ახალი ამბები

“სრულ კოორდინაციაში ვართ შსს-სთან, ვმოქმედებთ მათი მითითებებით”- მიკროსაფინანსო, რომლის ფილიალშიც მძევლები აიყვანეს

20 ნოემბერი, 2020 • 752
“სრულ კოორდინაციაში ვართ შსს-სთან, ვმოქმედებთ მათი მითითებებით”- მიკროსაფინანსო, რომლის ფილიალშიც მძევლები აიყვანეს

მიკროსაფინანსო ორგანიზაცია MBC-ის წერეთლის გამზირის ფილიალში მძევლები აიყვანეს. ადგილზე ათობით პოლიციელია მობილიზებული. მიკროსაფინანსო ორგანიზაცია მდებარეობს წერეთლის მეტროსა და აქ მდებარე პოლიციის განყოფილებასთან ახლოს. ნეტგაზეთს თვითმხილველი უყვება, რომ ერთმა პირმა მძევლები აიყვანა. მან ჯერ არ იცის, იგეგბემა თუ არა ევაკუაცია.

ნეტგაზეთს MBC-ში მხოლოდ ის უთხრეს, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროსთან თანამშრომლობენ და პოლიციის მითითების შესაბამისად მოქმედებენ.

“ამ მომენტში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით გვინდა გავაკეთოთ განცხადება: ჩვენ სრულ კოორდინაციაში ვართ შინაგან საქმეთა სამინისტროსთან, ვმოქმედებთ მათი მითითებების შესაბამისად. ჩვენი შესაძლებლობების ფარგლებში გავაკეთებთ ყველაფერს, რომ პროცესი მშვიდობიანად დასრულდეს, ჩვენი თანამშრომლების ჯამრთელობა ჩვენთვის უპირველესი ამოცანაა”,-აცხადებენ MBC-ში.

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, თბილისში,  წერეთლის გამზირზე, ერთ-ერთი მიკროსაფინანსო ორგანიზაციის ოფისზე თავდასხმის შესახებ შეტყობინება შევიდა.

უწყების განმარტებით, პირველადი ინფორმაციით, ოფისში შეიარაღებული პირი არის შეჭრილი, ხოლო მძევლად 9 მოქალაქეა აყვანილი.

“თავდასხმის შესახებ შეტყობინების მიღებისთანავე პოლიციის თანამშრომლებმა მყისიერი რეაგირების რეჟიმში შემოსაზღვრეს შემთხვევის ადგილის მიმდებარე ტერიტორია. ამჟამად ადგილზე მობილიზებული სამართალდამცველები ატარებენ ყველა საჭირო და გადაუდებელ ღონისძიებას, ასევე მიმდინარეობს საგამოძიებო და ოპერატიული ღონისძიებები” , — ვკითხულობთ განცხადებაში.

შინაგან საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს მედიის წარმომადგენლებს, დაიცვან უსაფრთხოების ნორმები, თავი შეიკავონ როგორც უშუალოდ შემთხვევის ადგილზე მიმდინარე მოვლენების ტირაჟირებისგან, ასევე, გადაუმოწმებელი ინფორმაციის გავრცელებისგან.

ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების და ყაჩაღობის ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე და 179-ე მუხლებით დაიწყო.

მასალების გადაბეჭდვის წესი