პროკურატურა აცხადებს, რომ ბრალი წარუდგინა კაცს, რომელმაც 23 ნოემბერს სუპერმარკეტში ყოფილი მეუღლე ყელის არეში დაჭრა. უწყებაში ამბობენ, რომ აღკვეთის ღონისძიების სახით კაცისთვის პატიმრობას ითხოვენ.
შემთხვევა 23 ნოემბერს თბილისის ერთ-ერთ სუპერმარკეტში მოხდა, სადაც ქალი მუშაობდა. ორივე საგამოძიებო უწყება – შინაგან საქმეთა სამინისტროც და პროკურატურაც, უთითებს, რომ მკვლელობის მდელობასთან ერთად, კაცმა დაარღვია მანამდე გაცემული შემაკავებელი ორდერის პირობებიც.
„ა.გ-მ დაარღვია შემაკავებელი ორდერის მოთხოვნები, რომლითაც აკრძალული ჰქონდა ყოფილ მეუღლესთან თ.პ-სთან მიახლოება, მივიდა მასთან სამსახურში, სუპერმარკეტ ,,კარფურში“ და თ.პ-ს, გენდერული დისკრიმინაციის მოტივით, განზრახ მოკვლის მიზნით საკანცელარიო დანით სახისა და ყელის არეში ორი ჭრილობა მიაყენა.
დაზარალებულის მიერ გაწეული წინააღმდეგობის და სუპერმარკეტის დაცვის თანამშრომლების აქტიურობის შედეგად ა.გ-მ დანაშაულის სისრულეში მოყვანა ვერ შეძლო“, – წერს პროკურატურა.
ბრალდებული პოლიციელებმა იმავე დღეს, 23 ნოემბერს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 381-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით (შემაკავებელი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შეუსრულებლობა ოჯახის წევრის მიმართ) და 11 პრიმა 19,109-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ პრიმა ქვეპუნქტით, ,,ვ“ ქვეპუნქტით და მე-3 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტებით (განზრახ მკვლელობის მცდელობა, ჩადენილი ოჯახის წევრის მიმართ, გენდერის ნიშნით და არაერთგზის) წარედგინა.
„ბრალდების მხარე ა.გ-სთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით თბილისის საქალაქო სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს“, – აცხადებს პროკურატურა.
პროკურატურის 2020 წლის 9 თვის მონაცემებით:
- ოჯახურ დანაშაულებზე სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო 3633 პირის მიმართ;
- გენდერული დისკრიმინაციის მოტივი გამოიკვეთა 120 ბრალდებულის მიმართ;
- ოჯახურ დანაშაულზე აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის მოთხოვნის მაჩვენებელია – 94%, ხოლო დაკმაყოფილებულია- 54%.