ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

სამშვიდობო ცენტრი ბაქოს მიერ კონტროლირებად ტერიტორიებზე განთავსდება

16 ნოემბერი, 2020 • 918
სამშვიდობო ცენტრი ბაქოს მიერ კონტროლირებად ტერიტორიებზე განთავსდება

თურქეთის დიდმა ეროვნულმა ასამბლეამ მთიან ყარაბაღში სამშვიდობო ცენტრის შექმნასთან დაკავშირებით რეზოლუცია მიიღო, რომლის მიხედვითაც, სამშვიდობო ცენტრი აზერბაიჯანის მიერ კონტროლირებად ტერიტორიებზე შეიქმნება. დოკუმენტის შინაარსს აზერბაიჯანული APA თურქულ გაზეთ Hurriyet-ზე დაყრდნობით ავრცელებს.

დოკუმენტში ხაზგასმულია თურქეთის უწყვეტი მხარდაჭერა აზერბაიჯანელი ხალხის ბრძოლისადმი ოკუპაციის წინააღმდეგ.

ტექსტის მიხედვით, სამშვიდობო ცენტრი, რომელშიც რუსი და თურქი სამხედროები და სამოქალაქო პირები გაერთიანდებიან, კონფლიქტის ზონაში აზერბაიჯანის მიერ კონტროლირებად ტერიტორიებზე განთავსდება. ცენტრის მოვალეობა იქნება ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების კონტროლი და ადგილზე მშვიდობის შენარჩუნება.

თურქეთის პარლამენტის მიერ მიღებულ დოკუმენტში ნათქვამია, რომ აღნიშნული ცენტრის შექმნა სრულ თანხვედრაშია თურქეთსა და აზერბაიჯანს შორის 2010 წლის აგვისტოში გაფორმებულ სტრატეგიული თანამშრომლობისა და ურთიერთდახმარების შეთანხმებასთან. ასევე, დოკუმენტი აღიარებს აზერბაიჯანის ტერიტორიულ მთლიანობას, გაეროს უშიშროების საბჭოსა და ეუთოს მინსკის ჯგუფის რეზოლუციებსა და პრინციპებს, რათა დაცული იყოს რეგიონის მოსახლეობის ინტერესები.


10 ნოემბერს აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის ომის დასრულების შესახებ მიღწეული შეთანხმების მიხედვით, მთიან ყარაბაღში უნდა შეიქმნას სამშვიდობო ცენტრი, რომელიც გააერთიანებს თურქ და რუს სამხედროებსა და სამოქალაქო პირებს, რომლებიც უზრუნველყოფენ მთიან ყარაბაღში ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების შესრულების კონტროლს. შეთანხმებას ერევანში პროტესტი მოჰყვა. დემონსტრანტები თავს დაესხნენ სამთავრობო შენობებს, ასევე შეიჭრნენ პარლამენტშიც. პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა მოსახლეობას აქციების შეწყვეტისკენ მოუწოდა, თუმცა პროტესტი ამ დრომდე გრძელდება.

მასალების გადაბეჭდვის წესი