ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის თქმით, საქართველოში ამჟამად მობილიზებული საწოლფონდით შესაძლებელია, მომსახურება საქართველოს მოსახლეობის რაოდენობაზე ორჯერ დიდ ქვეყანას გაეწიოს. ამის შესახებ ტიკარაძემ ტელეკომპანია “იმედის” ეთერში საუბრისას განაცხადა.
“ჩვენ გავაკეთეთ არაერთი ანალიზი იმის შესახებ, თუ რა კატეგორიის პაციენტები არიან დღესდღეობით საქართველოს კლინიკებში. ასევე, ჩვენ გავაკეთეთ არაერთი ანალიზი იმასთან დაკავშირებით, თუ რამდენად სწორად გვაქვს დაგეგმილი საქართველოში საწოლფონდის მობილიზაცია მისი ხარისხობრივი პროპორციით და შეიძლება ითქვას, რომ საქართველოში დღეს მობილიზებული საწოლფონდით შეიძლება მომსახურება გაეწიოს საქართველოს მოსახლეობის რაოდენობაზე ორჯერ დიდ ქვეყანას.
აქედან გამომდინარე, მნიშვნელოვანია, ისევ და ისევ, საწოლფონდის სწორად მართვა, როგორც ასაკობრივ ჭრილში, ასევე ,იმ ქრონიკული დაავადებების ჭრილში, რომელიც შეიძლება ჰქონდეს პაციენტს თანმხლებად და რაც შეიძლება განსაზღვრავდეს მისი, როგორც პაციენტის რისკის სტატუსს”, – განაცხადა ტიკარაძემ.
მისი თქმით, საქართველოში მიმდინარე მოვლენები, მათ შორის არჩევნების შემდეგ განვითარებული ვითარება, მკვეთრად აისახა ქვეყანაში ეპიდსიტუაციის გავრცელების მაჩვენებელზე, რაც მობილიზებული საწოლფონდის რაოდენობაზეც აისახა. ტიკარაძის განამრტებით, თუ ქვეყანას ოქტომბერში 2000-3000 საწოლი ჰქონდა მობილიზებული, ნოემბერში ეს რიცხვი “ფაქტობრივად გაორმაგდა”. ასევე, მისი თქმით, ქვეყანაში ამჟამად არსებულ ეპიდსიტუაციაზე იმოქმედა მოსახლეობის მხრიდან კორონავირუსის წინააღმდეგ საჭირო რეკომენდაციების შეუსრულებლობამაც.
“თუ ჩვენ გავაკონტროლებთ ჩვენს ქცევას, და ეს დამოკიდებულია ადამიანის ქცევაზე ცალსახად, ჩვენ შევძლებთ გარკვეულწილად შევანელოთ ინფექციის გავრცელება, რაც მნიშვნელოვანია ჯანდაცვის სექტორის რესურსის სწორი მართვისთვის და რაციონალურად გამოყენებისთვის”, – განაცხადა ტიკარაძემ.
ამასთან, ტიკარაძემ შეზღუდვების შემოღების მნიშვნელობაზეც ისაუბრა და განაცხადა, რომ ეკონომიკური მდგომარეობის გათვალისწინებით მთავრობა მიზნობრივი შეზღუდვების შემოღებას გეგმავს, რაც გარკვეულწილად შეაჩერებს ვირუსის გავრცელებას და არ აისახება მოსახლეობის სოციალურ ფონზე.
23 ნოემბრის დილის მონაცემებით, საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 3 958 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და გარდაიცვალა 36 პაციენტი.
26 თებერვლიდან დღემდე კი საქართველოში კორონავირუსის 108 690 შემთხვევა გამოვლინდა, რომელთაგან 89 170 გამოჯანმრთელდა, გარდაიცვალა 1 012 ადამიანი.