ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

ანკარა და მოსკოვი თურქულ სამშვიდობო მისიაზე ვერ თანხმდებიან | Reuters

24 ნოემბერი, 2020 • 1100
ანკარა და მოსკოვი თურქულ სამშვიდობო მისიაზე ვერ თანხმდებიან | Reuters

თურქეთი და რუსეთი ვერ თანხმდებიან ანკარას სურვილზე, რომ თურქეთმა დამოუკიდებელი სამხედრო სადამკვირვებლო მისია შექმნას აზერბაიჯანის ტერიტორიაზე. ინფორმაციას Reuters საკუთარ წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.

10 ნოემბერს რუსეთის შუამავლობით სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის მიღწეული შეთანხმების მიხედვით, კონფლიქტის ზონაში უნდა შეიქმნას რუსული სამშვიდობო მისია და რუსულ-თურქული სამშვიდობო ცენტრი, რომელიც ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების შესრულებას გააკონტროლებს.

Reuters-ის წყაროს ცნობით, თურქეთს, რომელიც აზერბაიჯანის უახლოესი მოკავშირეა, სურს დამოუკიდებელი სამხედრო მისიის შექმნა, რათა გაზარდოს მისი გავლენა რეგიონში და გააძლიეროს საკუთარი უსაფრთხოება.

“ყველაზე დიდი განსხვავება თურქეთისა და რუსეთის ხედვებს შორის არის სწორედ სადამკვირვებლო პოსტის შესახებ, რომლის შექმნაც თურქეთს სურს აზერბაიჯანის ტერიტორიაზე. რუსეთი ფიქრობს, რომ ერთობლივი ცენტრისგან დამოუკიდებელი ორგანოს შექმნა არ არის საჭირო, თუმცა თურქეთი სხვაგვარად ფიქრობს”, – აცხადებს Reuters-ის წყარო, რომელმაც ანონიმურად დარჩენა არჩია. მისი ინფორმაციით, ანკარასა და მოსკოვს შორის მოლაპარაკებები გრძელდება კომპრომისული შედეგის მისაღწევად.

რუსი მშვიდობისმყოფელები და ერთობლივი მშვიდობის ცენტრი

სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის მიღწეული 10 ნოემბრის შეთანხმების მიხედვით, სომხეთი იღებს ვალდებულებას, ბაქოს გადასცეს ქელბაჯარის, აღდამისა და ლაჩინის რაიონები. ამათგან აღდამი უკვე გადაეცა აზერბაიჯანულ მხარეს, ქელბაჯარის გადაცემა ხვალ, 25 ნოემბერს იგეგმება, ხოლო ლაჩინის, არაუგვიანეს პირველი დეკემბრისა. შეთანხმების მიხედვით, კონფლიქტის ზონაში რუსი მშვიდობისმყოფელები განთავსდებიან, რომლებიც გააკონტროლებენ ლაჩინის კორიდორს, რაც სომხეთის რესპუბლიკას აკავშირებდა ყოფილ მთიანი ყარაბაღის ავტონომიურ ოლქთან. ასევე, რეგიონის სომხურ დასახლებებს, საიდანაც სომხეთის რესპუბლიკის ძალები გავლენ. შეთანმხების მიხედვით, უნდა შეიქმნას ერთობლივი სამშვიდობო ცენტრი, რომელიც მონიტორინგს გაუწევს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას. ცენტრში რუსი და თურქი სამოქალაქო და სამხედრო მოსამსახურეები იქნებიან წარმოდგენილნი. ოფიციალურმა ანკარამ უკვე მიიღო შესაბამისი დადგენილება თურქი მოსამსახურეების მთიან ყარაბაღში გაგზავნის იურიდიული ნორმების შესახებ. ჯერჯერობით უცნობია, თუ ზუსტად სად განთავსდება სამშვიდობო ცენტრი, თუმცა თურქეთის ასამბლეის მიერ მიღებული დოკუმენტის მიხედვით, სავარაუდოა, რომ ის აზერბაიჯანის მიერ დაკავებულ ტერიტორიებზე შეიქმნება.

მასალების გადაბეჭდვის წესი