ახალი ამბები

“კლინიკა გადაჭედილია” – ბოჭორიშვილში ამბობენ, რომ ადგილები აღარ აქვთ

24 ნოემბერი, 2020 • 1788
“კლინიკა გადაჭედილია” – ბოჭორიშვილში ამბობენ, რომ ადგილები აღარ აქვთ

ბოჭორიშვილის კლინიკის წარმომადგენელი, ინფექციონისტი ლია გოლიაძე ამბობს, რომ ამ ეტაპზე კლინიკაში პაციენტებს ვეღარ იღებენ. ის ლაპარაკობს იმ რთულ ვითარებაზე, რაც ამ დროისთვის ბოჭორიშვილის კლინიკაშია.

ტელეკომპანია „მთავართან“ საუბარში გოლიაძე განმარტავს, რომ არის ისეთი შემთხვევებიც, როდესაც პაციენტებს ერთი დღის განმავლობაში მიმღებში უწევთ მოცდა.

„კლინიკა, ფაქტობირვად, გადაჭედილია. სავსე ვართ პაციენტებით… რა თქმა უნდა, ყოველდღიურად ჩვენ რაღაც რაოდენობის პაციენტებს ვწერთ, მაგრამ რადგან ჩვენ ვართ ჰიბრიდული კლინიკა, ჩვენთან შემოდიან მიმღებ განყოფილებაში სადიაგნოსტიკო პაციენტებიც.

ვისაც უდასტურდება [კოვიდი] და მოითხოვენ სტაციონარიზაციას, ასეთი პაციენტებით ივსება ის ადგილები, რაც ჩვენთან თავისუფლდება ამ პერიოდასთვის. არის შემთხვევები, როდესაც ჩვენ სტაციონარულ განყოფილებაში არ შეგვიძლია პაციენტების გადაყვანა და ისინი რჩებიან მიმღებ განყოფილებაში. მხოლოდ მეორე დღეს ვახერხებთ მათ გადაყვანას უკვე სტაციონარულ განყოფილებაში. შეიძლება ითქვას, რომ ჩვენ ადგილები არ გვაქვს“, – ამბობს ლია გოლიაძე.

მისივე განმარტებით, კლინიკა, პრაქტიკულად, ვეღარ იღებს ისეთ პაციენტებს, რომლებსაც რეანიმაცია სჭირდებათ – „თუ ვინმე გაუმჯობესდა, ის გადმოდის ინფექციურ განყოფილებაში. თუმცა გვყავს ინფექციურ განყოფილებაში ისეთებიც, ვინც უკვე შეავსებენ იმ ადგილს [რეანიმაციაში]“.

„ამიტომ, რეანიმაციულ განყოფილებაში ავადმყოფებს გარედან, პრაქტიკულად, ვერ ვიღებთ… იმიტომ, რომ როდესაც კლინიკაში 150 კოვიდ დადასტურებული პაციენტი გყავს, იქ ყოველთვის უნდა გქონდეს რეანიმაციულ განყოფილებაში რამდენიმე ადგილი მაინც“, – ამბობს ინფექციონისტი და დასძენს, რომ კლინიკაში იძულებულნი არიან, პაციენტების მხოლოდ შიდა ცვლა ჰქონდეთ.

„ამ წუთას ჩვენს კლინიკაში არცერთი პაციენტი წევს ისეთი, რომელსაც არ ესაჭიროება სტაციონრული მკურნალობა. თუ ოდნავ მაინც ხდება პაციენტის სტაბილიზაცია, ჩვენ ასეთ პაციენტს ვუშვებთ ან კოვიდ სასტუმროში, ან ბინაზე“, – ამბობს გოლიაძე.

ის ამბობს, რომ კლინიკას ყველა პირობა აქვს უმკურნალოს იმდენ პაციენტს, რამდენიც დღეს აქ იმყოფება, თუმცა, არა – უფრო მეტის. მისივე ინფორმაციით, ბოჭორიშვილში, კოვიდინფიცირებულების გარდა, არიან სხვა, ასევე მძიმე პაციენტები, რომელთაც ასევე სჭირდებათ მკურნალობა.


საქართველოში საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 3128 შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 39 პაციენტი.

26 თებერვლიდან დღემდე ქვეყანაში კორონავირუსის 111 818 შემთხვევა გამოვლინდა, რომელთაგან გამოჯანმრთელდა 92 215 ადამიანი, ხოლო 1051 გარდაიცვალა.

მასალების გადაბეჭდვის წესი