ახალი ამბები

ვხედავთ ქაოსს, რომელსაც ადამიანების სიცოცხლე ეწირება – ბოკერია ცქიტიშვილის განცხადებაზე

24 ნოემბერი, 2020 • 1166
ვხედავთ ქაოსს, რომელსაც ადამიანების სიცოცხლე ეწირება – ბოკერია ცქიტიშვილის განცხადებაზე

“ევროპული საქართველოს” ერთ-ერთი ლიდერი გიგა ბოკერია ვიცე-პრემიერ მაია ცქიტიტიშვილის განცხადებას ეხმაურება, სადაც ის Covid-19-ის შემთხვევების ზრდას ოპოზიციის აქციებს უკავშირებს.

ბოკერია ამბობს, რომ წარსულშიც და ახლაც, კრიტიკულ სიტუაციაში, ხელისუფლება ყველაფერს ოპონენტებს აბრალებს და საკუთარ პასუხისმგებლობას ვერ ხედავს. ბოკერიას ასევე მიაჩნია, რომ გასულ თვეებში, როცა კორონავირუსის ძალიან მცირე რაოდენობა ფიქსირდებოდა, მთავრობამ ჯანდაცვის სისტემა “მეორე ტალღისთვის” არ მოამზადა, შედეგად შეიქმნა ქაოსი, რომელსაც, ბოკერიას თქმით, ადამიანები ეწირებიან.

“რა შუაშია საერთოდ პოლიტიკური ვითარება დღეს იმასთან, რომ ყველაზე მნიშვნელოვანი თვეები, როცა ვირუსის გავრცელების პროცენტულობა დაბალი იყო სეზონისა და სხვა ფაქტორების გამო, არ გამოიყენეს მოსამზადებლად. კოვიდ საწოლები არ მოიმარაგეს, არ დაყვეს სამედიცინო დაწესებულებები კოვიდ და არაკოვიდ დაწესებულებებად, ცხელი ხაზი არ მოამზადეს დიდი დატვირთვისთვის. აღარ გავაგრძელებ… დღეს ვხედავთ სრულ ქაოსს, რომელსაც ეწირება ადამიანების სიცოცხლე.

რა შუაშია აქციები მეორე ტალღისთვის მომზადებასთან?! არაფერ შუაშია. მაგრამ ეს არის ხელწერა და, მე ვიტყოდი, პოლიტიკური დაღი ივანიშვილის სამარცხვინო რეჟიმის, ამ ოლიგარქის და მისი პოლიტიკური არარაობების და კლოუნების გარემოცვის, რომ საერთოდ არანაირი განცდა არ აქვთ იმის, რომ ხალხს უთხრან, რა ხედვა აქვთ, რას აკეთებენ. მხოლოდ ტალახის სროლა სხვისკენ”, – აცხადებს ბოკერია.

მაია ცქიტიშვილი ბოლო დღეებში გამოვლენილ კორონავირუსის რამდენიმე ათას შემთხვევას ოპოზიციის აქციებს უკავშირებს. ამის შესახებ მან დღეს, 24 ნოემბერს, გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, მაშინ, როდესაც მთავრობა მოქალაქეებს კორონავირუსის საწინააღმდეგო წესების დაცვას ურჩევდა, ოპოზიცია ხალხს დაუმორჩილებლობისკენ მოუწოდებდა.

ბოლო დღეებია საქართველოში კორონავირუსის შემთხვევების რაოდენობა 3 ათასს აჭარაბებს.

22 ნოემბრის მონაცემებით, საქართველო 100 000 სულ მოსახლეზე ახალი კორონავირუსის გავრცელების შემთხვევათა მიხედვით, მსოფლიოში პირველ ადგილზეა. ინფორმაციას ამის შესახებ ამერიკული New York Times ავრცელებს.

ცქიტიშვილი კორონავირუსის შემთხვევების ზრდაში ოპოზიციის აქციებს ადანაშაულებს

მასალების გადაბეჭდვის წესი