ახალი ამბები

მეორე ტური რომ არა, შეიძლება შეზღუდვები ნოემბრის დასაწყისში დაწესებულიყო – გამყრელიძე

25 ნოემბერი, 2020 • 801
მეორე ტური რომ არა, შეიძლება შეზღუდვები ნოემბრის დასაწყისში დაწესებულიყო – გამყრელიძე

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის თქმით, საქართველოში არჩევნების მეორე ტური რომ არ დანიშნულიყო, კორონავირუსის პანდემიიდან გამომდინარე შეზღუდვებს, დიდი ალბათობით, ნოემბერის დასაწყისში დააწესებდნენ. ამის შესახებ გამყრელიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, ქვეყანაში განვითარებული პოლიტიკური პროცესები ერთ-ერთი ძირითადი მიზეზია იმისა, რომ ამ დრომდე უფრო მკაცრი შეზღუდვები არ დაწესებულა:

“ქვეყანაში რომ არ ყოფილიყო პოლიტიკური პროცესი, შესაძლებელი იქნებოდა, რომ შეზღუდვები უფრო ადრე დაგვეწესებინა. იმის გამო, რომ ქვეყანაში იყო და არის პოლიტიკური პროცესი, რომელიც ხდება ოთხ წელიწადში ერთხელ – ყველაზე მნიშვნელოვანი არჩევნები ქვეყანაში, ქვეყანა წავიდა ამ გზით — ერთი მხრივ, პოლიტიკური პროცესი არ შეეჩერებინა იმიტომ, რომ საკითხი ეხებოდა არჩევნებს და, მეორე მხრივ, ემართა ინფექცია. რა თქმა უნდა, უკეთესი იქნებოდა, მეორე ტური რომ არ ყოფილიყო და შეზღუდვები ნოემბრის დასაწყისში დაგვეწესებინა. ალბათ, მეტ ეფექტს მივიღებდით, მაგრამ ახლა აუცილებლად დასაწესებელია”, – განაცხადა გამყრელიძემ.

მისივე თქმით, მთავრობის საკოორდინაციო საბჭო აქტიურად მსჯელობს, კონკრეტულად რა შეზღუდვები უნდა დაწესდეს საქართველოს მასშტაბით იმისთვის, რომ კორონავირუსის გავრცელება შედარებით შეჩერდეს. გამყრელიძის განცხადებით, შეზღუდვებთან დაკავშირებით დეტალური ინფორმაცია, დიდი ალბათობით, ხვალ, 26 ნოემბერს გახდება ცნობილი.

მასალების გადაბეჭდვის წესი