ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

პროტესტი გრძელდება: მინისტრები თანამდებობას ტოვებენ | ვითარება სომხეთში

20 ნოემბერი, 2020 • 1283
პროტესტი გრძელდება: მინისტრები თანამდებობას ტოვებენ | ვითარება სომხეთში

სომხეთში უკვე მეათე დღეა არაერთ ქალაქში საპროტესტო აქციები იმართება. დემონსტრანტები სომხეთის პრემიერ-მინისტრის, ნიკოლ ფაშინიანის გადადგომასა და რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნების ჩატარებას ითხოვენ. პარალელურად თანამდებობები დატოვეს საგარეო საქმეთა, თავდაცვის, განათლებისა და მეცნიერების და შრომისა და სოციალურ საკითხთა მინისტრებმა.

განათლების ყოფილ მინისტრს, არაიკ ჰარუთუნიანს მისივე მოადგილე ჟანა ანდრეასიანი შეცვლის, შრომისა და სოციალურ საკითხთა ახალი მინისტრი მესოპ არაქელიანი გახდა, ხოლო თავდაცვის სამინისტროს ვაღარშაკ ჰარუთუნიანი უხელმძღვანელებს. საგარეო საქმეთა მინისტრის პოსტს დაიკავებს არა აივაზიანი, რომელმაც ზოჰრაბ მნაცაკანიანი შეცვალა.

მინისტრების გადადგომის პარალელურად სომხეთში მიმდინარეობს საპორტესტო აქციები. ქვეყნის სიდიდით მეორე ქალაქ გიუმრიში დემონსტრანტებმა გზა გადაკეტეს და პრემიერ-მინისტრის გადადგომა მოითხოვეს. ინფორმაციას სომხური news.am ავრცელებს. დემონსტრაციები იმართება დედაქალაქ ერევანშიც, თუმცა, ფაშინიანის განცხადებით, იგი თანამდებობის დატოვებას არ გეგმავს.

ფოტო გარეკანზე: დემონსტანტები სომხეთის პარლამენტში. 10.11.2020.


სომხეთში საპროტესტო აქციები 10 ნოემბრის ღამეს დაიწყო, მას შემდეგ, რაც ნიკოლ ფაშინიანმა გაავრცელა განცხადება, რომ ხელი მოაწერა ომის დასრულების შეთანხმებას, რომლის ტექსტიც “დაუჯერებლად მტკივლეული” იყო. დემონსტრანტებმა დაიკავეს პარლამენტისა და მთავრობის შენობები, ასევე ფიზიკურად გაუსწორდნენ პარლამენტის წევრების ნაწილსაც. მოგვიანებით, მმართველი პარტიის 4-მა დეპუტატმა თანამდებობები დატოვა. მათი თქმით, ფაშინიანის განცხადება, რომლითაც იგი სომეხ ჯარისკაცებს მიმართავდა, სამოქალაქო ომის მოწოდებად აღიქმებოდა. მოგვიანებით თავად ფაშინიანმა განმარტა საკუთარი სიტყვები და თქვა, რომ სამოქალაქო დაპირისპირებისკენ არავის არ მოუწოდებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი