ახალი ამბები

ცქიტიშვილი კორონავირუსის შემთხვევების ზრდაში ოპოზიციის აქციებს ადანაშაულებს

24 ნოემბერი, 2020 • 684
ცქიტიშვილი კორონავირუსის შემთხვევების ზრდაში ოპოზიციის აქციებს ადანაშაულებს

ვიცე-პრემიერი მაია ცქიტიშვილი ბოლო დღეებში გამოვლენილ კორონავირუსის რამდენიმე ათას შემთხვევას ოპოზიციის აქციებს უკავშირებს. ამის შესახებ მან დღეს, 24 ნოემბერს, გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, მაშინ, როდესაც მთავრობა მოქალაქეებს კორონავირუსის საწინააღმდეგო წესების დაცვას ურჩევდა, ოპოზიცია ხალხს დაუმორჩილებლობისკენ მოუწოდებდა.

“ჩვენ ისიც უნდა გვესმოდეს, რა გახდა ამ შემთხვევების მიზეზი. ყველამ ძალიან კარგად ვნახეთ, რომ ის აქტივობა, რომელიც იყო საარჩევნო პროცესში და ისევე, როგორც საარჩევნო პროცესის შემდგომი აქტივობა, მე არ ვგულისხმობ აქ არჩევნების დღეს, მე ვგულისხმობ იმ უპასუხისმგებლო პოლიტიკურ კამპანიებს, უპასუხისმგებლო აქციებს, რომლებიც არა მარტო არ მოუწდებედნენ თავის ამომრჩეველს, რომ პირბადე გამოეყენებინათ, არამედ პირიქით — ერთგვარი დაუმორჩილებლობის, პროტესტის სახით პირბადის გამოყენებისკენ…

რა თქმა უნდა, როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ მობილობის შემცირებაზე და როდესაც ჩვენ ვხედავთ ასეთ აქციებს, აქტივობებს ქუჩებში, განსაკუთრებით იქ, სადაც ვხედავთ, რომ არავითარი წესების დაცვა არ ხდება და პირიქით, მოწოდებაც კი ხდება, რომ წესების დაცვა არ მოხდეს, რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი არ შეიძლება არ აისახოს იმ  [ინფიცირების შემთხვევების] რიცხვებში და სწორედ ამ აქციებს უკავშირდება ის დინამიკა, რომელიც ჩვენ დღეისთვის გვაქვს”, — განაცხადა ცქიტიშვილმა.

ბოლო დღეებია საქართველოში კორონავირუსის შემთხვევების რაოდენობა 3 ათასს აჭარაბებს.

22 ნოემბრის მონაცემებით, საქართველო 100 000 სულ მოსახლეზე ახალი კორონავირუსის გავრცელების შემთხვევათა მიხედვით, მსოფლიოში პირველ ადგილზეა. ინფორმაციას ამის შესახებ ამერიკული New York Times ავრცელებს.

ამერიკული გამოცემის მონაცემების მიხედვით, საქართველოში ბოლო შვიდი დღის განმავლობაში ახალი ინფიცირების შემთხვევათა რიცხვი საშუალოდ 3,579.1-ია, რაც 100 000 სულ მოსახლეზე 95.9 ახალ შემთხვევას გულისხმობს. აღნიშნული რიცხვი იანგარიშება ქვეყნის მოსახლეობის რაოდენობის შეფარდებით ბოლო შვიდი დღის განმავლობაში ახალ შემთხვევათა საშუალო არითმეტიკულ რიცხვზე.

საქართველოს შემდეგ, ბოლო 7 დღის მონაცემებით, ყველაზე უარესი მდგომარეობა ლუქსემბურგშია, მე-3 ადგილზე მონტენეგროა, მე-4-ზე – სერბეთი.

საქართველო ბოლო 7 დღის დინამიკით ვირუსის გავრცელებით მსოფლიოში პირველია | NY Times

მასალების გადაბეჭდვის წესი