ახალი ამბები

აშშ-ში ძალაუფლების გადაბარების ფორმალური პროცედურა დაიწყო

24 ნოემბერი, 2020 • 1295
აშშ-ში ძალაუფლების გადაბარების ფორმალური პროცედურა დაიწყო

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი არჩეული პრეზიდენტისთვის, ჯო ბაიდენისთვის ძალაუფლების გადაბარების ფორმალური პროცედურის დაწყებას დათანხმდა.

როგორც BBC წერს, ტრამპმა განაცხადა, რომ ფედერალურმა სააგენტომ (GSA), რომლის უფლებამოსილებაში აღნიშნული პროცედურის განხორციელებაცაა, ყველაფერი უნდა გააკეთოს, რაც საჭიროა.

ტრამპის აღნიშნული განცხადების შემდეგ, GSA-მ ბაიდენი “აშკარა გამარჯვებულად” აღიარა. ადმინისტრაციული ორგანოს ეს განცხადება ნიშნავს, რომ არჩეულ პრეზიდენტს ამიერიდან აქვს წვდომა, დაესწროს უშიშროების შესახებ ბრიფინგებს და დანიშნოს მთავრობა, სანამ 20 იანვარს კაბინეტს დაიკავებს. ამასთან, ბაიდენის ვებგვერდი აშშ-ის სამთავრობო დომეინზე გადავიდა.

ბაიდენის გუნდი მიესალმება გარდამავალი პროცედურების დაწყებას. გავრცელებულ განცხადებაში არჩეული პრეზიდენტის გუნდი აცხადებს, რომ ეს გადაწყვეტილება წინ გადადგმული ნაბიჯია იმ პრობლემების მოგვარების მიმართულებით, რომელთა წინაშეც აშშ დგას, მათ შორის, პანდემიის კონტროლი და ეკონომიკის მწყობრში ჩაყენება.

მიუხედავად ძალაუფლების გადაბარების პროცედურის დაწყებაზე თანხმობისა, დონალდ ტრამპი პირობას დებს, რომ ბრძოლას გააგრძელებს არჩევნების შედეგებისთვის.

ჯო ბაიდენი ოფიციალური პროცედურის დაწყებას არ დალოდებია, ორშაბათს მომავალი კაბინეტის რამდენიმე წევრი დაასახელა.

სახელმწიფო მდივნის თანამდებობაზე ბაიდენმა ენტონი ბლინკენი წარადგინა. ბლინკენს ობამას ადმინისტრაციაში ეროვნულ უსაფრთხოების მრჩევლის თანამდებობა ეკავა. ასევე, ობამას ადმინისტრაციის ყოფილი წევრია ჯეიკ სალივანი — ბაიდენმა ის ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში მრჩევლად დაასახელა.

გაეროში შეერთებული შტატების ელჩი იქნება სახელმწიფო მდივნის ყოფილი მოადგილე აფრიკის საკითხებში ლინდა თომას-გრინფილდი.

ბაიდენმა დაზვერვის სამსახურის უფროსად ავრილ ჰაინესი წარადგინა, რომელიც პირველი ქალი იქნება ამ თანამდებობაზე.

შიდა უსაფრთხოების დეპარტამენტის ხელმძღვანელის პოსტზე ჯო ბაიდენის კანდიდატურაა ალეხანდრო მაიორკასი.

კლიმატის საკითხებში პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენლად კი ბაიდენმა ყოფილი სახელმწიფო მდივანი ჯონ კერი დაასახელა.

მთავარ ფოტოზე: დონალდ ტრამპი/EPA-EFE/JASON SZENES

მასალების გადაბეჭდვის წესი