ახალი ამბები

“კონსტიტუციის ეგრე წაკითხვა იდიოტობაა!” — ჯაფარიძე კობახიძეზე

20 ნოემბერი, 2020 • 1248
“კონსტიტუციის ეგრე წაკითხვა იდიოტობაა!” — ჯაფარიძე კობახიძეზე

“გირჩის” ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე ირაკლი კობახიძის განცხადებას ეხმაურება, რომლის მიხედვითაც, საპარლამენტო უმრავლესობამ შეიძლება მხარი არ დაუჭიროს ოპოზიციონერი პარლამენტარების მიერ მანდატების დატოვების მოთხოვნას.

ჯაფარიძის თქმით, თუ მას არ უნდა, მისი  ნების საწინააღმდეგოდ კობახიძე პარლამენტარად ვერ გახდის და ასეთი რამ კონსტიტუციაში არ წერია.

“ეგ კაცი არის კონსტიტუციონალისტი, ხომ? გინდათ მითხრათ, რომ ირაკლი კობახიძემ და მისმა მეგობრებმა შეიძლება გადაწყვიტონ, ჩემი ნების საწინააღმდეგოდ მე ვიქნები თუ არა პარლამენტში? არ წერია კონსტიტუციაში ეგეთი რამ. შეუძლებელია, მე სახელმწიფომ თავზე მომახვიოს… წარმოიდგინეთ, სახელმწიფომ მითხრა, გინდა თუ არა შენ უნდა იყო მაღაროელიო, ხომ ვერ გავხდები მაღაროელი, თუ მე არ მინდა, რომ ვიყო მაღაროელი? პარლამენტის წევრობაც არის ეგეთივე საქმიანობა.

მე თუ არ მინდა, კობახიძე ვერ გამხდის მე პარლამენტარს ვერც ერთ შემთხვევაში. საქართველოს კონსტიტუციის ეგრე წაკითხვა მგონია, რომ იდიოტობაა. მაგის დაწერილია კონსტიტუცია და თუ მართლა ეგეთი რამ უწერია, კარგი რაღაცები ჩაუწერია კონსტიტუციაში. არ ვემორჩილები მე საქართველოს კონსტიტუციას, თუ ეგეთი რამ წერია შიგნით”, — განაცხადა ჯაფარიძემ.

რა თქვა კობახიძემ?

„ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივანი ირაკლი კობახიძე არ გამორიცხავს, რომ ახალმა საპარლამენტო უმრავლესობამ მხარი არ დაუჭიროს ოპოზიციონერი პარლამენტარების მიერ მანდატების დატოვების მოთხოვნას.

კობახიძის თანახმად, კონსტიტუციაში პროცედურები შემდეგნაირადაა გაწერილი: თავდაპირველად ხდება 150 დეპუტატის უფლებამოსილების ცნობა:

„ყველა შემთხვევაში, რა პოზიციაც არ უნდა ჰქონდეთ შესაბამის დეპუტატებს, 150-ვე დეპუტატი ითვლება დეპუტატად, მას შემდეგ, რაც პირველ სხდომაზე 76 დეპუტატი, — ანუ უმრავლესობა, — დაადასტურებს მათ უფლებამოსილებას“.

ამის შემდეგ, კობახიძის თქმით, თითოეულ მათგანს შეუძლია დაწეროს განცხადება პარლამენტიდან გასვლაზე, თუმცა:

„პარლამენტის [უმრავლესობის] გადასაწყვეტია, დაატოვებინებს თუ არა მათ პარლამენტს. პარლამენტს, ისევ 76 დეპუტატს, შეუძლია კენჭი არ უყაროს მათ გასვლას პარლამენტიდან”, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ 19 ნოემბერს „რუსთავი 2-ზე“, „ღამის კურიერში“.

უმრავლესობას შეუძლია, კენჭი არ უყაროს ოპოზიციის გასვლას პარლამენტიდან – კობახიძე

მასალების გადაბეჭდვის წესი