ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

აფხაზეთში მანდარინის მოსავალს იღებენ | ფოტო

2 ნოემბერი, 2020 • 1913
აფხაზეთში მანდარინის მოსავალს იღებენ | ფოტო

მარიანა კოტოვა, სოხუმი


აფხაზეთში ციტრუსის მოსავლის აღება დაიწყო. აფხაზი აგრონომების პროგნოზით მთელი აფხაზეთის მასშტაბით ციტრუსის მოსავალი 100 ათას ტონას შეადგენს. მხოლოდ გულრიფშის რაიონში, სადაც მოსავლის აკრეფა პირველ რიგში დაიწყეს, დაახლოებით 25 ტონა მანდარინი მოვიდა. მანდარინის კრეფაში დაქირავებული მუშახელი ძირითადად გალის რაიონის მკვიდრნი არიან. 

გალელი ინალ ჭკადუა მანდარინის პლანტაციაზე მუშაობს; ფოტო: ნეტგაზეთი/მარიანა კოტოვა

გალელი ინალ ჭკადუა მანდარინის პლანტაციაზე მუშაობს; ფოტო: ნეტგაზეთი/მარიანა კოტოვა

გალელი ინალ ჭკადუა ბებიასთან ერთად ყოველდღე გალიდან გულრიფშამდე 80 კილომეტრ მანძილს გადის. ბებიისგან განსხვავებით, მანდარინის პლანტაციაში წელს პირველად მუშაობს.

“შვიდსულიან ოჯახში მხოლოდ მე და ბებია ვართ შრომისუნარიანი. დანარჩენები ავად არიან, ან პენსიაზე”, – გვიყვება ახალგაზრდა კაცი. 

მანდარინის პლანტაცია აფხაზეთში; ფოტო: ნეტგაზეთი/მარიანა კოტოვა

მანდარინის პლანტაცია აფხაზეთში; ფოტო: ნეტგაზეთი/მარიანა კოტოვა

როგორც ამბობს, ზაფხულში გალში თხილს კრეფს, შემოდგომით გუდაუთაში – კარტოფილს, ზამთარში კი – მანდარინს. 

“სოფლის მეურნეობაში მუშაობა კარგი საშუალებაა, ფული იშოვო”, – ამბობს ინალი. 

მანდარინის პლანტაცია აფხაზეთში; ფოტო: ნეტგაზეთი/მარიანა კოტოვა

მანდარინის პლანტაცია აფხაზეთში; ფოტო: ნეტგაზეთი/მარიანა კოტოვა

“მალე ახალი წელია. უნდა მოვემზადოთ. სუფრაზე გასატანი საჭმელი კი გვაქვს ისედაც, ქათმებიც გვყავს სახლში, ბოსტანიც კარგი გვაქვს. ფული მაინც საჭიროა. შვილიშვილებს უნდა დავეხმარო. ამიტომაც ვმუშაობ აქ”, – გვეუბნება 65 წლის ლუიზა ბენია. 

მანდარინის პლანტაცია აფხაზეთში; ფოტო: ნეტგაზეთი/მარიანა კოტოვა

მანდარინის პლანტაცია აფხაზეთში; ფოტო: ნეტგაზეთი/მარიანა კოტოვა

მანდარინის პლანტაციაში დასაქმებული კიდევ ერთი, 52 წლის გალელი მედიკო გუდავაძე ასევე გვიყვება საკუთარ მოტივაციაზე, რატომ ჩამოდის ყოველ წელს გალიდან სამუშაოდ.

“ოთხ შვილიშვილს და შვილს ვუვლი. მთელი ოჯახს მე ვარჩენ. დაახლოებით 500 კილოგრამ მანდარინს ვკრეფ. ამ წელს კარგი მოსავალია, მეპატრონეებითაც კმაყოფილი ვარ. ყოველდღე მოვყავართ და მერე სახლში მივყავართ. დღეში 1000 რუბლს [დაახლოებით, 43 ლარი] გვიხდიან, ზოგჯერ- მეტს, გააჩნია, რამდენს ვმუშაობთ”,- ჰყვება ქალი. 

ერთი ყუთი მანდარინის აკრეფაში 50 რუსულ რუბლს [დაახლოებით, 2 ლარი] იხდიან. თითოეულ დასაქმებულთან კონტრაქტი ფორმდება, შესაბამისად, ხელფასიდან საშემოსავლო და სხვა გადასახადებიც იქვითება. 

“ციტრუსის მოსავალი რესპუბლიკის ბიუჯეტს საგრძნობლად ზრდის, თუმცა სოფლის მეურნეობის სამინისტროს დღეს უშუალო შეხება მანდარინის მოსავალთან არ აქვს”, – ამბობს რაფიკ გრიგორიანი, გულრიფშის რაიონის სოფლის მეურნეობის განყოფილების უფროსი. 

თუმცა პრობლემებმა, რომლებიც რუსეთის საზღვარზე ციტრუსის გატანასთან დაკავშირებით შეიქმნა, შეიძლება ციტრუსის ბიზნესს საფრთხე შეუქმნას. 

“იმის გამო, რომ რუსეთში ციტრუსის შეტანის წესები შეიცვალა და ახალი რეგულაციებით უკვე ადგილზე უწევთ ტვრთზე დოკუმენტაციის გაფორმება, მანდარინით დატვირთული სატვირთო მანქანები რამდენიმე დღე-ღამის განმავლობაში საზღვარზე დგანან, კერძო მეწარმეებს კი საერთოდ არ შეუძლიათ 25 კილოგრამზე მეტი ციტრუსის გატანა”, – ამბობს რაფიკ გრიგორიანი. 

რუსეთში ერთი კილო მანდარინის ფასი დაახლოებით 100-120 [4-5 ლარი] რუბლი ღირს, აფხაზეთში ერთ კილოგრამ მანდარინს 35 რუსულ რუბლად [1.50 ლარი] აბარებენ. 

მასალების გადაბეჭდვის წესი