ახალი ამბები

ბურჯანაძე კობახიძეს: რას ბოდავ, შვილო?

20 ნოემბერი, 2020 • 1871
ბურჯანაძე კობახიძეს: რას ბოდავ, შვილო?

ნინო ბურჯანაძე ბოდვას უწოდებს ირაკლი კობახიძის განცხადებას, რომ საპარლამენტო უმრავლესობამ შეიძლება მხარი არ დაუჭიროს ოპოზიციონერი პარლამენტარების მიერ მანდატების დატოვების მოთხოვნას.

„ძალიან ცუდია, როდესაც ადამიანს დაუბნელებს გონებას ფული და ბოღმა. იმიტომ, რომ ეგეთი უტვინოც  არ არის კობახიძე, ასეთი სისულელეები ილააპრაკოს“, – თქვა „ერთიანი საქართველოს“ ლიდერმა ნინო ბურჯანაძემ 20 ნოემბერს ტვ პირველის ეთერში.

„რას გვეუბნება ახლა კობახიძე, დეპუტატი რომ დაწერს, აღარ მინდა პარლამენტის წევრი ვიყოო, პარლამენტი არ დაუდასტურებს ამას და ეტყვის, არა, გინდა თუ არა, მაინც ხარ წევრიო?“ – იკითხა ბურჯანაძემ.

„რას ბოდავ, შვილო, რას?.. მართლა რა უბედურებაა. ჩამოაშორეთ ეს კაცი ეკრანს, სანამ არ გადარევს ხალხს“, — ასე მიმართა ბურჯანაძემ ტელეეთერით კობახიძესა და „ქართულ ოცნებას“.

ბურჯანაძემ კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ კობახიძე „სისულელეს ამბობს“ და „არ არსებობს ეგეთი ნორმა მსოფლიოში… დეპუტატობა მიუსაჯო ადამიანს, რანაირად შეიძლება“?

რა თქვა კობახიძემ?

„ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივანი ირაკლი კობახიძე არ გამორიცხავს, რომ ახალმა საპარლამენტო უმრავლესობამ მხარი არ დაუჭიროს ოპოზიციონერი პარლამენტარების მიერ მანდატების დატოვების მოთხოვნას.

კობახიძის თანახმად, კონსტიტუციაში პროცედურები შემდეგნაირადაა გაწერილი: თავდაპირველად ხდება 150 დეპუტატის უფლებამოსილების ცნობა:

„ყველა შემთხვევაში, რა პოზიციაც არ უნდა ჰქონდეთ შესაბამის დეპუტატებს, 150-ვე დეპუტატი ითვლება დეპუტატად, მას შემდეგ, რაც პირველ სხდომაზე 76 დეპუტატი, — ანუ უმრავლესობა, — დაადასტურებს მათ უფლებამოსილებას“.

ამის შემდეგ, კობახიძის თქმით, თითოეულ მათგანს შეუძლია დაწეროს განცხადება პარლამენტიდან გასვლაზე, თუმცა:

„პარლამენტის [უმრავლესობის] გადასაწყვეტია, დაატოვებინებს, თუ არა მათ პარლამენტს. პარლამენტს, ისევ 76 დეპუტატს, შეუძლია კენჭი არ უყაროს მათ გასვლას პარლამენტიდან”, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ 19 ნოემბერს „რუსთავი 2-ზე“, „ღამის კურიერში“.

ნინი ბურჯანაძის შეფასებით, „ეს ბოდვები იმას ნიშნავს, რომ ძალიან წუხან ერთპარტიულ პარლამენტთან დაკავშირებით“.

უმრავლესობას შეუძლია, კენჭი არ უყაროს ოპოზიციის გასვლას პარლამენტიდან – კობახიძე

მასალების გადაბეჭდვის წესი