ახალი ამბები

პირდაპირ გეტყვით, რომ ჩვენ 4000-მდე დღიურ შემთხვევაზე მეტი გვაქვს – გამყრელიძე

24 ნოემბერი, 2020 • 1270
პირდაპირ გეტყვით, რომ ჩვენ 4000-მდე დღიურ შემთხვევაზე მეტი გვაქვს – გამყრელიძე

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორი ამირან გამყრელიძე ამბობს, რომ საქართველოში კორონავირუსის შემთხვევები დღიურად გამოვლენილ ოფიციალურ მონაცემებზე მეტია. გამყრელიძის განმარტებით, ოფიციალური კორონავირუსის დღიურ სტატისტიკაში ხვდებიან ის ადამიანები, რომლებსაც ვირუსის სიმპტომები აქვთ და ტესტს იტარებენ, ანუ ვირუსის გამოვლენა ლაბორატორიული კვლევის მეშვეობით ხდება.

დაავადებათა კონსტროლის ცენტრის დირექტორი ასევე ამბობს, რომ დანარჩენ შემთხვევაში შესაძლოა ადამიანებში ვირუსი უსიმპტომოდ მიმდინარეობდეს, ანუ მათ Covid-19 სახლში გადააქვთ. ამასთან, აცხადებს, რომ ამაში უჩვეულო არაფერია და სხვა ინფექციური დაავადებების დროსაც სრული გამოვლენა სტატისტიკურად ვერ ხდება.

“პირდაპირ გეტყვით, რომ ჩვენ 4000-მდე [დღიური შემთხვევა] არ გვაქვს, უფრო მეტი გვაქვს. 4 ათასი არის ის, რაც ვლინდება და დიაგნოსტირდება. დაგისახელეთ “ჰელს მეტრიკის” კვლევები.. ისინი გვეუბნებიან, რომ ჩვენ მეტი შემთხვევები გვაქვს. ეს 4000 არიან ის ადამიანები, რომელთაც სიმპტომები აწუხებთ, გასატესტად მიდიან და ა.შ. უმრავლესობა არის ძირითადად უსიმპტომო ან მსუბუქი შემთხვევები, რომელთაც გადააქვთ სახლში და მათი დიაგნოსტირება არ ხდება. ეს არ არის მხოლოდ კოვიდის დროს. ეს ასე ხდება გრიპის ან სხვა ვირუსული ინფექციების დროს. ჩვენ რომ ვამბობთ, დღეს დილისთვის 59 მლნ ადამიანია მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირებული, ეს 59 მლნ კი არ არის, დაახლოებით სამჯერ მეტია. ანუ ეს გულისხმობს, რომ ამდენის შემთხვევაში ვირუსი ლაბორატორიულად დადასტურდა. იგივე ჩვენ 3128 შემთხვევა რომ გვაქვს, ეს ლაბორატორიულად დადასტურებული შემთხვევებია, თორემ ე.წ. შეფასებითი მაჩვენებელი გაცილებით დიდია”,-აცხადებს გამყრელიძე.

საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 3128 შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 39 პაციენტი. 26 თებერვლიდან დღემდე, ქვეყანაში კორონავირუსის 111 818 შემთხვევა გამოვლინდა, რომელთაგან გამოჯანმრთელდა 92 215 ადამიანი, ხოლო 1051 გარდაიცვალა

მასალების გადაბეჭდვის წესი