ახალი ამბები

მჯერა, “ოცნების” ყველა კანდიდატი გაიმარჯვებს მეორე ტურში – კალაძე

20 ნოემბერი, 2020 • 1043
მჯერა, “ოცნების” ყველა კანდიდატი გაიმარჯვებს მეორე ტურში – კალაძე

თბილისის მერი კახა კალაძე ფიქრობს, რომ საპარლამენტო არჩევნების მეორე ტურის ბოიკოტის მიუხედავად, ოპოზიცია ყველაფერს გააკეთებს საკუთარი ამომრჩევლის საარჩევნო უბნებთან მისაყვანად.

აქედან გამომდინარე, კალაძე “ქართული ოცნების” მომხრეებს მაქსიმალური აქტიურობისკენ მოუწოდებს.

“რა თქმა უნდა, ჩვენი ამომრჩევლის მაქსიმალური მობილიზება მოხდება. მე კიდევ ერთხელ მინდა მივმართო და ვთხოვო ჩვენს ამომრჩეველს, მაქსიმალურად იაქტიურონ, როგორც ეს პირველ ტურში იყო. ოპოზიციის ლიდერები საუბრობენ არჩევნებში არმონაწილეობაზე, თუმცა ისინი ყველაფერს აკეთებენ და გააკეთებენ იმისთვის, რომ ხვალ თავიანთი ამომრჩეველი მიიყვანონ საარჩევნო უბნებზე. შესაბამისად, ჩვენ მაქსიმალური აქტიურობა გვმართებს იმისთვის, რომ დამაჯერებლად გავიმარჯვოთ მეორე ტურებში ყველა იმ ოლქში, სადაც გაიმართება არჩევნები. მე მჯერა და დარწმუნებული ვარ იმაში, რომ “ქართული ოცნების” ყველა კანდიდატი გაიმარჯვებს მეორე ტურში”, – განაცხადა კახა კალაძემ.

21 ნოემბერს საქართველოს პარლამენტის არჩევნების მეორე ტური გაიმართება. არჩევნების მეორე ტური 17 მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში ჩატარდება. ქუთაისში ასევე გაიმართება მერის რიგგარეშე არჩევნების მეორე ტური.

ოპოზიცია საპარლამენტო არჩევნების პირველი ტურის შედეგებს გაყალბებულად მიიჩნევს, პარლამენტში შესვლაზე და მეორე ტურებში მონაწილეობაზე უარს ამბობს. თუმცა, საარჩევნო კანონმდებლობის შესაბამისად, ბიულეტენებში 31 ოქტომბრის არჩევნებში შესაბამის მაჟორიტარულ ოლქებში საუკეთესო შედეგის მქონე ორი კანდიდატის გვარი იქნება ჩაწერილი.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი