთანხმებული რეფორმები ხელს შეუწყობს საქართველოს ევროპულ სტანდარტებთან შემდგომი დაახლოვების გრძელვადიან პერსპექტივას და საქართველოს მოქალაქეებისთვის იქნება კონკრეტული სარგებელს მომტანი ისეთ ასპექტებში, როგორიცაა მართლმსაჯულება, შრომის უსაფრთხოება და პენსიები” – განაცხადა ჰარცელმა.

განცხადებაში ასევე ნათქვამია, რომ ზემოთ აღნიშნული ტრანში ევროკავშირის მიერ საქართველოსთვის, იორდანიისთვის და მოლდოვასთვის გამოყოფილი მაკროფინანსური დახმარების პაკეტის ნაწილია, რომლის საერთო ოდენობაც 400 მილიონ ევროს შეადგენს.

მასალების გადაბეჭდვის წესი