ახალი ამბები

“სასამართლომ ღარიბაშვილის გამოკითხვაზე უარი გვითხრა” – ივერი მელაშვილის ადვოკატი

20 ნოემბერი, 2020 • 688
“სასამართლომ ღარიბაშვილის გამოკითხვაზე უარი გვითხრა” – ივერი მელაშვილის ადვოკატი

ე.წ. კარტოგრაფების საქმეზე ბრალდებულ ივერი მელაშვილის ადვოკატი ედუარდ მარიკაშვილი აცხადებს, რომ სასამართლომ არ დააკმაყოფილა დაცვის მხარის შუამდგომლობა თავდაცვის მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის გამოკითხვის თაობაზე.

ამის მიზეზად კი, ადვოკატის თქმით, მოსამართლემ ის გარემოება დაასახელა, რომ არ დასტურდება, რეალურად გადაეცა თუ არა ღარიბაშვილს მის სახელზე გაგზავნილი წერილი:

“თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ზვიად შარაძემ უარი გვითხრა ირაკლი ღარიბაშვილის გამოკითხვაზე, არგუმენტით: მინისტრის სახელზე გაგზავნილი წერილი, რომელსაც თან ახლავს სამინისტროში ჩაბარების დადასტურება და სადაც ვითხოვდით მის გამოკითხვას, რეალურად გადაეცა თუ არა მინისტრს, არ დასტურდება და მისგან უარის ფაქტს გამოკითხვაზე ვერ ვადგენო.

ანუ კანცელარია მინისტრს ტყუილად ჰყავს. ეს არ არის ერთეული შემთხვევა. მთელი სახელმწიფო აპარატი დაცვის მხარის წინააღმდეგ მუშაობს. გვიგვიანებენ პასუხებს წერილებზე, არ გვიშვებენ მასალებთან სათანადოდ და ა.შ. ეს ყველაფერი აღირიცხება და საკუთარ გზას ნახავს აუცილებლად”, – ამბობს მარიკაშვილი.

მისი თქმით, დაცვის მხარე არ თვლის, რომ რაიმე ხარვეზს ჰქონია ადგილი, თუმცა მიიჩნევენ, რომ ირაკლი ღარიბაშვილი საქმეში მნიშვნელოვანი მოწმეა და მას გამოკითხვასთან დაკავშირებით კიდევ ერთ წერილს მისწერენ, რომელსაც ამჯერად ბინაზე გაუგზავნიან, რათა პირადად ღარიბაშვილს ჩაბარდეს აღნიშნული წერილი.

სახელმწიფო საზღვრის დელიმიტაციისა და დემარკაციის კომისიის ყოფილი წევრები, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მეზობელი ქვეყნების დეპარტამენტის სასაზღვრო ურთიერთობათა სამსახურის უფროსი ივერი მელაშვილი და საქართველოს შს სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის სახმელეთო საზღვრის დაცვის დეპარტამენტის მთავარი ინსპექტორი ნატალია ილიჩოვა აზერბაიჯანისთვის “საქართველოს ტერიტორიის ნაწილის გადაცემისკენ მიმართული ქმედების საქმეზე” დააკავეს.

პროკურატურის ცნობით, გამოძიების დაწყებას საფუძვლად დაედო თავდაცვის სამინისტროდან მიღებული წერილობითი ინფორმაცია, რომლის თანახმადაც საგარეო საქმეთა სამინისტროსთან არსებული სახელმწიფო საზღვრის დელიმიტაცია-დემარკაციის კომისიის ექსპერტების მიერ, სახელმწიფო საზღვრის შეთანხმებისას, მუდმივად ხდებოდა რელევანტური დოკუმენტაციის იგნორირება და მათთვის გვერდის ავლით საქართველოსთვის საზიანო გადაწყვეტილებების მიღება.

პროკურატურის განცხადებით, საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის 2007 წლის ჩათვლით პერიოდში შეთანხმებული საზღვრის რიგი მონაკვეთები არ შეესაბამება 1937-1938 წლებში გამოცემულ 1:200 000 მასშტაბის ტოპოგრაფიულ რუკებზე დატანილ საქართველოს საზღვრის ხაზს, სხვაობა საქართველოს საზიანოდ შეადგენს 3500-მდე ჰა ფართობს და შესაბამისად, საქართველოს ისტორიულად კუთვნილი ტერიტორიების დაკარგვის საფრთხე შეიქმნა.

კარტოგრაფების საქმეს არასამთავრობო ორგანიზაციები პოლიტიკურად მოტივირებულად მიიჩნევენ და საუბრობენ პოპულისტურ განცხადებებსა და უდანაშაულობის პრეზუმფციის დარღვევაზე მმართველი გუნდისა და სახელმწიფოს მხრიდან. მათი განცხადებით, ეს გარემოებები, რასაც წინასაარჩევნო კონტექსტიც ემატება, ბადებს ეჭვს, რომ საქმე პოლიტიკური ოპონენტების დისკრედიტაციას ემსახურება.

ბრალდებას არცერთი კარტოგრაფი აღიარებს: ნატალია ილიჩოვა ამბობს, რომ 1:200 000 მასტაბის რუკა, რომლის გამოუყენებლობასაც გამოძიება კომისიის წევრებს ედავება, მხარეებს საზღვრის დადგენის შესახებ 1938 წლის შეთანხმების ნაცვლად 1929 წლის შეთანხმებასთან აბრუნებს, რაც საქართველოს ინტერესებში არ შედის. ივერი მელაშვილი კი აღნიშნავს, რომ ბრალდების მხარე დილეტანტურ მიდგომებს ემყარება და მათ არაფერი აქვს საერთო რეალობასთან.

მასალების გადაბეჭდვის წესი