ახალი ამბები

პუტინი უარს ამბობს კორონავირუსის რუსული ვაქცინის მიღებაზე

25 ნოემბერი, 2020 • 913
პუტინი უარს ამბობს კორონავირუსის რუსული ვაქცინის მიღებაზე

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი ჯერ კიდევ არ აცრილა რუსული ვაქცინით, რომელიც, მისივე თქმით, მსოფლიოში რიგით პირველი კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა გახლდათ. ინფორმაციას ამერიკული CNN ავრცელებს.

კრემლის განცხადებით, პუტინს არ შეუძლია გაიკეთოს ვაქცინა, რომლის გამოცდაც ჯერ კიდევ არ არის დასრულებული.

“პრეზიდენტს არ შეუძლია გამოიყენოს არასერტიფიცირებული ვაქცინა”, – განაცხადა კრემლის პრესსპიკერმა დმიტრი პესკოვმა. პესკოვს არ განუმარტავს, რა განსხვავებაა ვაქცინის “სერტიფიცირებასა” და “დამტკიცებას” შორის, მაგრამ აღნიშნა, რომ მასობრივი ვაქცინაცია ჯერ დაწყებული არ არის. “რა თქმა უნდა, სახელმწიფო მეთაურს არ შეუძლია მონაწილეობა მიიღოს ვაქცინაციაში, როგორც მოხალისემ, ეს შეუძლებელია”, – განაცხადა მან.

პესკოვის განცხადებით, ცდები მალე დასრულდება და თუ პრეზიდენტი ჩათვლის საჭიროდ, იგი მოსახლეობას გააცნობს მის გადაწყვეტილებას, თუ როგორ ჩაიტარებს ვაქცინაციას.

ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, რომ პუტინი არ აპირებდა ვაქცინაციას, გავრცელდა მაშინ, როდესაც ვაქცინის შემქმნელებმა გაავრცელეს ცნობა იმის შესახებ, რომ ის არის ეფექტური, იაფი და ტრანსპორტირებისთვის მოსახერხებელი.

გამალეიას ინსტიტუტი, რომელიც აღნიშნულ ვაქცინაზე მუშაობს, აცხადებს, რომ შედეგები, რომლებიც პირველი დოზირებიდან 28 დღის, ხოლო მეორე დოზირებიდან 7 დღის მონაცემებს ეყრდნობა, აჩვენებს ვაქცინის 91.4%-ით ეფექტურობას. მათი განცხადებით, 18.794-მა მოხალისემ მიიღო ცდებში მონაწილეობა, აქედან ახალი კორონავირუსი მხოლოდ 39-ს განუვითარდა, მათ შორის 31 მოხალისე ე.წ. პლაცებოს ჯგუფის წევრი იყო, რომელთაც სინამდვილეში ვაქცინა არ გაუკეთებიათ, ხოლო 8 ადამიანი ვირუსით დაინფიცირების მომენტში ვაქცინირებული გახლდათ.

გაიგეთ მეტი რუსეთში წარმოებულ ვაქცინაზე აქ.

მასალების გადაბეჭდვის წესი